ანძა გასხვისებულია, თავისუფალი მედიის ბედი - გაურკვეველი

ანძა გასხვისებულია, თავისუფალი მედიის ბედი - გაურკვეველი

[თეონა ხარაბაძე]

თბილისის სატელეკომუნიკაციო ანძა 110 ათას ლარად გაიყიდა. მაგრამ მყიდველის ვინაობა და ყიდვის პირობები ისევ უცნობია. ეს კი ექსპერტთა და პოლიტიკოსთა თქმით, ამ პროცესს გაუმჭვირვალეს ხდის. თუკი იმ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ობიექტზე არის დამოკიდებული მედიის ფუნქციონირების, მათ შორის 16 ტელეკომპანიისა და 30 რადიო მაუწყებლობის ბედი, ეს საკითხი გარკვეულ ინტერესს იძენს.

კითხვები საკმაოდ ბევრი არსებობს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფიციალურ შეკითხვებს. არც მინისტრი, არც მისი რომელიმე მოადგილე და საერთოდ სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი არ მიდის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიბარეს. ასევე უპასუხოდ დარჩა სამინისტროსთან გამართული აქცია, სადაც მედიის წარმომადგენლები პოლიტიკოსებთან ერთად სამინისტროსგან აუქციონის შეჩერებას და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ითხოვენ.

ცხადია, პასუხი არც მათ გასცა ვინმემ.   

აქციის მონაწილეები ეკონომიკის სამინისტროს წინ ტრანსფარანტებით: „STOP VERA!“, „ნუ ებრძვით მედიას!“, „მოგვეცით ინფორმაცია!“ დაახლოებით, 45 წუთის განმავლობაში, საყვირებით აპროტესტებდნენ ანძის აუქციონის პირობებს.

თუმცა, აქციის მონაწილეებს ვინ ჩივის, ეკონომიკის მინისტრმა კანონმდებლობაც კი დაარღვია, როდესაც პარლამენტში არ მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ანძის პრივატიზებასთან დაკავშირებით ვერა ქობალიას, ან მისი რომელიმე მოადგილის ანდა სულაც სამინისტროს რომელიმე წარმომადგენლის, რომელიც შეძლებდა არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას,  მისვლას პარლამენტის ახლადშექმნილი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ითხოვდა. სამინისტროს ეს მოთხოვნა სამი დღის წინ გაეგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ფრაქციის სხდომაზე მინისტრის მისვლა-არმისვლის საკითხი მაშინვე დაისვა იმ მიზეზით, რომ რეგლამენტის ერთი ჩანაწერის მიხედვით, ცაგარეიშვილის ფრაქცია შექმნილად ითვლება, რადგან მათ მიღებული აქვთ წესდება და არსებობს წევრთა თანხმობა. თუმცა, რეგლამენტის მეორე ჩანაწერში იმაზეც არის საუბარი, რომ ფრაქციას არეგისტრირებს ბიურო. ბიურო კი, ამ ფრაქციის შექმნის შემდეგ არ ჩატარებულა და, შესაბამისად, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ჯერ დარეგისტრირებული არ არის.

თუმცა, როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაში დარეგისტრირებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ფრაქცია შეიქმნა. ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, სათანადო შეტყობინება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ხათუნა კაპანაძეს  პარასკევს გადასცა და სთხოვა, მაშინვე ეცნობებინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, რომ პირველ აგვისტოს ფრაქციის სხდომაზე იყო დაბარებული.

მაშინ ისიც ითქვა, რომ, თუკი მინისტრი ვერ მოახერხებდა მისვლას, გაეგზავნა ისეთი წარმომადგენელი, რომელიც არსებუილ კითხვებს პასუხს გასცემდა. მაგრამ ფრაქციის სხდომაზე არავინ გამოჩენილა.

სხდომის დაწყებისას გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერა ქობალია არ იმყოფება საზღვარგარეთ და იგი ამჟამად ბათუმშია. ასევე, ცაგარეიშვილისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მინისტრის ყველა მოადგილე და ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საზღვარგარეთ მივლინებაში.

„როგორი დამოკიდებულებაც ექნება მინისტრს ახალი ფრაქციისადმი, ისეთი დამოკიდებულება ექნება ფრაქციას მინისტრისადმი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ფრაქციის  წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ამის გამო პასუხს პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვს. როგორც მან ანიშნა, დროა, დაიწყოს ფიქრი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ვალდებულებას მთავრობისა პარლამენტის წინაშე, არამედ - პასუხისმგებლობასაც. მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოიჩინეს სამსახურებრივი გულგრილობა, რაც დანაშაულია.

