აბა, სად ჯონათან სვიფტი და სად მე?!
მაგრამ, ამას რომ ვწერ, დიადი ჯონათან სვიფტის „მორიდებული წინადადება“ მახსენდება და მას ვბაძავ.
ჯონათან სვიფტი ინგლისელებს მორიდებულად სთავაზობდა, ჩვილი ბავშვები (ერთი-ორი წლის) საკვებად კარგია და, ამიტომ, დავკლათ და მათი ხორცი მაღალზნეობრივ და ქუდბედიან პიროვნებებს მივყიდოთ მთელ სამეფოშიო, რათა ირლანდიელ უპოვართა შვილები მშობლებსა და ქვეყანას ტვირთად არ დააწვნენ და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანონო.
როგორც მოგახსენეთ, სვიფტს ვერ შევედრები და, თუ მაინც გავიხსენე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი წინადადება მეპატიოს, თუმცა არამგონია, იმიტომ, რომ სვიფტისათვისაც არ უპატიებათ და მე ვინა ვარ, რო!
ჩემი წინადადება კრივს შეეხება, ბოქსს კი არა, არამედ უძველეს ქართულ საბრძოლო სახეობას, კერძოდ ქალაქურ მუშტი-კრივს.
ქალაქურ კრივზე ინტერნეტში ცნობები კი მოიპოვება, მაგრამ მწირად და ისევ ბიბლიოთეკას უნდა მიაკითხოს კაცმა.
იოსებ გრიშაშვილი თავის მშვენიერ წიგნში, „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“, მუშტი-კრივს „გულისხმიერ და ეპოქალურ“ მოვლენად მოიხსენიებს.
კრივი სხვადასხვა ადგილზე იმართებოდაო, ყველაზე ხშირად - სიონთან ახლოსო.
კრივი ალექსანდრე დიუმასაც უნახავს თბილისში და დაშავებულა კიდეც, ან ძალზე ახლოს მივიდა, ან მონაწილეობის მიღებაც გაბედა, ისე როგორც ღვინის მსმელებს შეეჯიბრა.
იოსებ გრიშაშვილი სახელგანთქმულ მოკრივეებს ახსენებს, მაგ. ქარაფქანდოღას (კლდის დამქცევი) და დნგრ სოლომონას. როგორია ჰა, დნგრ ანუ დნგრა! ეს დნგრა დემნა შენგელაიას ჰყავს გამოყვანილი პერსონაჟად თავის მოთხრობაში, ტოლს რომ ვერ მოუძებნიან, გორიდან ჩამოუყვანენ განთქმულ მოკრივე „ხორველას“ და ის დაამარცხებს.
არისტოკრატებს თავისი ფალავნები ჰყოლიათ. გრიგოლ ორბელიანის ფალავანი იყო ლოპიანა და ლექსიც კი მიუძღვნა მას.
იოსებ გრიშაშვილი წერს: „კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა. კრივი იყო ზნეობითი სწავლა ვაჟკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა“.
კრივი რუსებმა აკრძალეს, როგორც საზიანო. თავისი ჯავრი ჰქონდათ, ქართველების საბრძოლო ხელოვნება არ უნდა განვითარებულიყო. მერე ნება დართეს და მერე ისევ აკრძალეს.
ოთარ ჩხეიძე წერს წიგნში, „რომანი და ისტორია“, 1832 წელს ტფილისის სამოქალაქო გუბერნატორმა ზავილეიცკიმ, გარეთუბანში, მთავარმართებლის სასახლის წინ კრივის გამართვის ნება დართოო. ზავილეისკი პოლონელი იყო და ქართველ შეთქმულებს ანიშნებდა, თუ იწყებთ ბარემ დაწყეთ, ნუღარ აგვიანებთო.
კრივის გახსენება იმიტომ დამჭირდა, რომ საქართველოში საკრივო ამინდია და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?!
მოდით დავუშათ, რომ მოვლენები ასე განვითარდება: „ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, მაგრამ გაიმარჯვებს ძალზე მცირე სხვაობით, სულ რაღაც ორიოდე პროცენტით. „ნაციონალები“ აყვირდებიან, გააყალბესო და უკვე დაბევებულ ადგილზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან, რესურსებს მოიძიებენ, უკანასკნელ კაპიკსაც კი დახარჯავენ და აქციებს უსასრულოდ გააგრძელებენ. მერე რას იზამენ, არ ვიცი - სად უნდა შევარდნენ, ვინ უნდა გააქციონ, ვინ უნდა გადააყენონ, მაგრამ რაღაცას მოიფიქრებენ, თუნდაც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ხელისუფლება ხელს არ ახლებს, დაელოდება, ისინი, თავის მხრივ, ხელისუფლების შეცდომას დაელოდებიან, რომ ტემპერატურა აწიონ, ხალხი მიიმხრონ და შეუტიონ და ასე შემდეგ, კვირებისა და თვეების მანძილზე.
