"ფრანს პრესი": "ექს-საბჭოთა საქართველო პოპვარსკვლავის ხიბლს ეძებს"


"ექს-საბჭოთა საქართველო პოპვარსკვლავის ხიბლს ეძებს" - ამ სათაურით სტატიას "ფრანს პრესი" აქვეყნებს და საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ტურნეებს ვრცელ სტატიას უძღვნის.  

"ექს-საბჭოთა საქართველო შესაძლოა, ყველაზე მომხიბვლელი ადგილი არ არის, მაგრამ ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ სტინგის, ენრიკე იგლესიასის და მეისი გრეის მსგავსი პოპ-ვარსკვლავები ტურისტების მოზიდვაში დაეხმარებიან მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები პოპ-კონცერტების სერიის მეშვეობით პატარა რესპუბლიკის იმიჯის პრომოუტერების მცდელობას მასხრად იგდებენ, ოფიციალურ პირებს სწამთ, რომ პოპულარული ადამიანების სიკაშკაშე საქართველოს ხიბლით სხვებსაც აცდუნებს,"- ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორს აქვე საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი მოჰყავს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის ვარსკვლავების ქვეყანაში ჩამოსვლა მას მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის უფრო ნაცნობს გახდის, ეს კი ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილია,"- განაცხადა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც ზღვისპირა ქალაქ ბათუმში სტინგის კონცერტს დაესწრო. სააკაშვილს სჯერა, რომ ტურიზმი შეიძლება, გაღატაკებული ქვეყნისთვის შემოსავლების მთავარი წყარო გახდეს, რომელმაც ტურისტს გასაოცარი მთიანი ლანდშაფტიც შეიძლება, შესთავაზოს და შავი ზღვის პლაჟებიც. მაგრამ ოპონენტები მას იმაში სდებენ ბრალს, რომ იმ დროს, როდესაც ეკონომიკა გლობალური რეცესიისა და მეზობელ რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გამოჯანსაღებისთვის იბრძვის, ის ვარსკვლავების ჰონორარებზე ფულს ფლანგავს. "მიმაჩნია, რომ ეს სწორი არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებობს უამრავი სხვა სასწრაფოდ გადასაწყვეტი პრობლემა, რომელიც სტინგზე მეტად ითხოვს ყურადღებას,"- ამბობს "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი" - წერს "ფრანს პრესი" და აქვე დასძენს, რომ "ხელისუფლებამ ამასწინათ მუსიკალურ არხ MTV-სთან ხელშეკრულება დადო, მომავალ თვეს ის ენრიკე იგლესიასის გახმაურებულ შოუში ჩაერთვება და ამ შოუს უკვე უწოდეს "საუკეთესო წვეულება, რომელიც საქართველოში ოდესმე უნახავთ".

"ამ შოუს მსგავსი მუსიკალური ღონისძიებები საქართველოში მას მოდურ ადგილს ამსგავსებს, სადაც შეგიძლიათ, დიდებული დრო გაატაროთ მსოფლიო ვარსკვლავებთან, რომელთა მოსმენაც გიყვართ," აცხადებს პრემიერ-მინისტრის ოფისის თანამშრომელი გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც კონცერტის ორგანიზებაშია ჩართული. მაგრამ საქართველო პოპ-მუსიკას მხოლოდ საკუთარი თავის პრომოუტირებისთვის არ იყენებს. ხელისუფლებამ მაღალი კლასის კლასიკური მუსიკის კონცერტებიც ჩაატრა, რომელშიც ისეთი მომღერლები მონაწილეობდნეენ, როგორიცაა ბოჩელი, პლაჩიდო დომინგო. გარდა ამისა, თბილისმა თავი მოიწონა ჰოლივუდის მსახიობ შერონ სთოუნით, რომელმაც ივნისში 2008 წლის აგვისტოს ომის თბილისურ პრემიერას ცოტაოდენი ვარსკვლავური ელვარება შესძინა. რა ჯდება ისეთი ვარსკვლავების დაქირავება, როგორიცაა სტინგი და შერონ სტოუნი, უცნობია, მაგრამ ხელისუფელების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს სასარგებლო ინვესტიციაა" - წერს "ფრანს პრესი" და აქვე დასძენს, რომ “მიუხედავად იმისა, რომ MTV-ს შოუს სპონსორები დააფინანსებენ, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კითხვები სამთავრობო ფინანსების გამოყენებასთან დაკავშირებით მაინც რჩება".

"ძალიან მწირია საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, ზუსტად როგორ იხარჯება სამთავრობო ფინანსები და ხომ არ იფლანგება ეს ფული," ამბობს ირმა ზარნაძე, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმი სტუდია "მონიტორისთვის" მოამზადა.

"საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც სარეკლამო აქტივობების ფასი კარგად იცის, ესმის მუსიკის, როგორც პოლიტიკური იარაღის მნიშვნელობა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სარეკლამო პოპ-სიმღერა "მიშა მაგარია" მომზადდა, ხოლო ადგილობრივი მუსიკოსები საარჩევნო მიტინგებზე მას სიმღერით აქებდნენ. ისინი პოპ-მუსიკას პროპაგანდის ინსტრუმენტივით იყენებდნენ იმისთვის, რომ ადამიანებზე გავლენა მოეხდინათ როგორც აქ, საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში," ამბობს ნიკო ნერგაძე, რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის ჟურნალისტი.

"სხვა ასეთ ღონისძიებათა შორის იყო დისკოს ვეტერანი BONEY M-ის დაქირავება იმისთვის, რომ ფრონტის ხაზთან ახლოს, მეამბოხე რეგიონ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაეკრათ და კიდევ 2009 წლის ევროვიზიაზე ქართველი მომღერლების გამოსვლის გამოყენება სააკაშვილის მოსისხლე მტრის, რუსი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის დასაცინად. თუმცა იგლესიასის ფანები ხელისუფლების ბოლო შოუბიზწამოწყების გამო ექსტაზში იყვნენ და MTV-ს ვებ-საიტზე ასობით მადლიერებით სავსე კომენტარს ტოვებდნენ. ერთადერთი, რაზეც ისინი სწუხან, ისაა, რომ სხვა ვარსკვლავები, მაგალითად EMINEM და ლეიდი გაგა არ არიან მოწვეულნი" - დასძენს "ფრანს პრესი".