ქველმოქმედება, რომელმაც შესაძლოა, სოციალური აფეთქება გამოიწვიოს

ქველმოქმედება, რომელმაც შესაძლოა, სოციალური აფეთქება გამოიწვიოს

"ქართული ოცნების" ოფისთან დახმარების სათხოვნელად მისულებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო
 
 ქველმოქმედება, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ "ქართუს" შესაძლოა, უკან უარყოფითად დაუბრუნდეს და მასშტაბური სოციალური პროტესტის სახე მიიღოს - გუშინ "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებმა და ფინანსური კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა "ოცნების" ოფისთან აქციები მოაწყვეს. ისინი მოითხოვენ, რომ მათი ზარალის ანაზღაურებაც მოხდეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილს 600 ათასი ადამიანის ვალი ადარდებს, მაშინ გაუგებარია, მათი ზარალი რატომ არის მისთვის ნაკლებად სადარდებელი.

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს და შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეები მთავრობისაგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ასევე საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები მივიდნენ და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება თანხების დაბრუნების თაობაზე, საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.

"გედევან ფოფხაძე ერთხელ შეგვხვდა, თუმცა მას შემდეგ არ გამოგვხმაურებია. სამი კვირაა, აქ ვდგავართ და ბიძინა ივანიშვილთან ვითხოვთ შეხვედრას. გუშინ მთავრობამ განაცხადა, რომ 2000 ლარს ქვევით ვისაც საბანკო დავალიანება აქვს, ჩამოეწერება. გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ჩვენ ვალი არ გვაქვს, ჩვენი დანაზოგი კომპანიაში შევიტანეთ და საქართველოს ეკონომიკაში ჩავდეთ, თუმცა მათი უწყებრივი დანაშულის შედეგად დავზარალდით და ეს თანხები დავკარგეთ", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ანა ძნელაძემ.

ანალიტიკოსების თქმით, ადვილი პროგნოზირებადი იყო, რომ პრემიერის ორშაბათის გადაწყვეტილებას სხვა დაზარალებულებისა და იპოთეკარების პროტესტი მოჰყვებოდა. მათი აზრით, როდესაც ქვეყანაში სოციალური სეგმენტი პრობლემური გყავს და პრობლემას მხოლოდ ერთს უგვარებ, მსგავს პროტესტს უნდა ელოდო და შედეგების ანალიზი მოახდინო.

მათი აზრით, ამ ქველმოქმედებას თავისი უკურეაქცია ექნება და ეს უკვე ამ აქციებითაც გამოჩნდა. ეკონომისტები აცხადებენ, რომ ამით ხელისუფლება საკმაოდ ცუდ პრეცედენტს ნერგავს და მძიმე ეკონომიკურ-სოცილურ მდგომარებაში მყოფი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს. თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ ეს ივანიშვილის ქველმოქმედებაა, რომელიც მას არჩევნებისათვის სჭირდება და მის გამეორებას ვერავინ აიძულებს. ეს მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ანალიტიკოსი და ეკონომისტი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობას ივანიშვილისათვის მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ქველმოქმედებასაც კარგად გააზრება სჭირდება, რათა ამან სხვა პრობლემების გაათმაგება არ გამოიწვიოს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ასევე ბუნდოვანია, ვალის გამოსყიდვა რა თანხებს უკავშიდება და რეალურად ნამდვილად ამდენი ადამიანი არის თუ არა ე.წ. "შავ სიაში", რაც კიდევ დამატებით კითხვებს აჩენს. მისი თქმით, უიმედო ვალები ბევრად უფრო ნაკლები ღირს და რელურად ფონდ "ქართუს" მილარდ-ნახევრის ვალის გადახდა არ მოუწევს.

"სოციალური სეგმენტი ძალიან პრობლემური გვაქვს. როდესაც ერთ-ერთი სეგმენტის პრობლემის გადაჭრას იწყებ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ამან შესაძლოა, სხვა პრობლემების გააქტიურება გამოიწვიოს. შეიძლება იმის უკუშედეგი მიიღო, რაზეც გათვლებს აკეთებ. მე მგონია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია, გაუთვლელი და არაპროფესიულია. მათ უნდა გაეთვალათ, რომ ამ აქტს სხვა დაზარალებულებისა და იპოთეკარების პრობლემების გააქტიურება მოჰყვებოდა.

"მე ამის უკუშედეგს ამ აქციებით უკვე ვხედავ და ასეთივე უარყოფითი შედეგი გრძელვადიანი ეკონომიკური გათვლებითაც იქნება. ხელისუფლება გრძელვადიან გათვლებს აღარ აკეთებს, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. მათ ახლა ერთი კონკრეტული არჩევნების პრობლემა აქვთ და ცდილობენ, რომ ეს პრობლემა როგორმე გადააგორონ, ხოლო მერე რა იქნება, მერე იფიქრებენ. მათი ქცევა დაახლოებით ასე გამოიყურება", - აცხადებს "რეზონანსთან" ხუხაშვილი.

ეკონომიკური საკითხების ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ დაუშვებელია, ადამიანს ქველმოქმედება იძულებით მოსთხოვო, რასაც, მისი აზრით, ახლა "ოცნების" ოფისთან "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები და "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები აკეთებენ. ჯანიაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია, დაზარალებული მეანაბრეები, რომლებმაც ფინანსურ კომპანიაში ანაბარი იმ იმედით შეიტანეს, რომ მაღალ პროცენტს მოიგებდნენ, იმ ადამიანებთან გავაიგივოთ, რომლებიც ე.წ. "შავ სიაში" მძიმე სოციალური პრობლემების გამო მოხვდნენ.

