უშიშროების საბჭო გაუქმდა, არჩევანი ისრაელის მოდელზე გაკეთდება

უშიშროების საბჭო გაუქმდა, არჩევანი ისრაელის მოდელზე გაკეთდება

უსაფრთხოების საბჭოს მოდელთან დაკავშირებით ორი ვარიანტი განიხილება. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის ინფორმაციით, არსებული ორი ვარიანტიდან ერთ–ერთის არჩევა უახლოეს პერიოდში მოხდება. როგორც კახიშვილი ამბობს, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ–მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება.

გარდა ამისა, მას ასევე ექნება ანალიტიკური ფუნქცია – სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ანალიტიკას განახორციელებს და ხედვას პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. კანონპროექტის სამუშაო ვარიანტით, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან – თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, დაზვერვის უფროსი. მსჯელობის საგანია საბჭოში სახელმწიფო დაცვის სამსახურს მუდმივმოქმედი წევრის სტატუსი ჰქონდეს თუ იყოს საბჭოს მოწვეული წევრი.

კახა კახიშვილის განმარტებით, პროექტის არსებული ვარიანტით, უსაფრთხოების საბჭოში მოწვეული წევრის სტატუსი ექნება იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს. პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არ იქნებიან – საჭიროების შემთხვევაში, კონკრტეულ საკითხებთან დაკავშირებით მათ შეიძლება საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ.

„სამუშაო პროცესში სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი განვიხილეთ. შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აქტიური კონსულტაცია გვქონდა ბრიტანეთის საელჩოსთან, ნატო–ს წარმომადგენლობასთან, ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დავამუშავეთ სტრუქტურა. მზად არის ორი მოდელი, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ შეირჩევა და ამოქმედდება. როდესაც შერჩევა მოხდება, განხილვა გაიმართება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან“, – აცხადებს კახა კახიშვილი.

კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი მოწოდებისა, მთავრობამ არ შექმნა ისეთი სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.

„პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, დაუშვებელია, რომ არ არსებობდეს მსგავსი ტიპის ორგანო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დროულად შექმნილიყო თუნდაც სხვა უწყება, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში გადაიბარებდა უშიშროების საბჭოს ფუნქციებს და შექმნიდა პლატფორმას, სადაც ანალიზზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით უმაღლესი თანამდებობის პირებს ექნებოდათ მუდმივი შესაძლებლობა, რომ ემუშავათ იმ საკითხებზე, რაზეც უშიშროების საბჭო იყო უფლებამოსილი. სამწუხაროდ დღემდე ასეთი შემცვლელი ორგანო არ შექმნილა და ბუნდოვანია როდის და რა ფორმით შეიქმნება ასეთი უწყება“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის წუხილს უადგილოდ მიიჩნევნ ხელისუფლებაში. შს მინისტრის განცხადებით, ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ–მინისტრს.

„არ აქვს არანაირი საბაბი წუხილისთვის. რა ვალდებულებებიც იყო აღებული, თუ არ ვცდები, პირველ დეკემბრამდე ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა იყოს პარლამენტში. ეს ყველაფერი მოხდება თავის ვადებში. ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ–მინისტრს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ აპირებს, საგარეო საქმეთა მინისტრის, ან პრემიერის დუბლირება მოახდინოს, ან დაიწყოს ჭიდაობა, ვინ უნდა იყოს დელეგაციაში.

„მე ვიცი, რომ არის დიდი არეალი. ამ ქვეყანას სჭირდება ყველასთან სიღრმეში შესვლა მოლარაკებების პროცესში. ჩვენ ბევრად მეტი უნდა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან და ნატო–სგან. ჩვენ უნდა ვითამაშოთ უფრო აქტიური როლი, რასაც არ ვაკეთებთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი როლი, რომელიც რთულ რეგიონში გვაქვს, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიულობის კუნძული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. ამ ცვლილებებით უქმდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო და იქმნება უსაფრთხოების საბჭო. თუმცა, ჯერჯერობით გაუგებარი ორგანიზაციის შექმნა და მით უმეტეს, საბოლოო ჯამში როგორი იქნება მისი ფორმირება, არ ვიცით, შესაბამისად, ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე და მით უფრო, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც აშკარა ხდება რუსეთი დაინტერესება, ქვეყნის უშიშროების საბჭოს გარეშე დარჩენა, სახიფათოა.

