კეზერაშვილი, ან შარანგია - ნებისმიერ შემთხვევაში - მიშა

კეზერაშვილი, ან შარანგია - ნებისმიერ შემთხვევაში - მიშა

[გვანცა გიორგობიანი]

ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაასახელა 1-ელ აგვისტოს, შპს „ალფა კომის“ გასხვისებისთვის ჩატარებულ აუქციონზე გამარჯვებული კომპანია - „გოლდენ კომი“, სწორედ ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც  „ალფა კომის“ საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი სამართავად  4 წლის ვადით გადაეცა.

პრივატიცაზიის სამმართველოს პრეს-სპიკერის გიორგი კალანდაძის განცხადებით, „ალფა კომის“ მართვის უფლება წელიწადში 110 000 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, ახალი ინვესტორი ვალდებულია „ალფა-კომს“ პროფილი შეუნარჩუნოს და ამასთან, 4 წლის მანძილზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. აღნიშნული ინვესტიცია ანძის ტექნიკურ გადაიარაღებას - ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისების დანერგვას და  არსებულის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

საინტერესოა თავად კომპანია „გოლდენ კომის“ წარმომავლობა, რომელსაც არა თუ ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ აქვს, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 11 ივლისს, ანუ აუქციონამდე სამი კვირით ადრე. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაცია 1 სამუშაო დღეში განხორციელდა, რაშიც 105 ლარია გადახდილი. ოფიციალურ დოკუმენტში კომპანიის მისამართად დაფიქსრებულია ქ. მცხეთა, აღმაშენებლის N158, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელად დასახელებულია ვასილ ბოლაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური და ფინანსური მხარდამჭერი ბიზნესმენია და, რომელსაც სასტუმრობეის ბიზნესში ნამდვილად აქვს გამოცდილება.

„ალფა კომის“ აუქციონზე გატანისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება სატელევიზო ანძის კონკრეტულ პირზე გასხვისებას გეგმავდა. ჯერ ერთი, თავიდანვე მხოლოდ ერთი მონაწილე ყავდა აუქციონს და ისე დასრულდა სხვას არავის გამოუთქვანს სურვილი აუქციონში მონაწილეობაზე. ერთადერთი გამონაკლისი ტელეკომპანის „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი იყო, რომელმაც თავიდან გადაწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, რადგან ვერაფრით დაადგინა, „ალფა კომის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, კონკრეტულად რომელი ობიექტების გასხვისებას გეგმავდა ხელისუფლება და რომელი ობიექტების პროფილის შენარჩუნებაზე იყო საუბარი.    

ასე რომ, ჯანგირაშვილმა შარში თავის გაყოფას ამჯობინა შორიდან ედევნებინა თვალი აუქციონის მიმდინარეობისთვის, რადგან იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლება მედიის მოთხოვნას აუქციონის შეჩერების შესახებ, არად ჩააგდებდა და სურვილს აუცილებლად შეისრულებდა.

„18-ში დაიდო ლოტი და მყიდველმა 22-ში უკვე დადო პირველი ბიჯი, ისე, რომ  წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე დებდა ბიჯს. ოფიციალურად ეკონომიკის სამინისტრო არცერთ ინვესტორს არ აძლევს ინფორმაციას და „ინფორმაცია“ მხოლოდ ის არის, რაც დევს. მაგრამ რაც დევს, ვერ გაიგებთ, მფრინავი თეფში უნდა მართონ თუ ანძები და, თუ ხელისუფლებასთან არ იყო შეკრული და მისგან ფარულად არ იცოდა ყველაფერი, როგორ აპირებს აუქციონში მონაწილეობას?“ - ამ კითხვებს თავიდანვე სვამდა ჯანგირაშვილი.

ასე იყო თუ ისე, „ალფა კომი“ გასხვისდა და ხელისუფლება ახლა ქუჩაში გამოსული მედიის დაშოშმინებას ცდილობს: „გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კომპანიის მართვა განხორციელდება მაუწყებლობის შესახებ კანონთან სრულ შესაბამისობაში, რაც გულისხმობს აბსოლუტურად ყველა მაუწყებლისთვის, იქნება ეს ტელე, რადიო თუ სხვა, მომსახურების მიწოდებას არა დისკრიმინაციულ და არა შერჩევის საფუძველზე. მომსახურების ტარიფები იქნება სამართლიანი და გონივრული, რაც ასევე კანონით დადგენილი მოთხოვნაა“, - აღნიშნა გიორგი კალანდაძემ.

