„დედა ენის“ დაწერას გაცილებით ნაკლები დრო მოვანდომე, ვიდრე მის დაცვას“, - ამბობდა იაკობ გოგებაშვილი და მართლაც გოგებაშვილისეული „დედა ენა“ საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში იწერებოდა, როცა ცარისტული პოლიტიკის გავლენით ქართველი თავადები ქართულ ენაზე ლაპარაკს გაურბოდნენ, სკოლებში კი ქართული სახელმძღვანელოები იკრძალებოდა.
რატომღაც დღეს განსჯის საგნად ქცეულა, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და ეს მაშინ, როცა ამ წიგნზე აღზრდილი ბავშვი ზნეობრივად გამართულია. სწორედ ასე მიიჩნევს დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე და განმარტავს, თუკი დღეს დავთმობთ გოგებაშვილის „დედა ენას“, ხვალ ქართული ენის დათმობა მოგვიწევს და პრიორიტეტი ინგლისური ენა გახდება.
მას შემდეგ, რაც იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრების მიმართვა გავრცელდა, „გადავარჩინოთ გოგებაშვილის დედა ენა, დავუბრუნოთ იგი ქართველ ერს“, რომლითაც ისინი სასკოლო პროგრამიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ამოღებას აპროტესტებდნენ, განათლების სამინისტროშიც დაფაცურდნენ.
რა ეტაპზეა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხი, ამის შესახებ For.ge-ს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრი და დამფუძნებელი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული ესაუბრა.
თავის დროზე თქვენ აცხადებდით, რომ იაკობ გოგებაშვილი თავის სამშობლოში ჩაიწიხლა. რამდენად კანონზომიერია, რომ საქართველოში პრობლემა შეექმნა გოგებაშვილისეულ „დედა ენას“ და რით აიხსნება ის ბრძოლა, რაც გაჩაღებულია სკოლებში „დედა ენის“ დატოვება-არდატოვებას შორის?
- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დადებითი გადაწყვეტილებები გაჩნდა. მინისტრმა უკვე გააკეთა კომენტარი, რომ საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა და, ალბათ, საკონსულტაციო საბჭო თუ კომისია იმუშავებს „დედა ენის“ ირგვლივ.
საერთოდ, გვჭირდება კი საკონსულტაციო ჯგუფების შექმნა იმის გასარკვევად, რაც აპრიორია, ანუ უნდა დავტოვოთ თუ არა „დედა ენა“ სკოლებში?
- მინისტრის ასეთი გადაწყვეტილება თავისთავად გულისხმობს, რომ „დედა ენა“ უნდა დავტოვოთ სკოლებში. უბრალოდ, სამწუხაროდ, დღემდე არ მოხერხდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შესაფერისი რედაქციის შემუშავება. უპირველესად ეს განაპირობა იმან, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ტრადიციად იქცა, რომ სხვათა ავტორობით იაკობ გოგებაშვილის გადამუშავებული „დედა ენით“ ასწავლიდნენ. მართალია, გოგებაშვილის „დედა ენა“ იყო საფუძველი, მაგრამ, სინამდვილეში, გადამუშავებული იყო სხვადასხვა ავტორთა მიერ და ამას ხანგრძლივი ტრადიცია ჰქონდა.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში უნდა გამოსწორებულიყო ეს ვითარება და საკუთარი სახელი დარქმეოდა სახელმძღვანელოს, მისი რეალური ავტორი ყოფილიყო დასახელებული. ეს არ მოხერხდა, რადგან მას შემდეგ, რაც ახალი კონკურსები გამოცხადდა, ალტერნატიული სახელმძღვანელოები შემოვიდა, გაჩნდნენ ავტორები, რომლებსაც გოგებაშვილის „დედა ენა“ სხვადასხვანაირად გადამუშავებული, დამახინჯებული ჰქონდათ. თუ არ ვცდები, 12-13 ასეთი რედაქცია გაჩნდა, რომელთაც სხვა ავტორის სახელი ჰქვია, სინამდვილეში, იაკობ გოგებაშვილის მასალაა და მიმდინარე წლამდე ერქვა „დედა ენა“. თვითონ ეს სახელწოდებაც, ანუ „დედა ენა“ საავტორო სათაურია და საავტორო უფლებები უნდა იცავდეს მას. ამ დროს სხვისი სახელით შედიოდა „დედა ენა“ სკოლაში.
საქპატენტმა თუ მოახდინა რეაგირება, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ მოფიქრებულ საავტორო სათაურს, ანუ „დედა ენას“ სხვა ავტორები არ იყენებდნენ?
