ამ დღეებში განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ყოფილი სამხედროები. აპოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები დაღუპული მეომრების საფლავებთან პოლიტიკური შინაარსის მქონე განცხადებებს აკეთებენ. რას ფიქრობენ თადარიგის სამხედროების საქციელზე ომის ვეტერანები, ამის შესახებ For.ge სამხედრო ექსპერტს აკია ბარბაქაძეს ესაუბრა.
როგორ გგონიათ, აპოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები რატომ აკეთებენ დაღუპული მეომრების საფლავებთან პოლიტიკური შინაარსის მქონე განცხადებებს - ისინი გაურკვევლობაში არიან, თუ პარტიული დაკვეთა იმდენად ძლიერია, ღირს ასეთი დავალების შესრულება?
- მედიასთან ამდენი ხნის დუმილი დამარღვევინეთ. ასეთი საკითხების შეფასებისგან ყოველთვის ვიკავებ თავს, რადგან, თუ ეს საკითხი რეალურად აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, მაშინ არჩევნების ფონის შემდეგ უნდა დასხდნენ სამხედროები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და გაარკვიონ სიმართლე. გასაგებია, დღეს რაც ხდება, ჩვეულებრივ, ეს არის პროპაგანდა ერთი ძალისა მეორე ძალის წინააღმდეგ და აქ გამოყენებული არიან მუნდირს ამოფარებული ადამიანები. ეს პროცესი არაჯანსაღია, რადგან საარჩევნო კამპანიაში ჩარევასა და აგიტაცია-პროპაგანდას ნიშნავს. წესით, სამხედროებისთვის ასეთი ტიპის საქციელი მიუღებელი უნდა იყოს, რადგან ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, ვინ იქნება უმაღლესი მთავარსარდალი. საზოგადოებამ თავისი საარჩევნო ხმით უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ასეთი მოწოდებები კი საზოგადოებაზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რასაც ეგენი აკეთებენ, რადგან, თუ ვინმეს გადაწყვეტილი აქვს კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემა, ალბათ, უკვე ჩამოყალიბებულია თავის არჩევანში. ყველას თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარში ერთიანობის სულისკვეთება მაღალია, ხომ არ გადაეცემა ეს განწყობა სხვა სამხედროებს?
- არ ვიცი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადვილად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ზეგავლენის ქვეშ არ ექცევიან. სამხედროებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ოღონდ სამხედრო უნიფორმაში. ადამიანის ფსიქოლოგიის თემაა ეს, რამდენად მოექცევა ვინმეს ზეგავლენის ქვეშ. სწორედ ეს არის სიძულვილის ფორმა, რომელზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებენ. აქ ისევ მიდის საქმე საზოგადოების გაყოფისკენ, რაც ჩვენ გვახასიათებს უკვე დამოუკიდებლობის პირველი დღიდან მოყოლებული და ბევრი უბედურება დატრიალდა ამ ქვეყანაში რადიკალიზაციით, პოლარიზაციით, მხოლოდ ორ ბანაკად დაყოფით და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის სუკის აგენტად, ერის მტრად გამოცხადებით. მსგავსი პრაქტიკა დღესაც გრძელდება და ძალიან ცუდია, როცა ეს ყოფილ ან მოქმედ სამხედროებს ეხებათ.
სამშობლოს დაცვა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს და ორ ბანაკად არ უნდა იყვნენ გაყოფილნი ამ სისტემაში მომსახურე ადამიანები. თუ ეს პროცესი გადავა მოქმედ სამხედროებზე, ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ცუდად აისახება. თქვენ წარმოგიდგენიათ, პოლიტიკური ნიშნით ასრულებდეს ექიმი თავის პროფესიულ მოვალეობას? სხვათა შორის, ასეც ხდებოდა სამოქალაქო ომის დროს, როცა ვიღაც-ვიღაცები სხვადასხვა ბანაკში მუშაობდნენ.
„ნაციონალურად“ განწყობილი სამხედროების განცხადების მიღმა ზოგიერთმა ანალიტიკოსმა სამოქალაქო ომის გაჩაღების სურვილი დაინახა.
- მე ასე ღრმად არ წავიდოდი შეფასებაში, რადგან სამოქალაქო ომის გაჩაღებას სხვა წინაპირობები სჭირდება. უბრალოდ, აქ არიან ადამიანები, რომლებსაც, ალბათ, ეშინიათ 2008 წლის ომის სერიოზული გამოძიების, თუკი ეს გამოძიება მართლაც წარიმართება.