ჰოდა, ჩვენ რაღა ვქნათ უბრალო მოქალაქეებმა, ვისაც „ოცნებაც“ მოგვბეზრდა და „ნაციონალები“ ხომ თვალით არ დაგვენახვება. ჩვენც რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
ბევრი ფიქრის მერე, გადავწყვიტე, რომ მუშტი-კრივია გამოსავალი. ის ძველი, ქართული, ტფილისური მუშტი-კრივი, „გულისხმიერი და ეპოქალური.“
მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვთხოვოთ, არ ჩაერიოს!
გავიდეთ რუსთაველის პროსპექტზე და გავმართოთ მუშტი-კრივი. გამარჯვებულმა რუსთაველის პროსპექტი დაასუფთავოს, დამარცხებული კი შინ წავიდეს, მომავალ არჩევნებამდე, ანუ მომავალ კრივამდე. ნუ გეგონებათ, რომ, თუ „ნაციონალები“ გაიმარჯვებენ რაიმეს მოთხოვნის ჯანი შერჩებათ, ისინიც სახლში წავლენ ნაცემის მოსაშუშებლად. მით უმეტეს თუ ლიდერებიც იბრძოლებენ წინა რიგებში.
რას მოვიგებთ ამით?
იმას, რომ რუსთაველის პროსპექტი გაიწმინდება და დალაგდება, ვნებები დროებით დაცხრება, სალაყბოები დადუმდებიან, მცირე ხნით მაინც. ხალხი საქმეს მიხედავს.
აღორძინდება ქართული მუშტი-კრივის ტრადიცია. ახლა რომ უშნოდ იგინებიან და ბღლარძუნობენ ტელევიზორებში, ასე კი აღარ იქნება, სიტყვაც გაუბასრდებათ და მუშტიც.
შეშინებული და შეფიქრიანებული მთავრობა ხალხს დაუყვავებს, შრომის საშუალებას მისცემს და მოუწოდებს, მუშტი-კრივი გვეყოფა, ვიშრომოთო და ეგებ თვითონაც ამუშავდეს.
რაღა დასამალია და ერთი ნაკლი მაინც აქვს ამ ჩემს პროექტს, და ეს ნაკლი კრივის მონაწილეთა კრივისშემდგომი მდგომარეობაა.
შეიძლება დაიღუპოს კაცი და თანაც არაერთი. შეიძლება მრავალი დასახიჩრდეს. მრავალი თავი რომ გატყდება და მრავალი საავადმყოფოში ამოყოფს თავს, ლაპარაკი არ უნდა - ჰო, სამწუხაროდ ასეა!
სამაგიეროდ, ჩვენ თვითონ დავჩეჩქვავთ ერთმანეთს, ხელისუფლებას ძალის გადაჭარბებაში ვერ დავადანაშაულებთ.
ჩვენში რო ვთქვათ, უკვე ნაწინასწარმეტყველებ სამოქალაქო ომს და ტყვიის სროლას არ აჯობებს?! ახლა არ მითხრათ, ვის უთქვამს და სად გაგონილაო! ვის უთქვამს და პოლიტიკოსს, სად გაგონილა და თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ - რა, აღარ გახსოვთ?!
რომ ვუკვირედები, ეს პროექტი იმდენ სიკეთეს მოიტანს, რომ რა უნდა იყოს ერთი ან ორი კაცის სიცოცხლე, ან რამდენიმე ინვალიდი, როცა საქმე ასეთ პერსპექტიულ სამოქალაქო აქტივობასთან გვექნება!
დამიჯერეთ ხალხო! კარგი გამოსავალია.
არ გეგონოთ, რომ აქედან პირადად რამეს გამოველოდე, ან სახლოვან მიკრივეობას ვესწრაფოდე, უკვე იმ ასაკში ვარ, (მართალი გითხრათ, ვერც ახალგაზრდობაში დავიგდებდი დიდ სახელს) რომ თუ კრივიდან ცოცხალმა გამოვაღწიე, დიდხანს მომიწევს ლოგინის ლესვა!
აბა, სადაური სვიფტი მე ვარ, მაგრამ, მისი მიბაძვით, მორიდებული პროექტი შემოგთავაზეთ, ახლა თქვენ იცით.