ქვეყნის უმაღლეს ორგანოს - პარლამენტს, დაბადებიდანვე ერთი ჭირი შეუჩნდა - დეპუტატების ნაწილს შორის მუდმივი ფიზიკური დაპირისპირება და მუშტის დახმარებით ანგარიშის სწორება. ამ კუთხით არაერთი „სისხლიანი ფაქტი“ გაგვაჩნია და დღევანდელ წერილში ზოგიერთი, განსაკუთრებით „ხმაურიანი ამბავის“ გახსენებას შევეცდებით.
ნება მომეცით ქართული საპარლამენტო „მუშტი-კრივის ანთოლოგია“ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყო. დამოუკიდებელი ქართული პარლამენტის ერთ-ერთი „თვალსაჩინო პირველი ინციდენტი“ ნოდარ ნათაძესა და რომან გოცირიძეს „შეემთხვათ“. ალბათ გახსოვთ ე. წ. „კარვის ქალები“ და საქმენი მათ საგმირონი.
ბატონი თემურ მირიანაშვილი ამ ამბავს შემდეგნაირად იხსენებდა.
„ერთხელ გულდაწყვეტილმა რომან გოცირიძემ შემომჩივლა, სირბილში მარცხი ვიწვნიე, ნოდარ ნათაძემ თავი მომჭრაო. გამიკვირდა, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და მოხუცმა სირბილში როგორ გაჯობა-მეთქი. იმ დროს პარლამენტის შენობა ქალებს ჰქონდათ ბლოკირებული, აქციებს მართავდნენ, შიგნით არავის უშვებდნენ. არადა, რომანს და ნოდარს იქ უნდოდათ თურმე შესვლა. მერე როგორღაც, შეძვრნენ და კუთხის შესასვლელიდან შეიპარნენ. მათი შესვლა ქალებს შეუმჩნეველი არ დარჩათ. ჯერ ბუზღუნი დაიწყეს და მერე უფრო გაავდნენ. ამ დროს რომანი წინ გარბოდა, ნოდარი კი უკან მისდევდა. აქციის მონაწილეები გაკაპასდნენ და იყვირეს - მოდით, ამათ ვაჩვენოთ ახლა სეირი და ნოდარ ნათაძეს შარვალი ჩავხადოთო. ეს რომ გაიგო ნოდარმა, თურმე, ისეთი მტვრის ბუღი დაუყენებია შენობაში, ხალხს თვალებზე ბინდი გადაეკრა. ნათაძემ გოცირიძე ხომ ჩამოიტოვა უკან და შემფასებლები რომ ყოფილიყვნენ, ნოდარი ჩქაროსნულ სირბილში რეკორდს მოხსნიდა ნამდვილად“.
ბატონი ნოდარი შარვლის ჩახდას გადაურჩა, თუმცა ფილმი „რეკორდის“ მთავარი გმირისა არ იყოს, მისი სპორტული მიღწევაც დაუფიქსირებელი აღმოჩნდა.
შემდეგი „გმირი“ ყოფილი დისიდენტი ირაკლი წერეთელი აღმოჩნდა.1993 წლის 2 ივნისის სხდომაზე ირაკლი წერეთელმა პარლამენტს აცნობა, რომ დილით დაუდგენელი პირი თავს დაესხა. მაგრამ, როგორც ჩანს, თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული, რადგან წერეთლის თქმით იმ ნაძირალას საკადრისი მიუძღო და მოძალადის თავდასხმა საკუთარი ძალებით მოიგერია. ვინ იყო ეს ადამიანი და რა ვერ გაიყო წერეთელთან ეს დღემდე არავინ იცის.
გამოხდა ხანი. პარლამენტში ახალი „კადრები“ გამოჩნდნენ, მათ შორის განთქმული „ჩხუბისთავებიც“. ამ კატეგორიის ლიდერის „ყვითელი მაისური“ უპირობოდ ვახტანგ რჩეულიშვილს ეკუთვნოდა.
