გავრცელებულია აზრი, რომ წარმატებულ კარიერად იღბლიანი მეწარმეობა, შოუ-ბიზნესის პოპულარული წარმომადგენლობა ან წარმატებული პოლიტიკოსობა ითვლება. ამათგან საქართველოში განსაკუთრებულად მაინც პარლამენტარობა ფასობს. უბრალო ობივატელის აზრით პოლიტიკოსები ბედს არ უჩივიან და ამა სოფლის ყველა სიკეთითაც მაქსიმალურად სარგებლობენ.
ჩვენი მოქალაქეების აზრი სიმართლეს მოკლებული არ გახლავთ. „ხალხის რჩეულები“ დეპუტატობის „უპირატესობას“ მაქსიმალურად იყენებენ და სხვადასხვა კანონების მიღების პარალელურად დროს შესანიშნავად ატარებენ. ხშირ შემთხვევაში ეს მოზრდილი დეიდა-ბიძიები ცელქი მოზარდების შთაბეჭდილებას ტოვებენ. კითხულობ ამ ადამიანების „საპარლამენტო თავგადასავლებს“ და გიკვირს, მათ ხელში ქვეყანამ დღევანდელ დღემდე როგორ მოაღწია.
დღევანდელ წერილში მკითხველს ხალხის „რჩეულების“ ცუღლუტობებისა და ონავრობის „საპარლამენტო“ ფაქტებს მივაწვდი.
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. სამივე პარლამენტში ის თავისი ორიგინალური გამონათქვამებით ახალისებდა კოლეგებს, მისი ლექსები კი ხშირად უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა, თუმცა - არა ყველასთვის.
„იმელის" პარლამენტის წევრი იყო ქართლოს ღარიბაშვილიც. ადვოკატი პარლამენტში თავისი განუყრელი ჩიბუხით დადიოდა. ესენგეში შესვლის შემდეგ მას ზვიადისტებმა ესენგოსა ღარიბაშვილი შეარქვეს.
ერთ მშვენიერ დღეს ჯანსუღ ჩარკვიანი თავისთვის მშვიდად დადიოდა „იმელის" პარლამენტის ფოიეში. მასთან უცნობი მანდილოსანი მივიდა და ჰკითხა, ქართლოს ღარიბაშვილის ოთახს ხომ ვერ მიმასწავლითო. ჯანსუღ ჩარკვიანმა მანდილოსანს უთხრა, ხომ იცით, რა უცნაური კაცია ეგ ღარიბაშვილი, ხელში სულ ჩიბუხი უკავია და თავისი სამუშაო კაბინეტის კარზეც ჩიბუხის სურათი უკიდიაო. მანდილოსანმა ჩარკვიანს მადლობა გადაუხადა და ჩიბუხიანი კარის მოსაძებნად წავიდა. მალევე იპოვა, შიგნითაც შეიხედა და ატყდა კივილი... ჯანსუღ ჩარკვიანი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. „იმელის" პარლამენტში მამაკაცების ტუალეტებზე ჩიბუხის სურათები იყო გაკრული.
ერთხელ პარლამენტში დეპუტატობის დროს ჯანსუღ ჩარკვიანმა გადაწყვიტა, ნესტან კირთაძეს გახუმრებოდა და ასეთი ლექსი გაუგზავნა: „ნესტან, ნესტან, ბარაქ მზეს, შენ ძუძუდან მოვწოვ რძეს“, ქვემოთ კი მოაწერა ხელი - გივი შუღაროვი.
მაშინ დეპუტატებს მაგიდაზე ედოთ კანონების მთელი წყება და ისე იყო ახუნძლული ერთმანეთზე, თავად ძლივს ჩანდნენ. ნესტანი გაეცნო რამდენიმე კანონს, ბოლოს კი, ეს ლექსი რომ წაიკითხა, გაავებული გაქანდა დიდი დავთრით ხელში და მთელი კანონთა შეკვრა თავში დაუშინა საწყალ გივი შუღაროვს.
გივი გაოგნებული და შეშინებული კითხულობდა, რა გინდა ჩემგან, რას მერჩიო. როცა ნესტანმა ლექსი გაუწოდა, ეს რა დაგიწერია, შე გათახსირებულოო.
გაგიჟდა კაცი, - ნესტანჯან, ამას მე როგორ დავწერდიო, - თან მოჯღანული სახით თავზე ისვამდა ხელებს, ისე ტკივილს ვერ იყუჩებდა. მერე კი გაირკვა ყველაფერი და იუმორმა თავისი ქნა, ყველამ გულიანად იცინა და ნესტანიც შემოირიგეს.