თუმცა, რას ნიშნავს სამართლიანი და გონივრული ეს ცოტა გაუგებარია, რადგან ეს ორივე ცნება ქვეყანაში რატომღაც სხვადასხვაგვარად აღიქმება ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან. ამასთან, არც იმის თქმა შეიძლება დაბეჯითებით, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციამ ნათელი მოჰფინა ამ საქმეს და ჟურნალისტებიც ბოლაშვილის გვარის გაგონებამ დაამშვიდა.

„4 ივლისს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ გადაკეთდა „ალფა-კომად“. 11 ივლისს მოხდა კომპანია „გოლდენ კომის“ რეგისტრაცია, 18 ივლისს გამოცხადდა ანძის მმართველობის აუქციონი, ხოლო 22 ივლისს „გოლდენ კომმა“ უკვე გააკეთა პირველი ბიჯი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამით შეიკრა სრული სურათი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს იყო კორუფციული სქემა და კორუფციული აუქციონი. ერთი კომპანიის გარდა, არავინ მიიღო აუქციონში მონაწილეობა იმიტომ, რომ სხვა კომპანიებს არ მიუწვდებოდათ ხელი დეტალურ ინფორმაციაზე. მე ჩემს ჟურნალისტებთან ერთად ვიწყებ ნადირობას ამ კომპანიასა და მის ხელმძღვანელზე. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, მათაც იგივე გააკეთონ“, - ასე აუხსნა საკუთარი პოზიცია ნინო ჯანგირაშვილმა ხელისუფლებას.

ანალოგიური პოზიცია აქვს გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილეს ელისო ჩაფიძეს, რომელიც თვლის, რომ კომპანია „გოლდენ კომის“ სახელი და მისი რეგისტრაციის თარიღი პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ გარიგებაზე. ამიტომ, ჟურნალისთი თვლის, რომ  აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება.

„საფრთხე არის ის, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს გაუძვირდებათ გადასახადი. გაძვირდება ასევე, სავარაუდოდ, პირდაპირი ჩართვების ღირებულება, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულად იმოქმედებს დამოუკიდებელ მედიაზე“, - ამბობს ჩაფიძე.

ბუნდოვანი აუქციონები და ტენდერები არაერთგზის ჩატარებულა საქართველოში, მაგრამ მას ამხელა რეზონანსი არასოდეს გამოუწვევია, როგორ ტელეანძის შემთხვევაში მოხდა. მთელს ამ ისტორიაში უმთავრესი პრობლემა თავისუფალი მედიის წინაშე არსებული საფრთხეებია, რის გამოც თემამ აქტუალობა შეიძინა.

რაც შეეხება საფრთხეებს იგი მართლაც პირდაპირ კავშირშია ხელისუფლებასთან და ამიტომაც ითხოვენ ჟურნალისტები ტელეანძის ირგვლივ არსებული ბუნდოვანების გასაჯაროებას. ვასილ ბოლაშვილი რომ ე.წ. „პადსტავნოი“ ფიგურაა, ამაზე სახელისუფლებო კულუარებშიც კი საუბრობენ. თავდაპირველად, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ტელეანძის უკან ისევ და ისევ შარანგიების გვარი ფიგურირებდა. თუმცა, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტენდერი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილის ბიზნესჯგუფს უკავშირდება. სხვათა შორის, კეზერაშვილსთან სხვა მედიაპროექტებიც ასოცირდება, რაზეც, მტკიცებულებების საბოლოო შეგროვებამდე არ ვაპირებთ საუბარს. ისე კი, გამორიცხული არ არის ტელეანასთან დაკავშირებული ინფორმაციაც სიმართლესთან ახლოს იყოს.

პრესაგე.ტვ ცდილობს მოიპოვოს გარკვეული მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებითაც და ამის შემდეგ ალბათ, თამამად შეგვეძლება საუბარი ვის გადაულოცეს ტელეანძა - შარანგიებს თუ კეზერაშვილს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უკან, როგორც ყოველთვის, მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს.