ლიკანის ყაზახ ინვესტორებს პრეზიდენტი ბოლო შანსს აძლევს

ლიკანის ყაზახ ინვესტორებს პრეზიდენტი ბოლო შანსს აძლევს

[კომერსანტი]

თუკი ლიკანის კურორტის მშენებლობის ვადები ისევ გადაიწევს, მთავრობა ამ ობიექტს ყაზახ ბიზნესმენებს ჩამოართმევს და გაყიდის. ამის გარანტია ბორჯომის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტალახაძემ, როგორც თავად ამბობს, პრეზიდენტისგან მიიღო.

დეპუტატის შეფასებით, ,,ბორჯომ-ლიკანის“ მშენებლობას ყაზახი ინვესტორები არასწორად უდგებიან.

„მათ ორი წელია პროექტი ვერ დაამტკიცეს და წარმოადგინეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელი პროექტი, იგი დავიწუნეთ ჯერ კიდევ ჩემი საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს, ამის შემდეგ მათ პროექტი შეუკვეთეს თურქულ კომპანიას და გააკეთებინეს. პროექტი ცოტა დასახვეწი იყო და ქართულმა კომპანიამ იგი ძალიან სერიოზულად დახვეწა. მესამე თვეა დოკუმენტი ასტანაში ხელმძღვანელობასთანაა ჩატანილი და გასაოცარია, რომ დღემდე არაა დამტკიცებული. ამ საკითხზე პრეზიდენტთან ვისაუბრეთ და მე მივიღე სრული გარანტია იმისა, რომ თუკი კვლავ გადაიწევს მისი მშენებლობა, დადგება საკითხი, რომ მთავრობა ამ ობიექტს ჩამოართმევს ყაზახებს და გაყიდის,“ – აცხადებს ტალახაძე გაზეთ „ბორჯომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ბორჯომი ისევე განახლდება, როგორც ბათუმი, სიღნაღი და სხვა ადგილები. 2013 წელი ბორჯომის აღმშენებლობის წელი იქნება.

გიორგი ტალახაძის ინფორმაციით, 2013 წლამდე თანხების ნაწილი მოხმარდება პარკის შესასვლელის მოწყობას, ,,ფირუზას“ უკეთდება რესტავრაცია, ასევე დაგეგმილია ბევრი სერიოზული პროექტი.

ბორჯომი-ლიკანის ყოფილი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ "ყაზმუნაიგაზ-სერვისს" 2006 წელს გადასცა. ყაზახები პირობას დებდნენ, რომ ლიკანში საერთაშორისო მასშტაბის ტურისტული კომპლექსი აშენდებოდა. 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახები ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საჯაროდ გააკრიტიკა. პრეზიდენტის კრიტიკიდან თითქმის ერთი წლის თავზე "ყაზმუნაიგაზსერვისის" ხელმძღვანელმა ამანჟოლ კუსაინოვმა ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს პროექტის განხორციელების თაობაზე ახალი დაპირება მისცა. მაშინ ითქვა, რომ კომპლექსი ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციისთვის: ლიკანის კომპლექსი უკვე ას წელზე მეტია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი კურორტია.