ჩვენ მოვისმინეთ განცხდება, რომ ჰააგაში შეიძლება დადგეს კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი. შემდეგ ამ თემას გამოეხმაურა ემზარ კვიციანი, შეარბილა ტონი და აღნიშნა, რომ ჰააგაში სამხედრო პირთა პასუხისმგებლობა არ დადგება, რადგან ისინი ვალდებულნი იყვნენ ბრძანება შეესრულებინათ. ამდენად, აქ მხოლოდ მთავარსარდლის პასუხისმგებლობაზეა საუბარი. თუმცა გარკვეულ ძალებს სურთ, ჰააგის სასამართლოთი შეაშინონ სამხედროები.
- აქ ტყუილ-მართალია ერთმანეთში არეული. ეს არის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც ახლა ქართველი ერის წინააღმდეგ ხორციელდება.
ჰიბრიდული ომის უკან რუსეთს გულისხმობთ?
- მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთის მხრიდან იქნება, თუ რომელიმე ქართული ძალა გამოიყენებს ამ ყველაფერს. სწორედ ჰიბრიდული ომის შემადგენელი ელემენტია ტყუილ-მართლის არევა. საინფორმაციო ომი არ არის ახალი ტექნოლოგია, ამას ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში იყენებდნენ. დღესაც ამით ქმნიან დღის წესრიგს, საზოგადოებას იძულებულს ხდიან, ამ დღის წესრიგით ისუნთქოს და იცხოვროს. ყურადღების კონცენტრირება ხდება მარტო იმ საკითხებზე, რომლებიც აწყობს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ან მიზნობრივ ჯგუფს. ასეთი კონსოლიდაცია 2008-ში რომ მომხდარიყო, სამ დღეში არ დამთავრდებოდა ომი.
როცა 2008 წლის ომზე ლაპარაკობენ, იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ დაიწყო ეს ომი, არამედ როგორ მოხდა, რომ ეს ომი ვერ ავიცილეთ თავიდან. ხომ უნდა გვცოდნოდა, ვის ვეტაკებოდით, ისიც ხომ უნდა გვცოდნოდა, რომ რუსეთს რომ პირისპირ დაეტაკები, ხანგრძლივი ომის წარმოების გამოცდილების შესაძლებლობა უნდა გქონოდა.
ჩვენ აფხაზეთის ომის გამოცდილება გვქონდა, სადაც სამ დღეში ნამდვილად არ დამთავრებულა ომი და 403 დღე ვაკავებდით რუსებს.
- 2008 წლის ომს, აფხაზეთის ომს, სამოქალაქო ომს როცა ვეხებით, ეს კომპლექსური საკითხებია და ცალკე ამოგლეჯილად ვერ შევისწავლით. კომპლექსურად უნდა შევისწავლოთ განწყობის თეორიიდან გამომდინარე, მზადყოფნიდან გამომდინარე, რესურსებიდან გამომდინარე, საბრძოლო გამოცდილების ოფიცრების დათხოვნიდან გამომდინარე, მასიური ფსიქოზიდან გამომდინარე, ვეტერანების დაუფასებლობიდან გამომდინარე. იოლი არ არის, ადამიანები თავგანწირვამდე მიიყვანო და ისინი მზად იყვნენ ამისთვის. ვინმეს ჰგონია, რომ ვიღაც გასცემს ბრძანებას და ადამიანები პირდაპირ დაუფიქრებლად წავლენ სიკვდილზე? პიროვნება უნდა მივიდეს აქამდე, პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს თავგანწირვისთვის, თავგანწირვის გარეშე ომებს და დიდ ომებს დიდ სახელმწიფოებთან არავინ იგებს. ეს არ არის ერთი პატარა ჯგუფის, ან სამხედროების, ან რომელიმე პროფესიული ჯგუფის თემა, ეს მთლიანად საზოგადოების თემაა. მთელი რიგი საკითხებია, რომლებსაც გაურბიან ვიღაცები და არ აწყობთ მათი გამომზეურება. დღეს რომ ამაყად დადიან, მხრების ქანაობით, ასე არ არის.
