არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მაღლა იწევს - შესაბამისად, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები პიკს აღწევს.
როგორც კვლევების მიხედვით ჩანს, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი მეორე ტურისთვის უფრო მობილიზებული გახდა და ზურაბიშვილსაც ამომრჩეველი მოემატა. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება მასობრივი გაყალბებებისთვის ემზადება და ამომრჩევლის ზრდაც ხელოვნურად არის გამოწვეული.
მათი თქმით, კვლევებით და გაბერილი ახალი სიებით, მმართველი გუნდი საზოგადოებას აჩვევს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციის პროტესტი გაუმართლებელი იყოს.
ამ დღეებში ორი ტელეკომპანიის მიერ ორი კვლევა გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მონაცემები ერთმანეთისგან პროცენტულად განსხვავდება, ორივე მათგანში ზურაბიშვილის ამომრჩეველი უფრო მეტი ჩანს, ვიდრე პირველ ტურამდე იყო.
ტელეკომპანია "იმედის" მიერ პფდდგზ |ტეუკტფეშწტფდ-ისთვის დაკვეთილი კვლევის მონაცემების მიხედვით, ზურაბიშვილის რეიტინგი 28%-ია, ხოლო ვაშაძის - 26%. ცდომილების ზღვარი %/-2 პროცენტია.
მანამდე, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაშაძის რეიტინგი 38% იყო, ხოლო ზურაბიშვილის - 34%. ცდომილების ზღვარი %/-3 პროცენტი.
როგორია "ქართული ოცნების" შანსი?
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ, მართალია, "დროში ძალიან გაცვდა "ნაციონალური მოძრაობის" საფრთხობელის იმიჯი და ის აღარ მუშაობს", "ქართული ოცნება" მაინც შეძლებს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის სწორედ ამ ნიშნით მიყვანას მეორე ტურზე.
მათი აზრით, გააქტიურდება ის ამომრჩეველი, რომელიც ლოიალურია "ქართული ოცნების" მიმართ, მაგრამ არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილი. ახლა კი ეს კატეგორია წავა არჩევნებზე, რათა "ქართული ოცნების" ძალაუფლება გადაარჩინოს.
რამდენად აჭარბებს ამ კატეგორიის ამომრჩეველი "ქართული ოცნების" მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის სათვალავშია, მათი აზრით, რთული სათქმელია, ამას არჩევნების შედეგი გვიჩვენებს.
რაც შეეხება მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის შანსს, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის მომხრეთა გააქტიურება არჩევნების მეორე ტურში რეალურია და სხვადასხვა პარტიის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის სათვალავში შედის.
მათი აზრით, მნიშვნელოვანია ყოველი პროცენტი და ამ პროცენტების ჯამი. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს მეორე ტურში, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა.
არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა
თუ პირველ ტურში 3 518 877 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მეორე ტურში სიაში 9 781 ადამიანით მეტი, 3 528 658 ადამიანია შესული. ცესკო-ში აცხადებენ, რომ სია საბოლოოა და მასში ცვლილება აღარ შევა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდას რამდენიმე მიზეზით ხსნიან: ახალ სიაში არიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც 28 ნოემბრის ჩათვლით 18 წელი შეუსრულდებათ;
გარდაცვლილები, რომლებიც შესაბამისად გამოაკლდნენ ამომრჩეველთა სიას; საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლები; ის პირები, რომლებსაც პირველი ტურისთვის პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ, პირველ ტურთან შედარებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ 134-ით მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.
მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 579-ით არის გაზრდილი, ისნის საარჩევნო ოლქში - 507-ით, სამგორში - 583-ით, გლდანში - 656-ით, გორში - 307-ით, ქუთაისში - 230-ით, ბათუმში - 553-ით, საზღვარგარეთ - 134-ით.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სიებში ამომრჩევლის რაოდენობის ზრდას სწავლობენ.
მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ასევე, "ყალბი პირადობების" სკანდალი აგორდა. 20 ნოემბერს სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია ყალბი პირადობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
"საიას", "სამართლიანი არჩევნებისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.
პროკურატურამ განაცხადა, რომ ყალბი პირადობების დამზადების მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა არასამთავრობოებმა მათ ინფორმაციის წყაროს თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მიაწოდეს.
სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ბრალდება უარყო, ხოლო იუსტიციის მინისტრმა გამოძიების დასრულებამდე განაცხადა, რომ არასამთავრობოები "ტყუილში იქნენ გამოჭერილები".
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლის ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ერთ-ერთი მიზეზი ასეთია: ამომრჩევლის ნაწილმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ზურაბიშვილი, როგორც "ოცნების" კანდიდატი, მაინც გაიმარჯვებდა, არჩევნებზე წასვლით თავი არ შეიწუხა, ხოლო როდესაც ნახა, რომ ვერ გაიმარჯვა, არჩევნებზე წასვლა გადაწყვიტა. მათი მთავარი მოტივაცია კი "ნაციონალების" მიმართ ანტაგონისტური განწყობაა.
"ზურაბიშვილის ძალიან ბევრი ამომრჩეველი "ნაციონალების" პრინციპულმა მიუღებლობამ გაააქტიურა. ასევე, არიან "ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ზურაბიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა როდესაც დაინახეს, რომ მას სირთულეები შეექმნა, გააქტიურდნენ. მათ ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათია უკან გადაწიეს და წინა პლანზე "ოცნების" მიმართ ლოიალობა დააყენეს.
"ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც მმართველმა გუნდმა ზურაბიშვილი ბანერებიდან ჩამოხსნა და საკუთარი ლიდერების ბანერები გააკრა.
"რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატის შანსს, ვაშაძეს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმებიც მიემატება, ასევე, იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ არჩევნებში წასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც მმართველი გუნდი თავის კანდიდატს მაინც გაიყვანდა.
"მეორე ტურმა მათ დაანახა, რომ ეს მითი მცდარია და ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. ეს არის ხალხი, რომელსაც ხელისუფლების კონტროლი ოპოზიციური კანდიდატის არჩევის მეშვეობით სურს. ანუ ადამიანები, რომლებიც წმინდა პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებენ და მათთვის პარტიული კუთვნილება არაფერს ნიშნავს", - აცხადებს კაჭკაჭიშვილი "რეზონანსთან".
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ "ნაციონალებზე" მოსახლეობა გაბრაზებულია, "ოცნებაზე" კი გულგატეხილი. შესაბამისად, ამ არჩევნების მთავარი გარდამტეხი ფაქტორიც ეს გარემოება იქნება.
მისი აზრით, ზურაბიშვილს ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორედაც რომ "ნაციონალების" წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები არიან, რომლებისთვისაც ამ პარტიის რეაბილიტაცია მიუღებელია. ასევე, თავად მმართველი გუნდის ამომრჩევლის მობილიზებაც ხდება, რომლებიც პირველ ტურში სახლში დარჩნენ და იფიქრეს, რომ ზურაბიშვილი მათ გარეშეც გაიმარჯვებდა.
"ნაციონალების" მიმართ საზოგადოებაში აგრესია იმდენად დიდია, რომ მიუხედავად "ოცნებისა" და ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათიისა, მაინც ურჩევნიათ, რომ ვაშაძემ არ გაიმარჯვოს.
"ე.წ. შუა ამომრჩეველი, რომელიც ორივე პოლიტიკურ პარტიაზე განაწყენებულია, არჩევანს მაინც ზურაბიშვილზე შეაჩერებს. მათი არჩევანი გაბრაზებულსა და გულნატკენს შორის იქნება. "ნაციონალებზე" მოსახლეობის დიდი ნაწილი გაბრაზებულია, "ოცნებაზე" კი - გულნატკენი", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".