სიტყვას უფროსი თაობის ერთ ყოფილ პოლიტიკოსს გადავცემ. ყოფილი დეპუტატი გერმანე ფაცაცია იმ პერიოდის საპარლამენტო „სხდომებს“ გაიხსენებს.
„მინდა, ის პერიოდი გავიხსენო, როცა პარლამენტის სხდომები „იმელის“ შენობაში იმართებოდა. ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი მრავალფეროვნება: თუ ვინმე არსებობდა საქართველოში – შტერი იქნებოდა, სულელი, მოაზროვნე თუ პათოლოგი – ყველა ერთად იყო შეყრილი ამ პარლამენტში. მაშინ მძიმე პერიოდი იყო – დენის დანახვაც კი ხალხში ოვაციებს იწვევდა. ერთხელ, სიცივეა, დენი არ არის, თვით „იმელის“ შენობაშიც კი, ჩართულია ეგრეთ წოდებული „დვიჟოკი“ და ამგვარად ვმუშაობთ.
პარლამენტარებს ცხვირ-პირი ჩამოგვტირის, ისე ვსხედვართ და არავინ არაა მუშაობისა და, თუ გნებავთ, პოლემიკის ხასიათზე. ამ დროს მოვიდა ჩემთან ბეჟან ხურციძე და მეუბნება, რამე ვქნათ ისეთი, რომ სხდომა ჩავშალოთო. თუ ამას მოახერხებ, პურ-მარილს ვკისრულობო. მეც დავეთანხმე, რადგან იმავეს ვფიქრობდი.
როცა შესვენება გამოაცხადეს, ფოიეში შევეჩეხე ედუარდს. მე, ცოტა არ იყოს, ნასვამი ვიყავი, და მან საყვედური მითხრა – არ უნდა იცოდე, ვისთან უნდა დალიოო? თურმე, ნუ იტყვით და, ვისაც მე დავალევინე, იმან შესვენებამდე შევარდნაძე უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. თემურ მირიანაშვილმა კი მე „ჩამიშვა“ – იმას გერმანემ დაალევინაო. მეც არ დავუთმე – ამისთანა ამბებს მე არავის, მით უმეტეს, სახელმწიფო მეთაურს, არ ვუთანხმებ-მეთქი. თან, მიზეზს ვეძებ, რომ სხდომა ჩავშალო და ბეჟანმა პურ-მარილი იკისროს. მივადექი მიკროფონს. ცხონებულ ვახტანგ გოგუაძეს მიჰყავდა სხდომა და გვერდით უზის ედუარდი. ვთხოვე, მაგრამ ვახტანგმა არ მომცა სიტყვის თქმის უფლება. როცა სხდომაზე ვახტანგს ვუსაყვედურე შინაურს ასე არ ექცევიან-მეთქი, მიპასუხა მღვდელი არ შეიძლება, შინაური იყოსო, მე ვუთხარი, პროცედურაზე რომ არ მომცე სიტყვა, უფლება არ გაქვს-მეთქი.
როგორც იქნა, მომცა სიტყვა და მაშინვე გამოვაცხადე – ბატონო ედუარდ, რაც იქ ფოიეში, შესვენების დროს მოხდა, აქ უნდა გავუკეთო კომენტარი: თქვენ მე ყოველთვის მაძაგებდით, მე კი ყოველთვის გაქებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ორივენი მწარედ ვცდებოდით-მეთქი. ამის თქმა იყო და დარბაზში ისეთი ხარხარი ატყდა…”
გერმანე ფაცაციას „ყველაზე მსმელისა“ და „ყველაზე სიმპათიური“ პარლამენტარის „ნომინაციაშიც“ უმარჯვია.
