გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის

გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის "თამარ მეფე" ხვალ საქართველოს პრეზიდენტი?!

გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის "თამარ მეფე" ხვალ საქართველოს პრეზიდენტი?!

2018 წლის არჩევნები ისტორიაში ყველაზე ხმაურიან და შავი პიარით გაჯერებულ არჩევნებად შევა. თუმცა ეს არჩევნები გამორჩეული იმითაც იქნება, რომ მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება" "დამოუკიდებელი კანდიდატის" გაყვანისთვის სამკვრდო-სასიცოცხლოდ იბრძვის. 28 ნოემბერი ასევე შეიძლება იყოს თარიღი, როდესაც საქართველოს მოსახლეობა პირველად, ქალ პრეზიდენტს აირჩევს.

ეს გაირკვევა ხვალ, 28 ნოემბერს. მანამდე კი, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი - პატრიოტი ემიგრანტი თუ სამშობლოს მტერი და მოღალატე, რუსეთის აგენტი და ბიძინა ივანიშვილის ხელის პოლიტიკოსი, გამოცდილი დიპლომატი თუ უბრალოდ ოლიგარქის ახირება, რომლის გაპრეზიდენტებისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს?!

ქართულ (და არა მხოლოდ ქართულ) საზოგადოებას ხშირად გაახსენდება, წარუმატებელი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, როგორ ჩამოხსნეს ზურაბიშვილის ბანერები და მის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების ფოტოები დაკიდეს; როგორ გადამალეს იგი საარჩევნო ვიდეო-რგოლებიდანაც და როგორ აუკრძალეს მედიასთან კომენტარების გაკეთება. სააჩევნო დაპირებებს ვინღა ჩივის, კითხვებზე პასუხის გაცემისგანაც თავის შეკავება ურჩიეს. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს მაინც მოასწრო და თქვა კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზა - ხვალ პრეზიდენტი ვიქნები!!!!

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის თამარ მეფეა. ალბათ – თამარ მეფე მეორე. პირველი მეთორმეტე საუკუნეში გვყავდა და მას შემდეგ, მეორე თამარის სტატუსს ბევრი ქალი პოლიტიკოსი შეეჭიდა, მაგრამ ვერავინ შეწვდა. თავის დროზე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ნინო ბურჯანაძეს მოიხსენიებდა თანამედროვეობის თამარ მეფედ, მაგრამ უშედეგოდ. ხალხმა ეს სტატუსი ბურჯანაძეს არ მიანიჭა. ახლა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი თანამედროვეობის თამარ მეფედ შეგვირაცხოს, მაგრამ ჯერჯერობით, არც მას გამოსდის.

და ის ვინც ივანიშვილითვის თამარ მეფეა, “რქიანი ეშმაკია” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის.

"რქიანი ეშმაკი“ – ამ ფრაზით მოიხსენა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილი თავის ვიდეო მიმართვაში. ექს-პრეზიდენტი რადიკალური განცხადებებით გამოეხმაურა საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფილი დიპლომატის წარდგენას. მან ზურაბიშვილი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და "რქიან ეშმაკად” მონათლა.

სამღვდელოებისთვის კი ივანიშვილის თამარ მეფე და სააკაშვილის “რქიანი ეშმაკი”, არც მეტი არც ნაკლები – “კანაფის დედოფალი” და “დაფრანგული დედოფალია”.

სამღვდელოებაში სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები გაჩნდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატმა კანაფის კულტივაციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთა. პატრიარქის ქორ-ეპისკოპოსმა, ბოდბელმა მეუფე იაკობმა მას "კანაფის დედოფალი“ უწოდა. ჭყონდიდის ეპისკოპოსისთვის კი იგი ,"დაფრანგული დედოფალია“.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელიც ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას მხარს არ უჭერს, საჯარო გამოსვლებში და ქადაგებაში მას “დაფრანგული დედოფალი” უწოდა და განაცხადა, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანდა.

კიდევ ერთი ფრთიანი შეფასება თავდაცვის ყოფილ მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი “ლავროვის თანაშემწეა”.

ზურაბიშვილის კიდევ ერთი “ნათლია” ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა სალომე ზურაბიშვილის მიმართ რადიკალური შეფასებებით და მას ქვეყნის მოღალატეობაში ადანაშაულებს. ,,რუსეთის რეზიდენტი“ – ეს არის ნიკა გვარამიას შეფასება. სწორედ გვარამიამ წამოიწყო საპროტესტო ტალღა სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის წინააღმდეგ წითელი წიწაკის გამოწვევით.

ოპოზიციური სპექტრის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის და ქართული საზოგადოების ასევე დიდი ნაწილისთვის, გაპრეზიდენტებაში დარწმუნებული ზურაბიშვილი ქვეყნის მოღალატე და მტერია, რომელმაც საკუთარი სამშობლო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

ვიდრე სალომე ზურაბიშვილის შესახებ ახალი ფრთიანი შეფასებები გაჩნდება (დიდი ალბათობით, გაჩნდება და არაერთი), თავად სალომე ზურაბიშვილი ხსნის ყველა რეკორდს თავის “დაფრანგული ქართულით”.

არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში დარჩება საზოგადოებას ზურაბიშვილის მარგალიტები:

“პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს”;

,,არ ვარ კათოლიკე, მართლმადიანი ვარ“;

,,უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმაც ტვინი გაანძრიეთ და ჩაიხედეთ სად რა არის ნათქვამი“;

,,სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო“;

,,აგრესიის კანალიზაცია ხდება ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით“;

,,ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა… როგორ ვთქვათ, რომ მშვიდობა გვინდა?”;

,,მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად. იმიტომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი – ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა”;

“თავს ისე ვგრძნობ წყალში, როგორც თევზი, იმიტომ, რომ თევზი ვარ ჰოროსკოპით”;

“ეს ის კითხვებია, რასაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა სვავდნენ”;

“ავლაბრის რეზიდენციის აურა და ჰავა არ მიხდება, ორბელიანის სასახლე სჯობია ფსევდო რაიხსტაგს“ და ა.შ.

პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ საზოგადოების ყურადღება ამ დღეებში განსაკუთრებით დიდია. ასევე დიდ ინტერესს იწვევს მისი პირველი ქორწინება. სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი ნიკოლოზ კოკი გურჯესტანი იყო. აქამდე ის არსად გამოჩენილა, გუშინ კი მისი მიმართვა, შვილებმა თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანელებმა გაავრცელეს. წერილში ნათქვამი იყო, რომ ის მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

"მე და ჩემი შვილების დედა სალომე, თეიმურაზსა და ქეთევანს ვზრდიდით პატრიოტ ქართველებად. მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს ჩვენი ოჯახების წარმომავლობასა და ურთიერთობებში, უნდა ენახათ თეიმურაზის ქორწილი გერგეთის სამებაში გასულ აგვისტოს, რომელიც ერთად ვიზეიმეთ. ეს ჩვენი ოცნების ასრულება იყო. მე და სალომე ვამაყობთ, რომ ჩვენი შვილები ნამდვილი პატრიოტები არიან და მამაცურად უმკლავდებიან დაშინებასა და თავდასხმებს. მე ჩემს პრინციპებს ყოველთვის ვიცავდი. ამ არჩევნებში ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ“, - ასე გამოთქვამს მხარდაჭერას კოკი გორჯესტანელი ყოფილი მეუღლის მიმართ.

თავად ზურაბიშვილი მეუღლესთან დაშორებას, ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებს: "ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა, განსხვავებული მეგობრები გვყავდა. ის, რამაც ერთ დროს დაგვაახლოვა, ვხედავდი, რომ აღარ გვაერთიანებდა. ბავშვებიც ვერ შველოდა ჩვენს კავშირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში, ვენაში ჩავედი. ამ დროს ქმართან თითქმის გაყრილი ვიყავი“.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მეორე ქმარს, ის ჯანრი კაშია გახლდათ. ზურაბიშვილმა ჯანრი კაშია 1982 წელს გაიცნო, როცა კაშიამ საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. სალომე ზურაბიშვილს, მისი ოპონენტის მხარდაჭერები, მეორე ოჯახის შესახებ არაერთ ინფორმაციას უვრცელებენ. მათი თქმით, ჯანრი კაშია სალომეს ბავშვის ნათლია, თუმცა რომლის - ეს არავინ იცის. თავად საპრეზიდენტო კანდიდატი, მეორე ქმრის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

შვილები - თეიმურაზი და ქეთევანი, განსაკუთრებით გააქტიურდნენ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და დედის გვერდით დადგნენ. თეიმურაზ გორჯესტანმა გრიგოლ ვაშაძის შვილი დებატებშიც კი გამოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაც შვილებთან ერთად ენგურის ხიდზე დაასრულა.

თუ კი ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს დავუჯერებთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “მდედრი თევზი” ანუ დედალი თევზი გაიმარჯვებს.  სალომე ზურაბიშვილი კი ჰოროსკოპით თევზია და როგორც ის იტყოდა,  “თავს ისე ვგრძნობ წყალში, როგორც თევზი, იმიტომ, რომ თევზი ვარ ჰოროსკოპით”.

ჰოროსკოპით თევზი პროფესიით დიპლომატია.

დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. 1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს - პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.

1984-1988 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. 1988-1989 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; 1989-1992 წლებში ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა - მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; 1998-2001 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2001-2003 წლებში პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; 2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2005-2006 წლებში „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი; 2006-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი; 2006-2016 წლებში საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი; 2010-2015 წლებში გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი.

დღეს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კი, მისმა შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა:

"საფრანგეთის ყოფილი დიპლომატი ჩამოვიდა ევროპიდან, რომ საქართველო შეიყვანოს ევროკავშირში, ვის ებრძვის მეორე ტურში?! - საბჭოთა კავშირის დიპლომატს, რომელსაც ჰქონდა რუსული პასპორტი, როცა ომი მიმდინარეობდა რუსეთთან და ამაყობს, რომ მე ვიყავი საბჭოთა კავშირის დიპლომატი. საბჭოთა კავშირის დამარცხებისთვის არის ეს უკანასკნელი ბრძოლა. ამ ბრძოლისთვის მთელი ქართული მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და აირჩიოს ღირსეული, პრინციპული, პატრიოტი პრეზიდენტი, დედაჩემი სალომე ზურაბიშვილი“, - აცხადებს გორჯესტანი.

და ვიდრე შედეგებს დავითვლით და გავარკვევთ, ვინ დაიკავებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სავარძელს, ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება სალომე ზურაბიშვილის 11 წლის წინ ნათქვამი ფრაზის სისწორე – “საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან!”

არავინ იცის, საქართველოში ქაჯები მიდიან თუ მოდიან?!”