„სამწუხაროდ, საქართველო არის „იოლად ასარევი“ ქვეყანა და ამის შედეგს ვიმკით“

„სამწუხაროდ, საქართველო არის „იოლად ასარევი“ ქვეყანა და ამის შედეგს ვიმკით“

საქართველო რუსეთის ფსიქოლოგიური ომის წარმოების პოლიგონად იქცა. ეს პროცესი უფრო აშკარა გახდა საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად. როგორც ირკვევა, რუსეთის ფედერაციის ეროვნული თავდაცვის ცენტრში შეიქმნა სპეციალური ოპერაციების სარდლობა. ასევე შეიქმნა სპეციალიზებული ჯგუფი, რომლის მოტივიც ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომის მხარდამჭერი ჯგუფის შექმნაა.

ამ ჯგუფის წევრები არიან რუსი სამხედროები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული პოლიტიკურ–ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია ფსიქოლოგიური ომის წარმოება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის დოქტრინაში იგეგმება ახალი ცვლილების შეტანა, რომლის მიზანი იქნება ფსიქოლოგიური ომის სტრატეგიის შემუშავება და მისი განვითარება.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი განმარტავს, რომ ეს არის ფეესბეში მომუშავე სპეციალური დანაყოფი, რომელთა მუშაობის სტრატეგია ფსიქოლოგიური ომის წარმოებაა. მისი თქმით, ასეთი დანაყოფის შექმნა რიგ შემთხვევაში კავკასიის ქვეყნებს ეხება.

„ჩვენ მეხსიერების პრობლემაც გვაქვს. გავიხსენოთ 1989 წელი, შემდეგ 1991 წელი, როგორ იწყებოდა დაპირისპირება ჯერ ეროვნულ მოძრაობაში, შემდეგ როგორ მოხდა გამსახურდიას ხელისუფლებაში და ქვეყანაში განხეთქილების შემოტანა. ასევე, გავიხსენოთ შემდეგი წლები და ყველა ის ქმედება რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ - რუსეთს აწყობს მუდმივი ქაოსი და დაძაბულობა“, – აცხადებს ბესიკ ალადაშვილი და for.ge–სთან საუბრისას დასძენს, რომ ქვეყანა ისევ მიდის უფრო მეტი დაპირისპირებისკენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს არც ავტორიტეტული პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ნეიტრალური პოზიციით შეძლებენ ქვეყანა აარიდონ უფრო მეტ საფრთხეს. რაც მთავარია, ეს არის შედეგი იმისა, რომ ქვეყანას არ ჰყავს ეროვნული სპეცსამსახურები. სამწუხაროდ, საქართველო არის იოლად ასარევი ქვეყანა და ამის შედეგს ვიმკით“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

ანალიტიტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე განმარტავს, რომ სპეციალური ოპერაციების სარდლობის შექმნამდეც, საქართველო იყო რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სამიზნე. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა უკვე გახდა მსხვერპლიც და ამის მაგალითია თუნდაც ბორდერიზაციის პროცესი, როდესაც მიზანმიმართულად ხდება საზღვრის გადმოწევა და ადამიანების გატაცება.

„ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენზე და წარმატებასაც კი მიაღწიეს კიდეც. ხშირად გავიგონებთ ქართულ მოსახლეობაში ასეთ ფრაზას – აბა რუსეთს მოვუგებთ ჩვენ ომს? ზუსტად ეს არის მათი მიზანი, რომ ჩვენი პოზიცია მათ აგრესიაზე იყოს ძალიან სუსტი, რომ ისინი ყოველთვის მოგვიგებენ ომს და ამიტომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც რუსეთს სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვართ მარტო და ვერავინ ვერ დაგვეხმარება. ამ გარემოს შექმნა უნდა რუსეთს ამ ფსიქოლოგიური ომით, რაშიც გარკვეულწილად, წარმატებას აღწევენ. მოსახლეობის რაღაცა დონე არის ამის მსხვერპლი“, – განმარტავს ზურაბ აგლაძე.

მისი თქმით, ამ ვითარებაში საქართველოს ერთადერთი რესურსი, რომ დაუპირისპირდეს რუსულ საინფორმაციო ომს, არის ევროპასთან და აშშ–თან ერთად მუშაობა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება.

„მარტო ვერ გავუმკლავდებით, სწორი სტრატეგიის დაგეგმვა სჭირდება, რაც ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. აუცილებელია, რომ ჩვენ არ ვიყოთ მარტო რუსეთთან. აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუშაობა ამ მიმართულებით, ეს იქნება ევროკავშირი, თუ აშშ. საბედნიეროდ, აშშ–ის და ევროპის ბოლო განცხადება, რასაც ვისმენთ და იგივე ინტერპოლის შეფის არჩევა, როდესაც დასავლეთის ძალისხმევით ვერ გავიდა რუსეთის კანდიდატი, იმის მანიშნებელია, რომ დასავლეთი გამოფხიზლდა.

კარგად იციან როგორ აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთი მის მეზობელ სახელმწიფოებთან, ამიტომ, აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეზღუდული გვაქვს რესურსები, თუმცაღა ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია გავუმკლავდეთ რუსეთს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა საქართველოში ორმაგი დატვირთვის საქმე გახდა - საჭიროც და მომგებიანიც, რადგანაც კონიუნქტურიდან გამომდინარე, დონორები ამაზე ფულს უხვად იძლევიან. მთავარია რაღაც აკეთო და დაანახო, რომ აკეთებ.

„თუმცა ჩემი დაკვირვებით, საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შედეგები, რითაც იზომება საქმის წარმატება თუ წარუმატებლობა, საკმაოდ მწირია. ასე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით საშუალო და უფროს თაობას, ასევე ახალგაზრდების გარკვეულ ფენას, უფრო კომფორტულად მიაჩნია რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილ პარალელურ რეალობაში ცხოვრება თავის „პარალელური სიმართლითა“ და „კანონებით“.

ამის ერთ ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენთან რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მთელი ინსტრუმენტარიუმი გარდა იმისა, რომ საკმაოდ პრიმიტიულია და ხორციელდება ისეთი აქტორების მიერ, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა არ აქვთ, ძირითადად მომართულია შედარებით ვიწრო და სპეციფიურ აუდიტორიაზე. ამ აუდიტორიას კი ისედაც შეუძლია ნამდვილი და პარალელური რეალობების ერთმანეთისგან გარჩევა“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.