"რუსეთის ჯაშუში", რომელმაც ბორჯომის ხეობის გადაწვა "აღიარა", დღეს ციხისძირში ნიჟარებისგან დამზადებული ნივთებით ვაჭრობს

[pirweli]

"რუსეთის ჯაშუში", რომელმაც ბორჯომის ხეობის გადაწვა "აღიარა", დღეს აჭარაში, სოფელ ციხისძირში ზღვის ნიჟარებისგან დამზადებული ნივთებით ვაჭრობს. ამის შესახებ რადიო "ამერიკის ხმა" იუწყება. 

"აჭარის სოფელ ციხისძირს, სადაც ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქის - პეტრას ნანგრევებია შემორჩენილი, ყოველდღე უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს, თუმცა ტურისტებს, რომლებიც იქვე მდებარე ზღვის ნიჟარებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების ღია ბაზრობასთან ჩერდებიან, წარმოდგენა არ აქვთ, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ერთ-ერთი გამყიდველი “რუსეთის ჯაშუშია".

ეს ადამიანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი გაბრიელ უსტალიშვილია, რომელიც გახმაურებული სპეცოპერაცია "ენვერის" ფარგლებში შარშან დააპატიმრეს" - იუწყება რადიო "ამერიკის ხმა".

როგორც ცნობილია, უსტალიშვილმა მაშინ "საჯაროდ აღიარა", რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს მტერს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა, რომლის საფუძველზეც რუსებმა ბორჯომის ხეობა გადაწვეს. "მთხოვეს, გამეგო, სად შეიძლებოდა, დაემალათ ჩემი ესკადრილიის ვერტმფრენები. სიტუაციის ანალიზის შემდეგ შევატყობინე, რომ ვერტმფრენები შეიძლებოდა, ბორჯომის ხეობაში დაემალათ.

საინფორმაციო გამოშვების ყურებისას დავინახე, რომ ბორჯომის ხეობის ტყეები იწვის. მივხდი, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი ინფორმაცია მათ საკუთარ უფროსებს გადასცეს" - განაცხადა "რუსეთის ჯაშუშმა". 

"სამშობლოს მოღალატე" უსტალიშვილი პროკურატურამ რატომღაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა. დღეს იგი ზღვის ნიჟარებით ვაჭრობს და მომხდარზე საუბარი აღარ სურს. 

"არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, არ ვიძლევი ინტერვიუს, არაფერი ვიცი". - აცხადებს "ნაჯაშუშარი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა “ენვერის” გახმაურებული საქმის გახსნილად გამოცხადება გასული წლის ოქტომბერში რუსი მზვერავის დღეს დაამთხვია. ოპერაციის ფარგლებში სულ 15 ადამიანი დააპატიმრეს, რომელთაგან ექვსი საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი იყო.

ტარიელ აბაშიძეს - პრეზიდენტ სააკაშვილის პირად მფრინავს, რომელმაც ბრალი არ აღიარა, თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის "ჯაშუში" ტარიელ აბაშიძე პრეზიდენტ სააკაშვილს მედლით პირადად ჰყავს დაჯილდოებული.

ტარიელის მეუღლე ციცინო აბაშიძე ამბობს, რომ მომხდარით დღემდე გაოგნებულია: "წელიც არ იყო გასული და "ჯაშუში არისო". როგორ შეიძლება ასე?! ასწავლო, დიპლომებით და მედლებით დააჯილდოვო, ქვეყნის პირველი პირი ანდო და შემდეგ ეს იარლიყი მიაწებო?! ეს რაღაცაში სჭირდებოდათ და ეს ბიჭები შესწირეს".

ტარიელის მამის ისმაილ აბაშიძის განცხადებით კი, გაბრიელ უსტალიშვილი მას პირადად მოუყვა, როგორ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისგან აღიარებითი ჩვენება.

"მაიძულესო - თქვა, მათქმევინესო, მალაპარაკესო... მე მაგ ბიჭს ვერ დავადანაშაულებ, სხვა მფრინავების წინააღმდეგ არავითარი ჩვენება არ მიუცია და გლახა არაფერი უთქვამს" - აცხადებს რადიო "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აბაშიძე.

საპროცესო შეთანხმება ჯაშუშობის აღიარების სანაცვლოდ გაბრიელ უსტალიშვილის გარდა, ბათუმელ ბიზნესმენ პეტრე დევრიშაძესაც გაუფორმეს. 

