[ნინო მიქიაშვილი]
ადვოკატებმა პერმანენტული აქციები დაიწყეს - 2 აგვისტოს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეიკრიბნენ, 3-ში ევროსაბჭოს ოფისთან მივლენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ კოლეგებს: ბათუმში დაკავებულ რამინ პაპიძეს, რომელსაც პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული, რუსთავის ერთ-ერთ საპყრობილეში მყოფ თამილა ქუთათელაძეს, რომელიც ასევე შიმშილობს და ნაირა ოტიაშვილს, რომელსაც ადვოკატთა განმარტებით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ადვოკატების აქციების ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
თბილისის პარალელურად ადვოკატები ბათუმშიც შეიკრიბნენ, რითაც სოლიდარობა გამოუცხადეს 28 ივლისს, სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ რამინ პაპიძეს. როგორც პაპიძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ გვითხრა, ადვოკატებმა სპეციალურ განცხადებაზე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადვოკატ რამინ პაპიძის დევნა მიმდინარეობს პროფესიული ნიშნით, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, მის მიერ მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებთან, რომელშიც პაპიძე საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა.
„ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა“ ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ 40-მდე ადვოკატმა გააპროტესტა. მათ თეთრი მაისურები ეცვათ, რომელზეც ინგლისურ ენაზე ასეთი შინაარსის წარწერა იყო გაკეთებული - “საქართველოს ადვოკატები პროტესტს აცხადებენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“. ევროკავშირთან გამართული აქციის მონაწილეებს ხელბორკილები ედოთ, რაც ასე ახსნეს - “ხელბორკილების დადება სიმბოლურად იმის გამოხატვას ნიშნავს, რომ ჩვენ პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკული კუთხით და ამასთან, ყველა ჩვენგანი მომავალში არის ხელბორკილის დადების პოტენციური კანდიდატი“.
რაც შეეეხება იმას, თუ რატომ შეიკრიბნენ ადვოკატები ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და არა მაგალითად, პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ავლაბრის რეზიდენციასთან, ან პარლამენტთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ასე აგვიხსნა:
„ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირებს და აქედან გამომდინარე მივმართავთ ევროკავშირს. მანამდე წერილობით მივმართეთ ევროკავშირის პრეზიდენტს, ხოსე მანუელ ბარუზოს, რომ შეწყდეს ადვოკატთა კორპუსის დევნა და განადგურება. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საშუალება უნდა მოგვეცეს. ჩვენ ეს საშუალება სააკაშვილის რეჟიმმა წაგვართვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირმა ყურადღება მოგვაქციოს და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა აღკვეთოს“.
ხატიაშვილის თქმით, 122 ადვოკატზე გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი - „ყველანი საფრთხის ქვეშ ვართ, დაუცველები. ადვოკატი, რომელიც გადის პროცესზე, არ იცის მოსამართლე დააკავებს, პროკურორი, პოლიციელი, თუ სააღსრულებო პოლიციის წარმომადგენელი; არ იცის ნარკოტიკებს ჩაუდებენ, თუ მანდატური დაესხმება თავს, როგორც დაქირავებული ყაჩაღი და ასე შემდეგ. თამილა ქუთათელაძე შიმშილობს, რამინ პაპიძე შიმშილობს და არავის ებადება კითხვა რატომ შიმშილობენ ეს ადვოკატები. ესაა ძალიან ცუდი მომენტი. ჟურნალისტები და ადვოკატები ვართ ორი თავისუფალი პროფესიიის წარმომადგენლები. დემოკრატიის შუქურად წოდებული შეტევას ორივეზე ახორციელებს და ჩვენ თუ ერთად დავდგებით, ვერაფერს დაგვაკლებენ და ვერაფერს გაგვიბედავენ“.
ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მყოფმა ადვოკატებმა “ობიექტივთან“ საუბრისას ასეთი განცხადებები გააკეთეს:
ჯუმბერ მილორავა: „თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს დაკავებულ კოლეგებს და ნაირა ოტიაშვილს, რომელიც ახლა აქ იმყოფება. ამგვარად ჩვენ გამოვხატავთ უკიდურეს პროტესტსს, რათა ამით ევროკავშირს გავაგებინოთ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და როგორ მიმდინარეობს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა“.
ლალი აფციაური: „დღეს სასამართლო გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან, ხოლო ის ადვოკატები, ვისაც პროტესტის გამოხატვის უნარი კიდევ შერჩათ, იდევნებიან. თვით კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი, ადვოკატთა იმუნიტეტი მაქსიმალურად დაცული იყო. ადვოკატის ჩრეკის უფლების გაცემაც კი, მთავარი პროკურორის გარეშე არ ხდებოდა. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ადვოკატი ხელწამოსაკრავი გახდა - ელემენტარულად, ადვოკატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მანდატურს შეუძლია. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი, რომ აქ ვიდგეთ და ალბათ, ჩვენი ასე ერთად დგომა და პროტესტის გამოხატვა გაგრძელდება, სანამ ვითარება არ შეიცვლება“.
გელა ნიკოლაიშვილი: „აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს, ვინაიდან ყველანაირ უსამართლობას უპირველესად ადვოკატი უნდა ებრძოდეს. თუ ადვოკატმა საკუთარი თავი ვერ დაიცვა, სხვას როგორ დაიცავს?!“
მამუკა ნოზაძე: “საქართველოში დიქტატორული რეჟიმი ადვოკატებზე შეტევას დღითიდღე აძლიერებს. ქვეყანაში, სადაც ადვოკატებისა და ჟურნალისტების მიმართ ასეთი აგრესიული, დაუსაბუთებელი შეტევა მიდის და ყოველდღიურად ხდება მათ მიმართ უკანონობის ჩადენა, ყოველგვარ დემოკრატიაზე და სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია. როდესაც ადვოკატი დაუცველია, იქ საზოგადოების დაცვაზე საუბარი ზედმეტია და ეს ფაქტი დასავლეთ ევროპისა და ამერიკისთვის საგანგაშო ნიშანი უნდა გახდეს და ამაზე მათ ხმა უნდა ამოიღონ“.
ნათია სირაძე: „ქვეყანას ზღვარგადასული თავხედები მართავენ. ის, რასაც ესენი სჩადიან, არანაირ ადამიანურ ჩარჩოში არ ჯდება. ეს არის უდიდესი ბოროტება, ღალატი და სიძულვილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. განსაკუთრებით ებრძვიან სიმართლის მთქმელებს, რაინდებს და იმ ადვოკატებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მწვალებლებს უკანონობაში ამხელენ“.
გრიგოლ გაგნიძე: „ერთ-ორ წელიწადში ჩვენი პროფესიისადმი და ზოგადად ადამიანის უფლებებისადმი დამოკიდებულება თუ არ შეიცვალა, ევროპის ქვეყნებში პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ“.
კახა ქარდავა: „დეკემბერ-იანვარში ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის ორი დასკვნისა და ევროპის ადვოკატთა და სამართლებრივი საზოგადოების საბჭოს პრეზიდენტის, ხოსე მარია დავო ფერნანდესის წერილის შემდეგ, რომელშიც ადვოკატთა კოპურსის ინსტიტუციონალურ დევნაზე იყო საუბარი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადვოკატებთან დამოკიდებულება უფრო აგრესიული გახდა, რისი მსხვერპლიც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს“.
ქეთი ბექაური: „ყველა აქციას, რომელიც ადამიანის უფლებებს ეძღვნება, მით უმეტეს, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებული და დაკავებული ადვოკატების მხარდასაჭერად ტარდება, მე შევუერთდები და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას სოლიდარობას უცხადებენ, რადგან ეს არის დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც ყველა ცივილურ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს“.