ბატონი ვახტანგის პირველი „მსხვერპლი“ პოლიტიკოსი-მორბენალი, შარვლის ჩახდას გადარჩენილი ნოდარ ნათაძე აღმოჩნდა. 1992-95 წლების პარლამენტში ყოფნისას, შევარდნაძის გვერდით გამოჯგიმულმა რჩეულიშვილმა „ბორჯომი“ მშვიდად ჩაისხა ჭიქაში და ნოდარ ნათაძეს სახეში „ვაჟკაცურად“ შეასხა.
რჩეულიშვილის მორიგი დაპირისპირებები უფრო „მძაფრი“ გამოდგა.
ყველაზე სკანდალური რჩეულიშვილი-მაჭავარიანის ჩხუბი აღმოჩნდა. „ვინ არის, ბიჭო, შენი პიდარასტი, მე ვარ, ბიჭო, ცისფერი?“ - გაჰკიოდა მიშა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მაჭავარიანმა საფერფლე ესროლა რჩეულიშვილს და თავი გაუტეხა.
ერთი პერიოდი ვახტანგ რჩეულიშვილი პარლამენტში ყელშეხვეული დადიოდა და ამბობდა, უწყლო აუზში ჩავხტიო... თუმცა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სცემეს. სხვათა შორის, როცა პარლამენტს სოცლიდერის გალახვის ფაქტი მოედო, თითქმის ყველა ერთხმად აცხადებდა, ახია რჩეულიშვილზე, დიდი ხნის წინათ უნდა ეცემათო...
ნოდარ გრიგალაშვილი ბორჯომის მაჟორიტარი იყო. სამცხე-ჯავახეთში ვახტანგ რჩეულიშვილის სიმამრმა რამდენიმე ჰესი ოფიციალურად შეისყიდა. გრიგალაშვილსა და რჩეულიშვილის სიმამრს შორის ინტერესთა კონფლიქტი სწორედ აქ გაჩნდა. ამით გაღიზიანებულმა გრიგალაშვილმა ერთხელ, სხვა ნაციონალებთან ერთად განაცხადა, რჩეულიშვილი თბილისიდან უნდა გავასახლოთ, ეგ და მისი სიმამრი კონტრაბანდისტები არიანო. ეს იყო და ეს. მეორე დღეს პარლამენტში მისულ გრიგალაშვილს რჩეულიშვილისგან თავში მუშტი მოხვდა. მაშინ პირველი სოციალისტი გამწარებული გაიძახოდა, მე „კარენნოი“ თბილისელი ვარ, ამ მათხოვარმა ეს რა მაკადრაო. ასე შერჩა გრიგალაშვილს თავში თხლეშა.
გრიგალაშვილმა, თავის მხრივ, გია ბარამიძეს საქვეყნოდ უთხრა, შენ კი ხარ კაი ბიჭი, მაგრამ ჟვანია და მისთანები არაპოპულარულ განცხადებებს შენ გაკეთებინებენ და ვისაც როგორ უნდა, ისე გიყენებსო. ამის გამო გრიგალაშვილმა ბარამიძეს „ლეღვის ფოთოლი“ შეარქვა. შეარქვა და მოხვდა კიდეც.
საერთოდ, პარლამენტში მოჩხუბრები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ცემა-ტყეპის მოყვარულნი და ინტელიგენტურად დედის მაგინებლები. ვახტანგ რჩეულიშვილი და ახალგაზრდა პეტრე ცისკარიშვილი ჩხუბში პირველობას არავის უთმობდნენ.
ის თუ გახსოვთ, დავით კერესელიძემ პეტრე ცისკარიშვილს ლოყაზე რომ „მოუთათუნა“. მაშინ კერესელიძემ სააკაშვილს პატარა შევარდნაძე უწოდა. ბოსის შეურაცხყოფით შეურაცხყოფილმა ცისკარიშვილმა კერესელიძეს ხურდა დაუბრუნა. ვალში არც კერესელიძე დარჩა და ცისკარიშვილს საყელოში სწვდა, მიკროფონს მოსწყვიტა და გარეთ გაათრია. მერე ცისკარიშვილს მოწინააღმდეგეთა მთელი ფრაქცია შეესია და, ჯამში, დაჭრილ-დაკაწრული აღმოჩნდა. ორ დღეში ცისკარიშვილი კერესელიძეს ღიმილით მიუახლოვდა და კაი გემრიელი ალიყური აჭამა, იმანაც ცისკარიშვილს ლოყაზე ჩამოფხაჭნა.
