ჩემი მიმართვის ადრესატები არიან საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, ცენტრალური საარჩევნო კომისია და მთლიანად “ქართულ ოცნება”.
ეს მიმართვა მსურდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გამეკეთებინა, მაგრამ არჩევნების პირველ ტურში განვითარებულმა მოვლენებმა მაიძულა აღარ დავლოდებოდი მეორე ტურს და ჩემი სათქმელი დღეს, არჩევნების მეორე ტურის წინ მეთქვა, რადგან აშკარად ვხედავ საშიშროებას რეჟიმის დაბრუნების.
2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ 5 წელი გავიდა და დღემდე არ არსებობს ქვეყანაში ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა კონვენციის განხორციელებაზე და იმის მაგივრად, რომ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ამ 5 წლის განმავლობაში გაუმჯობესებულიყო, ის მნიშვნელოვნად გაუარესებულია.
2018 წლის 9 ოქტომბერს მოსამართლე ნინო ყანჩაველმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის წინააღმდეგ, რითაც პრაქტიკულად “სასამართლო ბეჭედი” დაუსვა იმ ფაქტს, რომ მინიმუმ სამი წელია ქალაქის სატრასნსპორტო სამსახური მიუხედავად იმისა, რომ იცის ამ დისკრიმინაციულ ფაქტის შესახებ, აგრძელებს ქმედებას დღემდე. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქალაქში არის ძალიან ბევრი სივრცე, სადაც სატრანსპორტო სამსახურის მიერ დაკიდული ნიშნის გამო
საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეზღუდებათ კანონის დაურღვევლად ქვეითად, ვიმეორებ ქვეითად მისვლის საშუალება. მაგალითად გორის ქუჩა. იქ ისეა დახაზული პარკინგი და მანქნების მოძრაობის მიმართულება, რომ ეტლით მოსარგებლე პირი იქ ვერ მივა თუ კანონი არ დაარღვია.
5 წლის განმავლობაში როგორც პარლამენტმა, ასევე მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილებები, რომლითაც გაგიკვირდებათ და კიდევ უფრო დაამძიმა შშმ პირთა ისედაც მძიმე მდგომარეობა, რადგან ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არავის გახსენებია შშმ პირთა საჭიროებები. აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ ააქვს კომუნიკაცია შშმ თემთან, ან თუ აქვს, მათი კომპეტენცია ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. გავიხსენებ პრემიერის სიტყვებს რომელიც მან შშმ პირთა წინაშე არსებული პრობლემის შესახებ ბრძანა “აღმოჩნდა”. არადა რაც “აღმოჩნდა” წლების განმავლობაში დგას ეს პრობლემა შშმ პირთა წინაშე და ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო მისი გადაწყვეტა. მადლობა მას ამისთვის, მან ეს გააკეთა და მჯერა კიდევ ბევრ კარგს გააკეთებს მაგრამ მე უფრო მაწუხებს სიტყვები “აღმოჩნდა”. ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ ქონდა კომუნიკაცია თემთან და ეს პრობლემა მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი.
ახლა პრობლემა, რომლის გამოც გადავწყვიტე ამ მიმართვის არჩევნების მეორე ტურამდე გაკეთება და არა შემდგომ. არჩევნების პირველ ტურში მე და ბევრ ეტლითმოსარგებლე პირს საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის უფლება არ მოგვცა. უბანი რომელიც ადაპტირებული იყო ქალაქის მერის არჩევნების დროს არაადაპტირებული დაგვხვდა პრეზიდენტის არჩევნებისას. სხვის შემთხვევაზე არაფერს ვიტყვი და ჩემ შემთხვევაში ქალბატონმა სალომემ ჩემ ხმასთან ეთად, 15 წუთის განმავლობაში დაკარგა მინიმუმ 10 ხმა. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში შემსწრე იყვნენ ჩემი პროტესტის, საარჩევნო უბანი მეორე სართულიდან პირველზე ჩაეტანათ, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ვერ გეტყვით რა მიზნით, ალბათ მხარდაჭერის, მათ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ჩემმა ფაქტმა და ხმა მისცეს ჩემდა სამწუხაროდ ოცნების წინააღმდეგ, თუმცა მანამდე არ აპირებდნენ. ნიშანდობლივი მომენტია, არცერთს არ უთქვამს ქალბატონი სალომეს წინააღმდეგო. ამ დროს ოცნების დეპუტატი თავს იწონებს “ევროპული სტანდარტის დონის არჩევნები ჩავატარეთო. 16 წლიანი ბრძოლის შედეგად მიღწეული ერთ წელიწადში გააქრეთ? ესაა ევროპული სტანდარტი?