„საჭიროდ მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი დავით ბაქრაძემ შეაფასოს,“ - დასძინა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება ფრაქციის სხდომის თემას, ცაგარეიშვილს საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ აუქციონის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, „საქტელერადიო ცენტრს“ „ალფა-კომი“ დაარქვეს.

მისივე თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ დედაქალაქში არსებულ ანძას, არამედ უნდა გასხვისდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული 12 ანძა. ცაგარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საქტელერადიო ცენტრს“ დებეტორული დავალიანება ჰქონდა 7 მილიონი, ხოლო კრედიტორული – 3 მილიონი.

„ეს გარემოება საკმაოდ სერიოზულ კითხვის ნიშნებს სვამს. სამწუხაროა, რომ დღეს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მათზე პასუხის გაცემა არ ისურვეს,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სწორედ ამიტომ ფრაქციის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ „ალფა-კომს“ რომელიმე სახელისუფლო კლანი დაეპატრონება და ამ პროცესის გასაიდუმლოება ამიტომ ხდება.  

რაც მთავარია, ფრაქციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან აუქციონის პირობები არის ბუნდოვანი და ამის გამოყენება მედიის წინააღმდეგ ადვილი იქნება. 

ამიტომაც ფრაქციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ამის საშუალება თავად მედიამ არ უნდა მისცეს და მედიას კონსოლიდაციისკენ მოუწოდებენ.

 როგორც ფრაქციის სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ფაქტია, რომ სფეროში შემოდის დიქტატი და სრულიად მედიას უახლოეს პერიოდში დიქტატურის ქვეშ მოაქცევს.

ამის თქმის საფუძველს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის ირაკლი მოსაშვილის განცხადება აძლევს, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსალოდნელია სიხშირეების ტარიფების ზრდა.

„ეს ნიშნავს, რომ შემოდის დიდქტატურა“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ მედიამ უკანასკნელ პერიოდში ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით სერიოზული სოლიდარობა აჩვენა, რამაც შედეგი გამოიღო. შესაბამისად, ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ მედიაში მოსალოდნელი დიქტატურის წინააღმდეგ მედიამ ასევე კონსოლიდირება უნდა მოახერხოს და იბრძოლოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფრაქციის სხდომაზე მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ  მათი კითხვები ამ შემთხვევაშიც უპასუხოდ დარჩა.    

ფრაქციის სხდომაზე საია-ს წარმომადგენელმა ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კითხვები ყოფილი „ტელერადიოცენტრის“ გასხვისების პროცესთან დაკავშირებით, დღემდე უპასუხოდ რჩება.

როგორც მან აღნიშნა, საია გაერთიანებულია ორგანიზაციაში „მედიის ადვოკატირებისთვის“ და არაერთხელ მოითხოვა მინისტრ ვერა ქობალიასთან შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ.

ამის შემდეგ, საია-მ წერილობით მიმართა მინისტრს და ანძის სააუქციონო პირობებში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული, მაუწყებლობაზე არადისკრიმინაციული დაშვება და ტარიფების შენარჩუნების ასახვა მოითხოვა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე სამინისტროსგან მხოლოდ პირობა მიიღეს იმისა, რომ ახალი მმართველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს გაითვალისწინებს, თუმცა, საია-ს მიაჩნია, რომ თუ კანონის მოთხოვნების დაცვა პირდაპირ არ იქნა ჩადებული სააუქციონო პირობებში, ახალ სუბიექტზე მისი ვალდებულება არ გავრცელდება.

ახალგაზრდა იურისტებს ასევე მიაჩნიათ, რომ ანძის გასხვისებასთან დაკავშირებით კითხვები კიდევ უფრო იმიტომ მატულობს, რომ აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი იღებს მონაწილეობას.

ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი ეჭვობს, რომ ყოფილი „ტელე-რადიო ცენტრის“ მომავალ მფლობელს არანაირი 12-მილიონიანი ინვესტიციის გაღება არ მოუწევს და იგი საჭირო თანხების მობილიზებას მართვის უფლებით გადაცემული ობიექტების ქონებიდან მოახდენს.

როგორც ჯანგირაშვილი აცხადებს, „მთელი ქვეყნის მასშტაბით „ტელე-რადიო ცენტრის“ კუთვნილ ტერიტორიებზე მილიონობით ლარია ჩამარხული“.

კერძოდ, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, „ტელე-რადიო ცენტრს“ ძალიან დიდი ქონება გააჩნია, ხოლო მისი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ სხვადასხვა ტერიტორიებზე ათეულობით ძველი, ამორტიზირებული ანძაა დამარხული, რომელთა ჯართის სახით გატანა და გაყიდვა მის მფლობელს მილიონებს მოუტანს.