„სახიფათო ვითარებაა, როდესაც აშკარაა რუსეთის ინტერესები ქვეყანაში, საქართველო დარჩა ეროვნული უშიშროების საბჭოს გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა შიდა პოლიტიკურ ბრძოლას უფრო უთმობს დროს, ვიდრე საგარეო საფრთხეებს. მით უფრო ამ არჩევნების ფონზე. ჯერ ორი უშიშროების ფორმატი გვქონდა, რაც გაურკვევლი იყო, ახლა აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ გვაქვს. ამ ეტაპზე ძალიან დიდი შეცდომაა უშიშროების საბჭოს გაუქმება“, – აცხადებს ზურაბ აგლაძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ იცოდა, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე უშიშროების საბჭო უნდა გაუქმებულიყო, ამის მიუხედავად არ იფიქრეს ალტერნატივაზე.

„ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ შიდა ბრძოლებს უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ, ვიდრე გამოწვევას. გვავიწყდება რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ჩვენი ტერიტორების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენი ქმედებით რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს, იმიტომ, რომ სრულიად იგნორირებული გვაქვს საფრთხეები. იმდენად ვართ შიდა ბრძოლაში ჩართული, რომ უსაფრთხოების საბჭოს შექმნა გამოგვეპარა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ორ მოდელზე მუშაობს. თუმცა, მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილ, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში განხილულიყო საკითხი, რადგან იქმნება კონსტიტუციური ორგანო.

„რაც შეეხება კონკრეტიკას, ექსპერტთა ერთი წრე ისრაელის მოდელზე საუბრობს. დეფინიცია, რომ უშიშროების საბჭო შეიცვლება და შეიცვლება უსაფრთხოების საბჭოთი, ამას დადებითად ვუყურებ. ეს ადრეც იყო გასაკეთებელი, მაგრამ როგორც ყოველთვის, აქაც არის ერთი მაგრამ, ჩვენ პირდაპირ არ უნდა ავიღოთ რომელიმე ქვეყნის მაგალითი და იმ ქვეყნის გამოცდილებას მოვარგოთ ჩვენი რეალობა.

სამწუხაროდ, საქართველოს თავისი გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე განვითარების თავისი სპეციფიკა აქვს, თუნდაც დღევანდელი შიდა პოლიტიკური მდგომარეობით დამთავრებული, იგივე კონსტიტუციიდან გამომდინარე. ამიტომ, უსაფრთხოების საბჭოს შექმნის დროს უნდა გათვალისწინებული იყოს ეს სპეციფიკა“, – ამბობს ბესიკ ალადაშვილი.

მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციაში სამი ძირითადი სპეციფიკა უნდა იყოს ჩადებული. ეს არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური. მათ შორის, საზოგადოებრივ–პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხები.

„ანუ, პოლიტიკური მხარე იმ კუთხით, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს დემოკრატიული პრინციპების თვალსაზრისით, ასევე ამერიკული გამოცდილებიდან უნდა ავიღოთ აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სპეცსამსხურების და ძალოვანი უწყების საკადრო საფინანსო უზრუნველყოფის დროს უსაფრთხოების საბჭოს თანამონაწილეობა. უნდა იყოს კოორდინაცია და კოორდინატორი უნდა იყოს უსაფრთხოების საბჭო. რამდენად იქნება მიღწეული, ძნელი საკითხია, მაგრამ ამ კონსტიტუციის ფარგლებში, ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.