მისი თქმით, ძალიან ბევრმა ადამიანმა ბანკიდან ვალი ელემენტარული საჭმლის არქონის გამო გამოიტანა, თუმცა ჯანიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი აქციები მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს ლოგიკას სრულიად მოკლებულია და ამ ადამიანებს ვინმემ უნდა აუხსნას, რომ ამ ფულს ხელისუფლება ბიუჯეტიდან კი არ ფარავს, არამედ ეს არის საქველმოქმედო აქტი და ივანიშვილის ვისაც უნდა, იმას დაეხმარება.

"ეს არის სუფთა წყლის ქველმოქმედება და წარმოუდგენელია, ადამიანს ედავებოდე იმაზე, სხვას რატომ ეხმარები და მე - არაო. იძულებითი ქველმოქმედება გინახავთ? საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულები თავს რომ სოცილურად დაუცველებს უტოლებენ, არასწორია. უფასო ფული ყველას სიამოვნებს, მაგრამ ყველაფერი ხომ არ უნდა მოვითხოვოთ? ადამიანებმა დეპოზიტზე თანხები შეიტანეს, მაღალი მოგება რომ მიეღოთ და გაკოტრდა ახლა ეს კომპანიები.

"ესეც ივანიშვილის ბრალი ხომ არაა, შენ რომ საქმე თაღლითთან დაიჭირე? მე პირადი პრობლემა კი არ მაქვს. კი, ბატონო, დაუფაროს ყველას, კაცო, რა ჩემი საქმეა, მაგრამ ეს ხომ მისი ნებაა, ხომ ვერ ვაიძულებთ?! ახლა ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი მწერლებს, ხელოვანებსა და ასეთ ხალხს თვიურად ფულს უხდის. მე წინააღმდეგი კი არ ვიქნები, რომ ჩამსვან ამ სიაში და ყოველთვე ხუთი ათასი მიხადონ. წავიდე, გავაპროტესტო და მოვითხოვო - ეს ხალხი რა ნიშნით შეარჩიე-მეთქი?" - აცხადებს ჯანიაშვილი "რეზონანსთან".

მისივე თქმით, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ფონდ "ქართუს" ამ ვალების გადახდა მილიარდ-ნახევარი არ უჯდება, რადგანაც ეს მხოლოდ ვაჭრობის საქმეა. ეკონომისტი ამბობს, რომ ვინც ელემენტარულ საბანკო სისტემაში ერკვევა, ყველამ კარგად იცის, რომ მსგავსი უიმედო ვალები 5%-ად ან 10%-ად იყიდება. ამიტომ რამდენი უჯდება ფონდს ვალის დაფარვა, ეს უკვე მისი და ბანკების ვაჭრობის საქმეა. ეკონომისტი ამბობს, რომ ამით ყველაზე მოგებული ბანკები არიან, რადგანაც იმის ნახევარსაც ვერ ამოიღებდნენ, რასაც, სავარუდოდ, ფონდი უხდის.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის წევრი რომან კაკულია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი პროტესტი მოსალოდნელია და ამიტომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ინტენსიური უნდა იყოს, რათა მათ სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო აქციაა და ამ ფულს ხელისუფლება ბიუჯეტიდან არ იღებს.

კაკულია ამბობს, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, ეს მხოლოდ ერთჯერადი ხასიათის ქველმოქმედებაა. თუმცა, დეპუტატი აცხადებს, რომ როდესაც საუბარი შეღავათებს ეხება, მას ესმის, რომ მსგავსი შეღავათის სურვილი ნებისმიერ სხვა დაზარალებულ ადამიანსაც უჩნდება.

"აუცილებელია, რომ მსგავსი ფინანსური მაქინაციებით ან იპოთეკით დაზარალებული ადამიანებისათვის სწორი პასუხი და კომუნიკაცია გვქონდეს. მით უმეტეს ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც ყველა რაღაც თემისაგან სარგებლის მიღებას ცდილობს. ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცების გააქტიურება, ერთი მხრივ, ყოველგვარი წაქეზების გარეშე მოხდეს და, მეორე მხრივ, ეს სრულიად მართული პროცესი იყოს.

"რა თქმა უნდა, ლოგიკურია, როდესაც ადამიანს უჩნდება კითხვა - თუ სხვისი პრობლემა გადარდებს, რატომ არის ჩემი დაზარალების ხარისხი შენთვის უფრო ნაკლები. ფაქტია, რომ მსგავს აქციებს ველოდით, მაგრამ აქ ამ ადამიანებს სწორი პასუხები უნდა მივაწოდოთ. თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევას გარკვევა სჭირდება და აქედან გამომდინარე - პასუხის გაცემა.

"ამ ადამიანების დახმარება არა სურვილის არქონის გამო, არამედ იმის გამო ვერ მოხდება, რომ ამის საშუალება არ არის. კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც ისინი აპროტესტებენ, რომ 600 ათასამდე კაცს ვალს რატომ ვუფარავთ, უნდა ავუხსნათ, რომ ამას ხელისუფლება და "ოცნება" კი არ აკეთებს, ეს არის საქველმოქმედო აქტი და კერძო პირის ინიციატივა", - აცხადებს რომან კაკულია.

მისივე თქმით, დღეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გარკვეული ინტერპრეტაცია მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ შეიძლება თანხა, რაც დასახელდა - მილიარდ-ნახევარი ლარი - ფონდს ამდენი არც დაუჯდეს. იმიტომ კი არა, რომ ეს ტყუილია, არამედ იმიტომ, რომ ბანკებსა და ფონდს შორის დე ფაქტო მოლაპარაკება სულ სხვაგვარია. დეპუტატი ამბობს, რომ ეს მათი კომერციული საიდუმლოებაა და აქ მთავარი შედეგის მიღებაა, რომ მილიარდ-ნახევარი ლარის ღირებულების ვალი ხალხს ჩამოეწერება.