იმის მცირე ნაწილსაც ვერ გამოვხატავ ამ მიმართვაში რასაც ვხედავ და მაწუხებს, არ მინდა ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, რადგან ამით ერთეულების გამო ისევ ჩვენ შშმ თემი შეიძლება დავზიანდეთ. არადა პრობლემები მატულობს და არ იკლებს, მიუხედავად იმისა,რომ ადამიანები მუშაობენ, აკეთებენ საქმეს, მაგრამ შედეგი? ვინაა პასუხისმგებელი დისკრიმინაციაზე? წესით და კანონით მთავრობა, მაგრამ გვაქვს კი მორალური უფლება რამოდენიმე თვის დანიშნულ პრემიერს ან მერს მოვთხოვოთ პასუხი ამ ფაქტებზე? რა თქმა უნდა არა და ამიტომაცაა, რომ კატეგორიულად მოვითხოვთ კონვენციის შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნას, რომელის არსებობა და ფუნქციონირება არ იქნება დამოკიდებული რომელიმე პარტიის დღის წესრიგზე, ან მთავრობის ცვლილებაზე. დროა ბოლო მოეღოს უსისტემო მოქმედებებს შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებში. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ შშმ საკითხებზე, მაგრამ მათი მოქმედება ხშირად კრილოვის იგავ-არაკის პერსონაჟების მოქმედებეს მაგონებს. არ მინდა დეტალებში შესვლა, რადგან არ მსურს გული ვატკინო ვინმეს, ჩემი სურვილია მთავრობას მივაწვდინო ხმა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.არ შეიძლება სახლიდან გარეთ გამოსვლის გამო წლების განმავლობაში სასამართლოებში გიწევდეს ადამიანს სიარული, არ შეიძლება შშმ პირის დამოუკებელი ცხოვრების სტილს ამკვიდრებდნენ ადამიანები ვისაც ამის ერთი დღის გამოცდილებაც არ აქვთ. არ შეიძლება ადამიანს წაართვა ხმის მიცემის უფლება და თავს იქებდე ევროპული სტანდარტის არჩევნები ჩავატარეთო. არ შეიძლება გამკეთებელი და შემფასებელი ერთიდაიგივე ინდივიდი იყოს. საკითხის აქტუალობის და შშმ პირთა აქტიურობის გამო არ უნდა წაგვლეკოს დილეტანტიზმა. კმარა ფურცლებში და წერაში ფულის ხარჯვა, დროა რეალური საქმე ვაკეთოთ.
და ბოლოს, მიუხედავად თითქმის ყველა სფეროში არსებული პრობლემებისა , მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სააკაშვილის დროსაც კი, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა დამიპირისპირდა არ მქონია ასეთი მძიმე მდგომარეობა, როგორც დღეს, მიუხედავად იმისა, რბილად რომ ვთვათ, როგორ უსამართლოდ მოექცა ოცნება იმ ადამიანებს, მათ შორის მეც ვინც 2012 წელს საკუთარი სიცოცლის რისკის ფასად გვერდში ვედექით მას, მიტინგებზე დგომა და გულში ხელისბრახუნი არ მაქვს მხედველობაში, მიუხედავად ყველაფრისა მინდა მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც ჩემი სიტყვა ფასობს და ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, 28 ნოემბერს არ დარჩნენ სახლში, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და უარი უთხრან რეჟიმის დაბრუნებას. საარჩევნო კომისიამ კი უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, მივიდნენ და დაუბრკოლებლად მისცენ ხმა თავიანთ სასურველ კანდიდატს.
მე ჩემის მხრივ პირობას ვიძლევი არჩევნების შემდეგ ყველა საშუალება, მათ შორის რადიკალურიც გამოვიყენო იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სახელმწიფოში შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.
P.შ. ეს მიმართვა დაწერილი მქონდა, როცა ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარეს ვუსმინე ტვ იმედის ეთერში და მინდა მასაც მივმართო. ბატონო ბიძინა, გულწრფელად მჯერა ამ ქვეყნისთვის მხოლოდ კარგის კეთების სურვილი გაქვთ, შეუძლებელია თქვენი მდგომარეობის მქონე ადამიანს სხვა რამე ამოძრავებდეს, ამიტომაც იყო, რომ პირველივე დღიდან დავდექი და ვდგავარ თქვენს გვერდით, თქვენი და არა ოცნების რომელიმე წევრის გვერდით, ხოლო შემდეგ როგორ მომექცა ოცნება თქვენი სახელით, ამის გაგება თქვენთვის საინტერესო სიახლე აღმოჩნდება. არ მინდა ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი, რადგან “ვიღაცეების” გამო დაუმსახურებლად შეიძლება გაისვაროთ. სიმართლე გითხრათ თქვენი პატივისცემიდან გამოდინარე დღემდე არ გამომიტანია საჯაროდ ყველა ის რბილად რომ ვთქვათ პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდები და ვხედავ და რომელიც სასწრაფო გამოსწორებას მოითხოვს, მაგრამ თვალის დახუჭვით პრობლემები, რომ არ გვარდება ეს ჩემზე უკეთ იცით. თუ გექნებათ სურვილი, მზად ვარ ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რომლებიც თქვენთვის უცნობია რადგან მიმაჩნია ჩემი მხრიდან და ყველა იმ ადამიანის მხრიდან ვისაც ჩვენ ქვეყანაზე გული შესტკივა ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა ქვეყნის და ხალხის წინაშე დანაშაული იქნება.