„შესაბამისად, მომავალ ინვესტორს საკუთარი ჯიბიდან არანიარი 12 მილიონიანი ინვესტიციის გაღება არ სჭირდება, რადგან მას საჭირო ხარჯების დაფარვა „ტელე-რადიო ცენტრის“ ქონებითაც შეუძლია,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორის და მედიის აქტიურობის მიუხედავად, აუქციონი მაინც ჩატარდა, მაგრამ ანძის ახალი მფლობელი ისევ უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.

ინფორმაციის თანახმად, თბილისის სატელეკომუნიკაციო ანძის მფლობელი შპს „ალფა-კომის“ მმართველობის აუქციონში ერთი ინვესტორი მონაწილეობდა. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. აუქციონში მონაწილემ გადაიხადა მოთხოვნილი ბიჯიც, რომელიც 10 000 ლარს შეადგენდა. მართვის მოპოვების ღირებულებად ინვესტორმა 120 000 ლარი დააფიქსირა.

თბილისის ანძის მფლობელი „ალფა-კომი“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი 4-წლიანი მართვის უფლებით გაიცა.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარია, ხოლო კრედიტორული – 2 917 158.59 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

შპს „ალფა-კომი“ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბაზაზე შეიქმნა და მისი სამართალმემკვიდრე იყო. მის მფლობელობაში შედიოდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კიდევ 35 ანძა. მარტო თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ანძა ემსახურება 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას.

ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი კი „ალფა-კომის“ აუქციონის შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

მისი თქმით, აქვს საკმარისი იურიდიული მასალა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუმჭვირვალედ ხდება ეს პროცესი და გაასაჩივრებს კიდეც. მას მიაჩნია, რომ საქმე პირდაპირ ეხება სახელმწიფო კორუფციას, რადგან აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა იყიდება და რა რაოდენობის ქონება გადის აუქციონზე.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ბუნდოვანი განაცხადისა, აუქციონი 18 ივლისს გამოცხადდა და 22 ივლისს უკვე ბიჯი დადო ერთ-ერთმა კომპანიამ.

„ამ კომპანიას ჯილდოც კი ეკუთვნის იმის გამო, რომ მან გამოიცნო, თუ რის ყიდვა სურს“, - დასძინა ნინო ჯანგირაშვილმა.

ასევე, ჯანგირაშვილს გაუგებრად მიაჩნია ის გარემოებაც, თუ რატომ არ არის გაწერილი ბიზნესგეგმა, კონკრეტულად ის, თუ რაში უნდა ჩაიდოს 12 მილიონი ლარი. მისი თქმით, გაუგებარია, რა ვალდებულებას იღებს კომპანია - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თუ უბრალოდ ანძის გარშემო ნეონის ნათურების შემოკიდების.

ჯანგირაშვილი ხაზს უსვამს, რომ იყიდება 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება - ანძასთან ერთად, იყიდება საკმაო რაოდენობის ჯართიც. შესაბამისად, ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ კომპანიას ამ 12 მილიონის ლარის ამოღება ჯართის რეალიზებიდანაც შეუძლია, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ სააუქციონო განაცხადი ამ ქონების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ იძლევა.

„ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ და დიდ სახელმწიფო ქონებას იგდებს ხელში“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მან ისაუბრა მოსალოდნელ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდზეც, რომელიც 2015 წლიდან უნდა დაიწყოს და აღნიშნა, რომ ნაცვლად მოლოდინისა, რომ შეიქმნება სერიოზული, გამჭვირვალე მედიალანდშაფტი, შედეგი შეიძლება სრულიად საპირისპირო იყოს.

ნინო ჯანგირაშვილი „ალფა-კომის“ 100%-იანი წილის მართვის უფლების გადაცემის შედეგად სატელევიზიო სივრცეში დისკრიმინაციული და კაბალური გარემოს შექმნასაც ელის. მისი თქმით, ტელეანძის მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით, ისედაც არსებობდა მუდმივი პრობლემები და რიგი ტელეკომპანიები, მათ შორის „კავკასია“, სამჯერ მეტს იხდიდა იგივე მომსახურებაში, ვიდრე სხვა კომპანიები.

თუმცა, ჯანგირაშვილის თქმით, ეს პრობლემა კანონის საფუძველზე მოგვარდა, როდესაც „ტელერადიოცენტრი“ ვალდებული გახდა, რომ ყველა მედიასაშუალების მიმართ თანაბარი მიდგომა და პირობები ჰქონოდა. ამგვარი ვალდებულება, ჯანგირაშვილის თქმით, სავარაუდოდ, კერძო მფლობელზე ვეღარ გავრცელდება და შესაძლოა, სრულიად გაუგებარი და კაბალური პირობები ჩამოყალიბდეს.