კომუნალური გადასახადების საკითხს კანონი დაარეგულირებს

კომუნალური გადასახადების საკითხს კანონი დაარეგულირებს

კომუნალური გადახდები ნებისმიერი მოქალაქისთვის ისეთივე ჩვეული საქმიანობაა, როგორც ყოველდღიურად პირის დაბანა თუ პურის ყიდვა. თვეში 2-3-ჯერ ყველა ოჯახს უწევს რომელიმე ბანკში წასვლა და გადასახადების გადახდა. ცალკე თემაა, თითოეულ ოჯახს რამდენი აქვს გადასახადი და ეს მის ბიუჯეტზე როგორ აისახება. ამ შემთხვევაში საინტერესო არის თავად გადასახადების გადახდის პროცედურა.

ცხადია, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ თითოეულ გადასახადზე იწერება ცალკე სალაროს ქვითარი და ამაში თითოეულმა მოქალაქემ ცალკ-ცალკე 50-50 თეთრი უნდა გადაიხადოს და ბანკი ამას მომსახურეობის გადასახადს არქმევს. ჯერჯერობით, ერთადერთი გადასახადი არის დასუფთავების, რომლის გადახდისას მომსახურეობის 50 თეთრი დაწესებული არ არის.
ანუ, გამოდის, რომ დენის, გაზის, წყლის, ტელეფონის და ინტერნეტის გადასახადების გადახდისთვის თვეში დამატებით 2,50 ლარის გადახდაა საჭირო.

ეს ყველაფერი ბანკის შემოსავალია, ვინაიდან, როგორც ბანკებში განმარტავენ, ეს არის იმ მომსახურეობის გადასახადი. ცხადია, თითო ოჯახიდან თვეში 2,50 თეთრი საკმაოდ დიდი თანხაა, მითუმეტეს, რომ საქართველოში, დაახლოებით, 1 მილიონი ოჯახი არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკებს თვეში მხოლოდ აქედან 2-3 მილიონი ლარი შესდით.

როგორც ჩანს, ეს მათთვის საკმარისი მაინც არ არის და კიდევ ამ სფეროდან დამატებითი შემოსავლის წყაროსაც მიაგნეს. ყველამ კარგად იცის, რომ, თუკი დენის გადასახადის გადახდა რამდენიმე საათით მაინც დააგვიანე ან 10 თეთრით ნაკლები მაინც გადაიხადე, კომპანია დენს თიშავს. ჩართვისთვის კი აუცილებელია, რომ ისევ ბანკში მიხვიდე, გადაიხადო დანაკლისი და, რა თქმა უნდა, კიდევ 50 თეთრი იმისთვის, რომ ბანკი მოგემსახურა. რა თქმა უნდა, ცალკე თანხაა გადასახდელი კომპანიისთვის, რომ გათიშული დენი ჩაგირთოთ. 

პრობლემა კი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, ბანკები მომსახურეობის თანხას იღებენ მაინცდამაინც დენისთვის გადასახდელი თანხიდან. ეს კი იმის გარანტიას ქმნის, რომ აუცილებლად მიხვალთ ბანკში და კიდევ დამატებით თანხას გადაიხდით.

რა თქმა უნდა, ძნელი დასათვლელია, ბანკების შემოსავალი კონკრეტულად აქედან კიდევ რამდენით იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივ ბანკებს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვთ.


„პენსიას 80 ლარს ვიღებ და 30 ლარამდე მარტო გადასახედების გადახდა მიწევს. მაგრამ, უკვე მერამდენეჯერ გამიკეთეს ასე, რომ ნაკლებს მახდევინებენ, რაც გამოწერილია, მერე დენს მითიშავენ, მოვდივარ გადასახდელად და კიდევ უფრო მეტს მახდევინებენ. მე სად უნდა ვნახო, საიდან რას გამოაკლეს და მიუმატეს? ან ამ ფულს მე რატომ უნდა ვიხდიდე? მაღაზიაში რაღაცას რომ ვყიდულობ, იმის ფულს ცალკე ხომ არ მახდევინებენ რის საფასურსაც ვიხდი?“ - კითხულობს 67 წლის მარიამ ხვედელიძე, რომელსაც დადიანის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში შევხვდით.

ასეთ საუბარს ხშირად გადაეყრებით და მათი პროტესტიც გასაგებია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბანკებს ამ მომსახურეობისთვის თანხას ეს კომპანიებიც უხდიან.

როგორც „ბიზნეს-პრესასთან“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ განაცხადა, კომიტეტი ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და გაირკვა, რომ ბანკები ამ კომპანიებისგანაც იღებენ გარკვეულ თანხას სწორედ იმ მომსახურებისთვის, რასაც მოსახლეობისგან გადასახადების გადახდისას იღებენ.


ეს კი საპარლამენტო ოპოზიციას უსამართლობად მიაჩნია. როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, ბანკები კომპანიებს ემსახურებიან და მომსახურების საფასურიც, სწორედ კომპანიებმა უნდა გადაიხადონ და არა მოქალაქეებმა.

საინტერესო ის არის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხედულებები ემთხვევა. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე აცხადებს, „ეს ნამდვილად არ არის სამართლიანი“ და დასძენს, რომ მისი კომიტეტი ამ პრობლემის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას ფიქრობს.

თუმცა, მელაძე ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტულ მექანიზმებზე. 

„კერძო კომპანიებთან სწორედ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, გითხრათ, რომ ეს საკითხი კანონით იქნება დარეგულირებული, მაგრამ რა იქნება და როგორ, ეს კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამოჩნდება“, - აცხადებს მელაძე.