საქართველომ როგორც იქნა აირჩია მეხუთე პრეზიდენტი. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს მეხუთე, ქალი პრეზიდენტი ჰყავს. თუმცა, პრეზიდენტობამდე სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება ითქვას, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გამოიარა.
მოდით, თანმიმდევრულად გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოვლენები.
28 ნოემბერს საქართველოში ნოემბრისთვის უჩვეულოდ თბილი დილა გათენდა. ქუჩებში ერთი შეხედვით ვერავინ იტყოდა, რომ ქართველები მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩვანს აკეთებდნენ.
შუადღის სამი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, მაღალი იყო და უკვე ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ მმართველმა გუნდმა მოახერხა ძალების მობილიზება და არჩევნებს იგებდა.
ეგზიტპოლის შედეგებს მმართველი გუნდიც და გაერთიანებული ოპოზიციაც მოუთმენლად ელოდა. საღამოს რვა საათზე ერთი შეხედვით უჩვეულო დეტალმა ბევრისთვის ნათელი გახადა, როგორი პრეზიდენტობა ელოდება ზურაბიშვილს.
ეგზიტპოლების შედეგებმა ცხადი გახადა, რომ ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
“რუსთავი 2”-ს დაკვეთით “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილს 55%-მა დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს - 45%-მა. “იმედის” დაკვეთით “გელაპის” ეგზიტპოლით ზურაბიშვილმა მიიღო - 58%, ვაშაძემ - 42%.
ზეიმი მმართველმა პარტიამ დაიწყო. მმართველი პარტიის თითქმის ყველა ლიდერმაც გააკეთა განცხადება, თავად დამოუკიდებელი კანდიდატი და მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რატომღაც მხოლოდ 1 საათის შემდეგ გამოჩნდა ჟურნალისტებთან რესპუბლიკის მოედანზე საკუთარ საარჩევნო შტაბში, სადაც “ოცნების” ლიდერების გარეშე გამოვიდა და განაცხადა, რომ “დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი”, შემდეგ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, ოჯახს, მმართველ პარტიას და ჟურნალისტებსაც კი და პირობა დადო, რომ მართალია საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებს ხშირად არ პასუხობდა, მაგრამ პრეზიდენტობის დროს ის მეგობრული იქნება.
ზურაბიშვილისგან განსხვავებით, დიდი იმედგაცრუება ეწერა სახეზე გაერთანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს. თუმცა მან განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს და დაიცავს ყველა მოქალაქის ხმას.
ამ მოვლენებიდან ძალიან მალე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველ ხალხს მოუწოდა, არ ეღიარებინა არჩევნების შედეგები.
"ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე, მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეირაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები“, - განაცხადა სააკაშვილმა.
არჩევნების მეორე ტურის შეფასებებმა არ დააყოვნა. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, არჩევნები „ოცნებამ“ კი არ მოიგო, ხალხმა ისევ „ნაციონალების“ წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის გამო, შეშფოთებას გამოხატა.
პრეზიდენტის შეფასებით, ასეთი არჩევნები, ამ სტანდარტით, მეტი აღარ უნდა ჩატარდეს საქართველოში.
პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგზე მოკლე განცხადებით შემოიფარგლა და არც ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
გიორგი მარგველაშვილმა ზურაბიშვილს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და წარმატება უსურვა.
მოქმედმა პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ გადაბარების საკითხში ითანამშრომლოს იმ პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სპეციალურად სამ საკითხზე სამუშაოდ დაასახელებს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მეორე ტურის კამპანია ნეგატიურად შეაფასა და მხარეებს რიტორიკა დაუწუნა.
ცნობისათვის, NDI-ის დელეგაცია თბილისში 26 ნოემბერს ჩამოვიდა.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს პოლიტიკურ ლიდერებთან, კანდიდატებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი NDI არჩევნების სანდოობიისა და ლეგიტიმაციის საკითხზე არჩევანს საქართველოს მოსახლეობას უტოვებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა, - ამის შესახებ განცხადება "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის ამ განცხადებას ფილარმონიაში შეკრებილი მხარდამჭერების ოვაციები მოჰყვა.
ვაშაძის თქმით, არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.
ცნობისათვის, საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. კონსტიტუციის მიხედვით, ახალი პრეზიდენტი ფიცს არჩევნების მესამე კვირა დღეს დებს. არჩევის დღედ კი სწორედ კენჭისყრის დღე ითვლება.
თუმცა ინაუგურაციამდე ალბათ კიდევ ბევრი ბრძოლის მოგება მოუწევს ხალხის მიერ ბოლოჯერ არჩეულ პრეზიდენტს.