უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვისა საბჭოს გადაწყვეტილებას, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის ამოქმედების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. პეტრო პოროშენკომ ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას სამხედრო მდგომარეობის შემოღების პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაცემის თაობაზე.
განკარგულების თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს – 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2019 წლის 25 იანვარის ჩათვლით. სამხედრო მდგომარეობა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს.
უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალები. სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალები. გაძლიერებულია ზომები კონტრდაზვერვის კუთხით, რათა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, არ დაუშვან რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაციები, რომლის მიზანია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია. ასევე გაძლიერებული სამსახურის რეჟიმზეა გადასული უკრაინის ეროვნული პოლიცია.
ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი „ბერდიანსკი“ და „ნიკოპოლი“ ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი „იანი კაპუ“. აღნიშნული გემები და 23 უკრაინელი სამხედრო რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.
ვითარება იმდენად რთულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიის გარდა, რუსეთმა ქერჩის სრუტესთან, ნეიტრალურ წყლებში ომი გააჩაღა. როგორც პავლო კლიმკინმა განაცხადა რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ.
„ახლა ჩვენ გვაქვს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე ომი რუსეთთან ნეიტრალურ წყლებში, ვინაიდან აგრესიის ეს აქტი ზუსტადაც რომ ნეიტრალურ წყლებში მოხდა. ეს აგრესიის აქტია და ზუსტად ასეთი შეფასება უნდა მიეცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“, – აღნიშნა პაველ კლიმკინმა.
ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციები არ ადარდებს რუსეთს. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს პროვოკაცია უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით მოხდა.
„სანქციები ცუდია, თუმცა, როდესაც იმ ინციდენტების გამო, რომელიც გუშინ ვიხილეთ, მხარე, რომლის სუვერენიტეტი დარღვეული იყო, შესაძლოა, ახალი სანქციების ობიექტად განიხილებოდეს, ამგვარი პოლიტიკის კომენტირება გვიჭირს. რთულია იმის იმედის ქონა, რომ გავლენას მოვახდენთ იმ ხალხზე, ვისაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს – ახალი საბაბი გამონახონ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო. ФСБ – ს სასაზღვრო სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერი თქვა. საერთაშორისო სამართლის ძირითადი დებულებები იყო დარღვეული“, – აღნიშნა სერგრი ლავროვმა.
აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება ალიანსი. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში. ასევე, ნატო–ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ აღნიშნა, ნატო მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
„ნატო–ბრიუსელის სამიტზე ნატო–ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში“, – განაცხადა ოანა ლუნგესკუმ.
საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქერჩის ყურეში განვითარებული მოვლენები უაღრესად საშიში ფაქტია და ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ახალ ფორმებს იძენს. პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე განმარტავს, რომ აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი პირველივე წუთიდან საქმის კურსშია და იღებს ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სახმელეთო ოპერაციებით, ოკუპაცია საფრთხეს უქმნის უკვე საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები იყოს აღკვეთილი და ეს იყოს განხილული არა როგორც ცალკეული პრეცედენტი, არამედ ნათლად იყოს დანახული ის საფრთხეები, რომლებიც იმალება ამ ქმედების უკან და რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად საფუძვლებს, ისე კონკრეტულად ამ რეგიონში უსაფრთხოებას“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა „ევროპულმა საქართველომ“ რომელიც უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სახედრო აგრესიის აქტს აფასებს. გიორგი კანდელაკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება დროულად მოახდინოს.
დეპუტატის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, პირველ რიგში, საგარეო კომიტეტმა და შემდეგ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რათა შეფასება მისცეს აგრესიის ამ ფაქტს.
„ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და აშშ–ი დაუწესებენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის აქტის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომავალი სანქციების მიზეზებში და მოთხოვნებში ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
უკრაინაში განვითარებული მოვლენები რომ რეგიონალური უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა და პირდაპირ ეხება საქართველოს, ამის შესახებ განცხადებას აკეთებს ვიცე–სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომლის განცხადებით, საფრთხე ჩვენთვის საგანგებოა და მნიშვნელოვანი, რადგან შავი ზღვის აკვატორიას ეხება.
„შინაარსითაც და პათოსითაც ჩვენ ყოველთვის პოზიციას გამოვხატავდით საკმაოდ მკაფიოდ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხება მხოლოდ უკრაინას, ეს ეხება რეგიონული უსაფრთხოების თემას. სამწუხაროა, რომ ევროპულ საქართველო ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს. სერიოზული მსჯელობაა საჭირო, სპონტანური გადაწყვეტილებების ნაცვლად. რეგიონში საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა შექმნილი. საერთაშორისო დამოკიდებულება თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულებაც იგივეა, გამოიხატება თუ არა ეს რეზოლუციით, ამას მარტო ჩემს თავზე ვერ ავიღებ, მაგრამ პოზიცია რასაკვირველია, იგივეა, რაც მთელს მსოფლიოს აქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ, რომ, თუ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, ის ბევრ სხვა უმსგავსობაზეც არის წამსვლელი. მისივე თქმით, მდგომარეობა, რომელიც ახლა შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში შეიქმნა, არის კრიტიკულად საშიში, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება.
„რეალურად ის, რაც რუსეთის მხარემ ჩაიდინა, არის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინასთან მიმართებაში აქამდე განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. რუსეთმა ვერ შეძლო წარმატების მიღწევა დონბასის მიმართულებით, ამიტომ ის სულ ეძებდა სიტუაციის გამწვავებისთვის შესაფერის წერტილს, სადაც უკრაინაზე შეტევის მიტანას შეძლებდა.
ყბადაღებული ყირიმის ხიდის აშენების შემდეგ მათ დაიწყეს აზოვის ზღვის ბლოკირება – უკრაინული გემების შეჩერებით, უკანონო შემოწმებების ჩატარებით და ასე შემდეგ. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია არ არის ისეთი მკაფიო და მწვავე, როგორიც ალბათ ადეკვატური იქნებოდა“, – აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.
ყოფილი დიპლომატი იმედოვნებს, რომ 2008 და 2014 წლების გამოცდილების გათვალისწინებით დასავლეთი უფრო აქტიური იქნება ამ აგრესიის აღსაკვეთად. მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი არ აპირებს საკუთარი სცენარის მიხედვით მოქმედება შეწყვიტოს, ამიტომ დასავლეთის მხრიდან ამას უნდა მოჰყვეს პრაქტიკული ნაბიჯები.
„შესაძლებელია რუსეთთან დამოკიდებულების შემდგომი გამკაცრება, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას მხოლოდ ძალის ენა ესმის. არსებობს უამრავი საშუალება, დაწყებული სანქციების გამკაცრებით, რომელსაც ძალიან სწრაფად მოჰყვება რეალური ეკონომიკური შედეგი, დამთავრებული შავი ზღვის აკვატორიაში გარკვეული ნაბიჯებით. თუმცა, აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ, რომ, თუ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, ის ბევრ სხვა უმსგავსობაზეც არის წამსვლელი“, – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.