ძალიან მალე, შესაძლოა, მოსახლეობას წლის გადასახადი გაუნახევრდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, განსხვავება კომერციულმა ობიექტებმა დაფარონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი გადასახადი გაორმაგდება. ამის მერე კი, კომპანიების ძალიან დიდ ნაწილს თავისი პროდუქციის ფასების, დაახლოებით, 25-30%-ით გაზრდა მოუწევთ.
ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანის შემდეგ, რიგითი პენსიონერი, რომელიც თვეში წყლის გადასახადს 1 ლარს და 20 თეთრს იხდის, გადაიხდის 60 თეთრს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. ბოლოსდაბოლოს, ხელისუფლებას სათქმელად მაინც ექნება, რომ საქართველოში წყლით სარგებლობა ძვირი არ არის და მოსახლეობა თვეში 60 თეთრს იხდის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამის მერე ერთი პური, რომელიც დღეს უკვე საშუალოდ 80 თეთრი ღირს, 1 ლარი და 10 თეთრი გახდება. გამოდის, რომ ერთ პენსიონერს, მხოლოდ პურის საყიდლად თვეში 9-10 ლარით მეტის გადახდა მოუწევს. სამაგიეროდ, 60 თეთრს დაზოგავს.
ასეთია ექსპერტების პროგნოზი მთავრობის იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც წყალზე სხვადასხვა ტარიფის დადგენის შესაძლებლობას იძლევა.
მთავრობის ინიციატივით ცვლილება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში“ შედის და ამით სემეკ-ს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის წყლის განსხვავებული ტარიფის დადგენის შესაძლებლობა ეძლევა.
კანონპროექტის თანახმად, წყალმომარაგების სექტორში დროებით დასაშვები ხდება არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელთა ხარჯზე საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელთა ნაწილობრივი სუბსიდირება. ასეთი სუბსიდირება კი, დღეს მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ლაშა გოცირიძის განმარტებით, სემეკ-ი სატარიფო განაცხადით მოთხოვნილ და დასაბუთებულ წყალმომარაგების და წყალარინების მომსახურების ღირებულებას მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიაზე, სასმელი წყლის ყოველი ცალკეული მომწოდებლის მიხედვით დაადგენს.
მისივე თქმით, გათვალისწინებული იქნება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, გამრიცხველიანების პროცესის მიმდინარეობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ა.შ. მთავრობა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის წყლის ტარიფის გაზრდას ხელს შეუშლიან.
რაც მთავარია, იგი გამორიცხავს იმას, რომ ამ გადაწყვეტილებით პროდუქციის წარმოება გაძვირდეს.
„განა რა წილი უკავია წყალს წარმოებაში, რომ ამან პროდუქცია გააძვიროს?“ - განაცხადა „ბიზნეს-პრესასთან“ საუბრისას ლაშა გოცირიძემ.
თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ამ შემთხვევაში ხელისუფლება თავს იმშვიდებს.
ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რომელ საწაროში წყალს რა წილი უკავია, მაგრამ იგივე პურის ქარხნებში რომ ეს წილი ცოტა არ არის, ყველა ვხვდებით. ასევე სასმელების საწარმოებში თუ იმ საწარმოებში, რომლებიც კვების პროდუქციას აწარმოებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ საწარმოებს წყლის გადასახადი გაუორმაგდებათ, მათი პროდუქციაც თუ არ გაორმაგდება, ფასები მესამედით მაინც გაიზრდება,“ - ვარაუდობს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე.
სწორედ ამიტომ იგი ამ ინიციატივის წინააღმდეგია, ვინაიდან მიაჩნია, რომ ქვეყანაში უკუპროცესებს გამოიწვევს და თუნდაც დაუცველი მოსახლეობისთვის წყლის ტარიფის განახევრება არცერთ შემთხვევაში ეფექტური არ იქნება და მათ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
გარდა ამისა, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსაც და თვლის, რომ „არანაირად არ ნიშნავს მეწარმეობის ხელშეწყობას“.
„ამ გადაწყვეტილებით მოხდება შემდეგი რამ: მოქალაქეებს ექნებათ შეღავათიანი ტარიფი, მაგრამ მთელი ეს სიმძიმე გადავა მეწარმე სუბიექტებზე და არა მხოლოდ მათზე, არამედ ჯანდაცვისა და განათლების ობიექტებზეც. ეს კი ერთის მხრივ იმიტომ არის ცუდი, რომ არათანაბარ პირობებში აქცევს მეწარმეებს და ამით მეწარმეობას კლავს და მეორე მხრივ, აძვირებს პროდუქციასაც და მომსახურეობასაც. თანაც ისე, რომ ეს უნდა მოხდეს სემეკის შეხედულებით და კიდევ არავინ იცის, ისინი გადაწყვეტლებას როგორ მიიღებენ,“ - აცხადებს გურამ ჩახვაძე.
მისი თქმით, გამოსავალი იქნება ის, რომ ფასების დიფერენცია მოხდეს კანონის თანახმად და საგადსახადო კოდექსის გათვალისწინებით, რათა მცირე ბიზნესს არსებობის პრობლემა არ შეექმნას. თანაც, ეს არ უნდა იყოს ისე, რომ ერთისთვის ფასის შემცირება არ მოხდეს მეორეს ხარჯზე.