საქართველოს მოსახლეობა ბანკის ვალების ჩამოწერის მოლოდინში - რას იტყვის ხვალ მამუკა ბახტაძე?!

საქართველოს მოსახლეობა ბანკის ვალების ჩამოწერის მოლოდინში - რას იტყვის ხვალ მამუკა ბახტაძე?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის 19 ნოემბერს ჩანიშნულ ბრიფინგს მთელი საქართველო ელოდება. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ბანკის ვალებთან ერთად უწევს ცხოვრება, ეს საგანგებო ბრიფინგი საყოველთაო ინტერესის საგანს წარმოადგენს. სწორედ საგანგებო ბრიფინგზე წარუდგენს საზოგადოებას პრემიერი ჭარბვალიანობის და საბანკო სექტორში არსებული პრობლემების დასარეგულირებლად ახალ ინიციატივას. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა ასევე საგანგები ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე კი, ჭარბვალიანობის საკითხზე "გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემის დასაძლევად ე.წ. ,,შავი სიიდან“ უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. მთავრობამ კი უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები.

"ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა და კატეგორიულად მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, მოახდინოს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა ამოიღონ მოვალეთა შავი სიიდან. ამისთვის, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ბანკებთან ურთიერთობაში უნდა ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი“, -განაცხადა ვაშაძემ.

საბანკო სექტორის პრობლემებზე ღიად საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა ,რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგია და რომ ამ ყველაფრის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას. "ეს არის უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი და ამ მონოპოლიებს სათავეში უდგანან ივანიშვილი და სამი ბანკი, რომლებიც ინაწილებენ ქართველების მთელ შემოსავალს და ართმევენ საქართველოს პერსპექტივას," - აცხადებს სააკაშვილი.

სწორედ ექს-პრეზიდენტის მიერ ნახსენებ სამ ბანკთან: "თიბისი ბანკთან", "საქართველოს ბანკთან“ და ,,ლიბერთი ბანკთან“ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მონაწილე სამოქალაქო პირები აპროტესტებდნენ კარტერულ გარიგებებს მილიარდელ ივანიშვილსა და ბანკებს შორის. "ამ ღატაკ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც მდიდრდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ბანკის მესვეურები, ვისთან კარტერული გარიგებითაც, ივანიშვილმა შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბესო გაზდელიანი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კი, დღის ბოლოს ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი მიმართვა "კლოუნადა“ იყო. "ნაციონალურ მოძრაობას“ კი დამშვიდებისკენ მოუწოდა.