განა შეიძლება, უგუნურება ვაჟკაცობად წარმოაჩინო, ხოლო პრაგმატიზმი და სიფრთხილე ლაჩრობად და მოღალატეობად გაასაღო? ეს ხომ ვიღაცის ინტერესშია. ამიტომ ცალსახად იმის თქმა, რომ ვიღაც მოღალატეა, არ შეიძლება. ამას სჭირდება დაჯდომა, განხილვა, შესწავლა. ძალიან ცუდია, რომ ამ ხელისუფლებამ არსებობის ექვსი წლის განმავლობაში ვერ დადო ეს მასალები, ეს საქმეები ვერ შეისწავლა, თუ არ შეისწავლა. ეს მაშინ, როცა ამ საკითხების გარშემო საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იყო მოლოდინი. ეს გადადეს, ეზარებოდა ვიღაცას, ვერ გაართვეს თავი, თუ არ უნდოდა დაყოფა მომხდარიყო, კოაბიტაციის შედეგი იყო თუ არ იყო, ესეც სამსჯელო თემებია. დღეს თუ ვართ საერთოდ მზად რამისთვის ასეთი დაპირისპირების ფონზე? ისიც ვთქვათ, რომ კონსტიტუციურად გამოშიგნულია პრეზიდენტის ფიგურა, ამაზე არავინ იღებს ხმას და ლამის დიდგორის ბრძოლად გამოაცხადეს ეს საკითხი. ისე დაიკაპიწეს ხელები, თითქოს პრეზიდენტის არჩევა ყოფნა-არყოფნის საკითხია. სტრატეგიულად ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება, ზუსტად ასეთი შეცდომა იყო, როცა ჩამოვეკიდეთ მესიჯს, „დავკარგავთ სოხუმს, დავკარგავთ აფხაზეთს“. ამ მესიჯების შემდეგ მართლაც დაეცა სოხუმი და დავკარგეთ აფხაზეთი, რადგან ფსიქოლოგიურად არ ვიყავით მზად შემდეგი ომისთვის. განა იმ პერიოდში არ შეგვეძლო, სხვაგან შეგვექმნა ახალი წინააღმდეგობის ხაზი და, სულ მცირე, გალის შენარჩუნებისთვის გვეომა? ახლა ზუსტად ანალოგიური სისულელე კეთდება. არ იქცევიან ადეკვატურად, უცხოელი დამკვირვებლებიც გაკვირვებულები არიან, იმაზე მეტი ფული იხარჯება ამ არჩევნებში, ვიდრე ღირსო.
რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს კრიზისს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მეორე მხარე შეეცდება, შექმნას საერთო პოლიტიკური კრიზისი. ისინიც ძალაუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან, აქ დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს.
მაგრამ, ალბათ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზაზა დამენიას და სხვა ქართველი გმირების საფლავების პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოყენება ხდება, რომელიც, წესით, ქართველი კაცისთვის წმინდა უნდა იყოს.
- ზუსტად მაგაშია საქმე, როდესაც შენ იმ გმირების სახელს ამ ბინძურ თამაშში რევ, შენ უკვე აღარ სცემ პატივს არც მათ გმირობას და არც მომავალ მებრძოლებს, რომლებიც მზად უნდა იყვნენ იმისთვის, ანალოგიური გმირობა ჩაიდინონ. ამ გმირების გარეშე სახელმწიფოები არ არსებობენ, მაგრამ არ შეიძლება ამხელა გმირობის დახურდავება იმაზე, რომ ჩვენ მთავარსარდლად არ ვცნობთ რომელიღაც კანდიდატურას. რომ მოხდეს ასეთი რამ და ქართველმა ხალხმა სალომე აირჩიოს პრეზიდენტად, ამ შემთხვევაში რას იძახიან?! აღარ დავიცავთ ამ მთავარსარდლის ხელში საქართველოსო?! შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ეს კამათი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არ უნდა გადავიყვანოთ. სამხედროების დაყოფამ და ორად გაყოფამ გამოიწვია სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში. ცხადია, ყოფილი სამხედრო არ ნიშნავს მოქმედ სამხედროს, მაგრამ ყოფილებსაც რაღაც გავლენა აქვთ მოქმედ სამხედროებზე. ვიღაცა ვიღაცის მეთაური იყო, ვიღაცა ვიღაცის მეგობარი იყო. ღმერთის წყალობით, ეს წესები საქართველოში არსებობს და უნდა იარსებოს კიდეც. სამხედრო საქმე ისეთი მექანიზმია, რომელიც პიროვნულ ლიდერობაზე, გმირობაზე, ადამიანის ვაჟკაცობაზე, ურთიერთგატანაზე, მეგობრობასა და ტყვიაზე გადაფარებაზეა აგებული. სხვანაირად ომი ვის გაუგია? ვინმეს უკითხავს, 1993 წელს ერთი და იგივე ხალხი რატომ დავდიოდით საომრად? რადგან ერთმანეთს ვერ ვტოვებდით წინა ხაზზე და ეს ვალდებულება დღევანდელ სამხედროებშიც არსებობს. ისინი ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგნენ, Kameradschaft, რასაც ჰქვია გერმანულ სამხედრო დოქტრინაში, სწორედ ეს არის. ახლა ამ ყველაფრის დახურდავება ხდება რისთვის? მართლა გონებაჩლუნგები უნდა ვიყოთ, რომ რასაც ამდენი წელიწადია, დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული თავს ვაკლავთ და შეიარაღებულ ძალებს ვაშენებთ ოფიცრების ამდენი თაობა, ეს ყველაფერი ჩამოვშალოთ იმის გამო, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. არავის რჩევას არ მივცემ, მაგრამ ყველა უნდა მოიქცეს ისე, რაც სწორად მიაჩნია და არა ისე, რასაც ავალდებულებენ ვიღაცები.