ამ დღიდან არ გასულა დიდი ხანი და ცისკარიშვილი ისევ გაეხვია დავიდარაბაში. მთელმა საქართველომ ტელევიზიით იხილა - როგორ გაათრია ფოიეში კერესელიძემ მიკროფონთან მდგარი ცისკარიშვილი, ამ გაწევ-გამოწევაში კი ცისკარიშვილს ვიღაცამ სახე დანით დაუსერა. ცისკარიშვილმა თქვა, რომ ეს დავით საგანელიძემ ჩაიდინა. რამდენიმე დღეში ცისკარიშვილმა საგანელიძეს კასტეტი ჩაარტყა. მაშინ ის პროკურატურამ ლამის დაიჭირა, მაგრამ სამართალდამცავებს წინ დეპუტატის იმუნიტეტი გადაეღობათ.
შევეშვათ ცისკარიშვილი-რჩეულიშვილის „დუეტს“ და იმ დეპუტატების „საქმენი“ გავიხსენოთ, რომლებიც ჩხუბისთავთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდნენ.
თურმე ედვარდ სურმანიძესაც შეძლებია კონტროლის დაკარგვა. მისი დამრტყმელი ძალა ძირითადად ფეხები ყოფილა. პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე სურმანიძემ კაკუბავას რუსეთის აგენტი უძახა, ამაზე კაკუბავამ სურმანიძეს გვარიანად შეუკურთხა და საპასუხოდ გვარიანი წიხლიც მოხვდა. მერე კაკუბავა იძახდა, სურმანიძეს ის ფეხი უნდა მოვაჭრა, რომლითაც ჩამარტყაო.
ყველაზე „სასაცილო“ ვიტალი ხაზარაძის და გიორგი გულიაშვილის ჩხუბი ყოფილა. გულიაშვილმა თავის დროზე პარლამენტში ასლან აბაშიძე ჩაანაცვლა, ის ადრე პრეზიდენტის დაცვაში მუშაობდა და ფიზიკურადაც კარგი ნავარჯიშები გახლდათ. ხაზარაძემ კი გაიწია გულიაშვილისკენ, მაგრამ მას სწორედ გულიაშვილის ფიზიკური მონაცემების შეეშინდა და მისი პათოსიც ისეთი იყო: „დამიჭირეთ, არ მიმიშვათო“.
ჯემალ გოგიტიძესა და თამაზ ნადარეიშვილს შორის თითქმის მთელი პარლამენტი ჩადგა და ყველაფერი დედის გინებით დასრულდა. გოგიტიძემ ნადარეიშვილს რუსეთის აგენტი ეძახა: „შენ არ გინდა აფხაზეთში დაბრუნება, იმიტომ, რომ აქ შენი ფრაქციით მშვენივრად გრძნობ თავს“. „ვის არ უნდა დაბრუნება, შე ნაძირალა, ეს ასლანი აფინანსებს აფხაზებს და აგენტი შენ თვითონ ხარ“. დაახლოებით ასეთი გადაძახილი გაიმართა მათ შორის, მერე კი ერთმანეთზე გაიწიეს.
გაგიკვირდებათ და მოჩხუბართა კატეგორიაში სანდრო ბრეგაძეც მოხვდა. ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ ბრეგაძეს „უწყინარ“ კობა დავითაშვილთან შეკამათება მოუვიდა. როდესაც საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა, დეპუტატი სანდრო კოლეგა კობას კატასავით ზურგზე შეახტა და რამდენჯერმე თავში ხელი ჩაარტყა...