ჯერ კიდევ შარშან აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ბაკურაძემ განაცხადა, რომ დევრიშაძე ქართული სპეცსამსახურების აგენტია, რომელიც ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, 1999 წელს პირადად ბაკურაძემ გადაიბირა და ფსევდონიმად "რუსი" მიანიჭა (წყარო - http://www.mk.ru/politics/article/2010/11/14/544047-psevdonim-russkiy.html). ბაკურაძემ ჯერ კიდევ შარშან ივარაუდა, რომ დევრიშაძესთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა.

დანარჩენმა დაკავებულებმა ჯაშუშობა არ დაიბრალეს და ხანგრძლივი ვადით ციხეში წავიდნენ.

როგორც ოფიციალურად გამოცხადდა, ყველა დაკავებულს მეხსიერების ბარათები აღმოაჩნდა, რომლებზეც "ГРУ-ს გამოცდილი აგენტები" რატომღაც რუსეთისთვის გადასაცემ საიდუმლო ინფორმაციას ინახავდნენ.

მფრინავ გელა კაკაბაძის ოჯახში ასეთი ბარათი კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა სალოცავ კუთხეში, ხატებთან იპოვეს. კაკაბაძეს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ბრალი არც მან აღიარა.

გელას და ნატო კაკაბაძე იხსენებს: "სანამ საძინებელში შევიდოდნენ, აქ ნახეს "იუესბი" და რა არისო? - მკითხეს. ვუთხარი, რაც იყო და დადეს იქვე. მერე შეამოწმეს ჩემი ძმის ოთახი, ბოლომდე გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი ნახეს. მერე მთელი სახლი გაჩხრიკეს, ვერაფერი იპოვეს და გავიდნენ გარეთ, დაურეკეს კიდეც ვიღაცას, "კაკაბაძე სუფთა არისო". იქედან ეტყობა, რაღაც ბრძანება მიიღეს და ისევ შემობრუნდნენ, "თავიდან შევამოწმებთო" და როგორც კი შემოვიდნენ, იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ "იუესბი" იდო, ე.წ. ფლეშკა - მეხსიერების ბარათი "იპოვეს" - ყვება ნატო კაკაბაძე.

"რასთან გვაქვს საქმე - ჯაშუშომანიასთან, რეპრესიებთან, შიზოფრენიასთან, საზოგადოების დაშინებასთან, თუ ყველაფერთან ერთად? როგორც ყველა ჯაშუშურ საქმეს საქართველოში, ოპერაცია "ენვერსაც" თავიდან ბოლომდე გრიფი "საიდუმლო" ადევს. 

სასამართლო განხილვებმა მთლიანად დახურულ ვითარებაში ჩაიარა. ადვოკატებს საქმეზე საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვთ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ ასეთი "თეთრი ძაფებით ნაკერი" საქმე არასოდეს უნახავთ". 

აღსანიშნავია, რომ "ენვერის" საქმეზე განაჩენი ამა წლის 6 ივლისს გამოცხადდა და იმავე დღეს ეს ფაქტი არანაკლებ სკანდალური - "ჯაშუში" ფოტოგრაფების საქმით გადაიფარა" - აღნიშნავს, თავის მხრივ, ჟურნალისტი და აქვე დასძენს, რომ "ჯაშუშომანიისა და უსასტიკესი რეპრესიების უმძიმესი შედეგები ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე იწვნია - გასული საუკუნის 1930-იან წლებში".

"ენვერის" საქმეზე ჯაშუშობისთვის გასამართლებულნი არიან ბიზნესმენი რუსლან გალოგრე (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 14 წელი), პენსიონერი იური სკრილნიკოვი (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 14 წელი), მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 13,5 წელი), მფრინავი გელა კაკაბაძე (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 11 წელი), მფრინავი ტარიელ აბაშიძე (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 11 წელი), მფრინავი გოჩა დიასამიძე (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 11 წელი), მფრინავი დავით მესხიძე (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 11 წელი), მეზღვაური ედუარდ აბდულაევი (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 11 წელი), არმენ გევორქიანი (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 11 წელი), რუბენ ჩიკოიანი (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 11 წელი), ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე (ბრალი არ აღიარა, მიესაჯა 9 წელი), ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე (ბრალი აღიარა, მიესაჯა პირობითი მსჯავრი), მფრინავი გაბრიელ უსტალიშვილი (ბრალი აღიარა და გათავისუფლდა), მფრინავი მიხეილ კვაჭანტირაძე (ითანამშრომლა შსს-თან).