„სხვათა შორის, ადრე ჟურნალისტებმა დააწესეს ნომინაციები, პარლამენტარებისთვის: თუ ვინ იყო პარლამენტარებიდან „ყველაზე მსმელი“, „ყველაზე მწეველი“, „ყველაზე მექალთანე“ და „ყველაზე სიმპათიური“. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მოხდა, რომ ლამის მე გავიმარჯვე ყველა ნომინაციაში. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაზე სიმპათიურად რომ დამასახელეს, მაინც გამიკვირდა, რადგან გიორგი კობახიძის დასახელებას ვვარაუდობდი, მაგრამ მოწევასა და სმაში რომ ვერავინ „გადამიჯოკრავდა“, ზუსტად ვიცოდი. თუმცა, მექალთანეც ვიყავი - ამას ვაღიარებ. მე, ეტყობა, დანარჩენ ნომინაციებში რომ ვლიდერობდი, მერე კობახიძეს ეს ნომინაციაც „დავაწერე“. სულ მუდამ ჟურნალისტების გვერდით ვტრიალებდი, სულ ბუფეტში ვიყავი გამოჯგიმული და ამიტომაც ვუყვარდი ბუფეტის თანამშრომლებს. მქონდა ფული თუ არა, იქიდან ვერ მაგდებდნენ და მერე ისე შემეჩვივნენ, რომ აღარ ვენახე იქაურ პერსონალს, მომისაკლისებდნენ ხოლმე. მეხვეწებოდნენ, ოღონდ მოდი და „პოსლეზეც“ თანახმა ვართო. იმ დროს გამოჩნდნენ ფულიანი პარლამენტარებიც და შევიძინე ისეთი მეგობარი, როგორიც ზურაბ ახმეტელია. მან თავისი სამუშაო ოთახის გასაღები მომცა და იმის ოთახში გამოტენილი მქონდა მაცივარი სასმელებით.
ამის მერე ვიღაცას ეგონება, რომ ჩვენ არ ვმუშაობდით, მაგრამ ეს მომენტებიც იყო თანმდევი, რადგან ყველა ქართველში ვაზისა და ღვინის ღვთაება თანაბრად ზის. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადრე ჟურნალისტებმა მე თბილისელ დარდიმანდადაც მაღიარეს“.
დღევანდელი „მოგონებების“ ბოლო სტუმარი ქალბატონი ელენე თევდორაძე იქნება. ეს ადამიანი ქართულ ენასთან „ახლო ურთიერთობით“ ვერ დაიკვეხნის და ამ მიზეზის გამო უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა.
პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტის თავმჯდომარე თავდაპირველად ციხეებში არსებული ვითარებით დაინტერესდა, რამდენიმე საპატიმრო ნახა და ნანახით შეძრწუნებული დარჩა. თავისი განცდების გადმოცემა მან პარლამენტის სხდომაზე სცადა, მიკროფონთან მივიდა და თავისი ქართულით განცხადების გაკეთება დაიწყო: - მე ვიყავი ციხეებში და ვნახე, რა შემაშფოთებელი მდგომარეობაა იქ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად ხმარობენ პატიმრებს, - განაცხადა აღშფოთებულმა თევდორაძემ. დეპუტატებს ხომ მეტი არ უნდოდათ და დიდი სიცილ-ხარხარი ატეხეს. ამან თევდორაძე გაამწარა და კიდევ ერთხელ მოითხოვა სიტყვა. მიკროფონი ჩაურთეს.
- პატიმრებს საშინლად ხმარობენ, თქვენ კი იცინით! - ლამის ტირილით თქვა თევდორაძემ. დეპუტატები ისევ ახარხარდნენ და სანამ თევდორაძე მესამედაც მოითხოვდა სიტყვას, საქმეში სპიკერატი ჩაერია. მათ გაარკვიეს, რომ თევდორაძეს სიტყვა „ხმარების“ ნაცვლად უნდოდა, სიტყვა „ეპყრობიან“ ეთქვა.
ისევე, როგორც პარლამენტის სხდომებზე, დეპუტატები ბიუროზეც ძირითადად ერთობოდნენ. კანონპროექტების განხილვა მათ დამღლელ საქმიანობად მიაჩნდათ. ერთ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეიმუშავა მორიგი წინადადება. ეს წინადადება თევდორაძემ ბიუროზე წარადგინა. ბიუროს სხდომას ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ბიუროს წევრები საკუთარი მანქანების თავისებურებებზე საუბრობდნენ და თევდორაძის წინადადება არც კი გაუგონიათ. მის ინიციატივას მხოლოდ ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია გამოეხმაურა და წინადადება მოუწონა. მადლიერმა თევდორაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. “დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას”, - განაცხადა თევდორაძემ. დეპუტატების მოსაბრუნებლად კინაღამ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
პარლამენტის ბიუროს ოთახში დეპუტატები ორ გრძელ მაგიდასთან ისხდნენ. ერთ-ერთ სხდომაზე ელენე თევდორაძე რაღაცას წერდა, მისი კოლეგები კი ჭორაობით ერთობოდნენ და, როგორც ჩანს, ზედმეტად აქტიურად იქნევდნენ ხელებს. მაგიდა ყანყალებდა და თევდორაძეს მუშაობაში ხელი ეშლებოდა. “ოიჰ, ვინ ანძრევს?!” - იკითხა აღშფოთებულმა თევდორაძემ.