ცნობილმა ბანკირმა, ლადო გურგენიძემ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში “ევროპულ საქართველოს” 22,222,22 ლარი შესწირა, პრემიერ-მინისტრის ინიციტივის, „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების დავალიანების ჩამოწერის შესახებ უარი განაცხადა.
აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა დღეს, ივანე მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე გაახმაურა.
“მოლაპარაკებების პროცესში Vivus იყო კომპანია, რომელმაც გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროექტში მონაწილეობაზე,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე, ევროპის უდიდესი ონლაინსესხების კომპანიის 4finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 2017 წლის 9 ოქტომბერს დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გურგენიძემ ნიკ ჯორდანი შეცვალა.
4finance 2008 წელს დაარსდა და დღეის მდგომარეობით 17 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. აღსანიშნავია, რომ Vivus.ge არის ჯგუფი „4Finance“-ის ბრენდი, რომლის მთავარი პროდუქტიც ონლაინ სესხები გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს, ჯგუფმა „4Finance”-ს ახალი პროდუქტი შესთავაზა, ე.წ. სწრაფი სესხი, რომელიც გულისხმობს სესხის მიღებას უმოკლეს დროში ონლაინ რეჟიმში.
2013 წელს აღნიშნული ბრენდი საქართველოში შემოვიდა და მომხმარებელს შესთავაზა სწრაფი ონლაინ სესხები. 2018 წლიდან კი, სწრაფი გრძელვადიანი სესხების გაცემაც დაიწყო. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს 20 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებზე 500 – 3000 ლარამდე ფიქსირებულ სესხეს 3 -დან 24 თვემდე ვადით გასცემს. სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი არის 5,7%. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 99,9%.
რატომ თქვა უარი პრემიერი-მინისტრის ინიციატივაზე, კომენტარს არ აკეთებენ Vivus – ში. კომენტარს არ აკეთებს ლადო გურგენიძეც, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ ბანკირთან დაკავშირება „კვირამ“ რამდენჯერმე სცადა, თუმცა მისი ტელეფონი გამორთული იყო.
აღსანიშნავია, რომ ლადო გურგენიძე ვიდრე „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანიას დააფინანსებდა, მანამდე – 2012 წელს მან 60 ათასი ლარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016 წელს კი 940 ლარი ასევე ენმ-ს შესწირა.
„კვირას“ ინფორმაციით, სწორედ ლადო გურგენიძემ მიაწოდა გაერთიანებულ ოპოზიციას ინფორმაცია ე.წ. შავი სიების დავალიანების ჩამოწერის შესახებ, რომელიც გუშინ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე გაახმურა და ამომრჩეველთან პოლიტიკური ქულები „ჩაიწერა“.
„კატეგორიულად მოვითხოვთ: პირველი, საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით, არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.
დღეს უკვე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციტივის დეტალებაზე ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განმარტებით, 600 000 საქართველოს მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული, ჯამში, მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
ლადო გურგენიძეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
2007 წლის 1 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძემ შეცვალა. ზუსტად, ერთი წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილმა ჩაანაცვლა.
ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით 2008 წლის პირველ ნახევარში შედგა ფოთის პორტისა და თბილწყალკანალის საპრივატიზაციო პროექტები, რის გამოც 2008 წლის პირველ ნახევარში პრივატიზციიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს, 352 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გურგენიძემ გრანტებისა და სესხების სახით მოიზიდა დაფინანსებები საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან საერთო ოდენობით 5 მილიარდ აშშ დოლარამდე.
სწორედ, 2008 წლის ოქტომბერში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლადო გურგენიძე დააჯილდოვა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
2010 წლის 26 მაისს გურგენიძეს მიენიჭა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი საქართველოს მთავრობის მეთაურობისთვის ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში და ქართულ ბიზნესში ნოვატორული იდეებისთვის.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ლადო გურგენიძე საბანკო სექტორს დაუბრინდა და საქართველოს კიდევ ერთი მსხვილი ბანკის – „სახალხო ბანკის“ – თანამფლობელი და გენერალური დირექტორი გახდა, რომელსაც შემდგომში სახელი შეეცვალა და „ლიბერთი ბანკი“ ეწოდა. ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2017 წლის ოქტომბერში დატოვა. აღსანიშნავია, რომ თანამდებობის დატოვებამდე „ ლიბერთი ბანკის“ 74.64% გაიყიდა და მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია “European Financial Group B.V”(EFG) გახდა.
ცნობილმა ბანკირმა ლადო გურგენიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2007 წელს შეავსო, მაშინ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. მას მეუღლე ლარისა გურგენიძე და სამი ვაჟი ჰყავს. ირაკლი და ლუკა გურგენიძეები 2003 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადნენ, ხოლო 2005 წელს, მაიკლ გურგენიძე აშშ-ის ფლორიდაში გაჩნდა. გურგენიძეები ამერიკასა და სააქართველოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ფლობენ. https://declaration.gov.ge/Home/