- წლეულს საქპატენტმა უკვე დადო დასკვნა და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ წლევანდელი გრიფირების დროს „დედა ენის“ სახელით არც ერთ სახელმძღვანელო აღარ შევიდა, თუმცა მასალა ისევ „დედა ენისაა“, ანუ სულ სხვა დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამავე დროს, „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ მიერ მომზადებული იყო გოგებაშვილის „დედა ენის“ რედაქცია, მაგრამ ეს რედაქცია ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე გრიფირების გარეშე აღმოჩნდა. ცხადია, გოგებაშვილის საზოგადოებამ და სხვა საზოგადოებებმაც ამაზე რეაგირება მოვახდინეთ.
რატომ დატოვეს გრიფირების გარეშე „დედა ენა“?
- ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან გრიფირების პროცესი ინკოგნიტოა. ამიტომ გამოსაძიებელია, რომელმა ექსპერტებმა, რა მოტივით და ქვენაგრძნობით დაწერეს უარყოფითი დასკვნები.
ამ ინკოგნიტო ექსპერტებს ფინანსური ინტერესის გამო ხომ არ სურდათ მათთვის სასურველი ავტორის გაყვანა, რომელმაც გოგებაშვილის „დედა ენა“ გადაამღერა?
- რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ვივარაუდოთ. შეიძლება ეს იყო ვიღაცის შეცდომაც. ნამდვილად ვერ დავადებ ხელს სამინისტროს ხელმძღვანელობას, რადგან მათ სპეციალურად მიიღეს გრიფირების დებულება, რომელშიც საგანგებოდ ეწერა, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ ცალკე უნდა მომზადებულიყო და პირდაპირი წესით მინიჭებოდა გრიფი. სამინისტროში ხელმძღვანელობის ცვლილება დაემთხვა ამ პროცესს და ვიღაცამ ამით ისარგებლა. ან ეს არის პირადი შეხედულება, ლიბერალური პოზიცია, რომ „რაღა დროს გოგებაშვილია“, ან ვიღაცის არასწორი შეხედულებები, ან მიზანმიმართული განზრახვა, რასაც თქვენც ბრძანებთ. რა თქმა უნდა, მეც ვეჭვობ, რომ ამაში სუბიექტური ინტერესებია და ამის გამოა, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ რომ შევიდეს სკოლაში, ვიღაცას მოაკლდება ფინანსები.
ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რეალურად დაისვა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“, როგორც ძეგლის სტატუსის აღიარების საკითხი. 2013 წელს „დედა ენის“ სწავლების მეთოდი აღიარებულ იქნა, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი, 2014 წელს მიენიჭა ეროვნული კატეგორია, ამის შემდეგ 2016 წელს ქართული ანბანის ოთხი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკომ აღიარა საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია სწორედ „დედა ენა“. ეს ნიშნავს, რომ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციების საფუძველზეც არის დაცული „დედა ენა“. ამან უკვე მოამზადა სამართლებრივი საფუძველი, რომ სახელმწიფო ვალდებულია „დედა ენაზე“, მის ფუნქციონირებაზე, მის სიცოცხლისუნარიანობაზე იზრუნოს, სხვანაირად არ ენიჭება ეს ნომინაცია.
ვალდებულება სახელმწიფოს აქვს და იმედიანად ვარ განწყობილი. დღეს უკვე არის იმის პირობა, „დედა ენა“ მომზადდეს ისე, როგორც საჭიროა. პირადად მე დღემდე არ ვიყავი კმაყოფილი გადამუშავებული არც ერთი „დედა ენით“, რადგან ზედმეტად ეხებოდნენ იაკობ გოგებაშვილის საავტორო ნებას, თვითმიზნურად ცვლიდნენ საანბანე ნაწილშიც, არასაანბანე ნაწილშიც შეჰქონდათ სხვა ტექსტები, შეჰქონდათ საკუთარი ტექსტებიც. წარმოიდგინეთ, გოგებაშვილის „დედა ენაში“ თანამედროვე შემდგენელი საკუთარ ტექსტს რომ შეიტანდა.
სხვადასხვა თაობის ადამიანებს მოძველებულად სულაც არ ეჩვენებათ გოგებაშვილის ენა. როგორ ფიქრობთ, ნუთუ ასეთი არქაულია გოგებაშვილის „დედა ენა“, რომ გადამუშავებას და თანამედროვეობაზე მორგებას საჭიროებს? იქნებ, იმაშიც არის ხიბლი, რომ, სადაც „შუშანიკის წამების“ რთული ტექსტები ისწავლება ზედა კლასებში, იაკობ გოგებაშვილის მარტივი ენა დაწყებით კლასებში შევინარჩუნოთ და შევინარჩუნოთ გოგებაშვილისდროინდელი ქართულიც?
- გოგებაშვილის გენიალური ინტუიცია იმაშიც მდგომარეობს, რომ მას არაფერი შეუტანია „დედა ენაში“ ისეთი, რასაც მომავალში სიცოცხლისუნარიანობა არ ექნებოდა. არანაირი ტენდენციური მიდგომა იქ არ არის, მას ზოგადადამიანური თემები აქვს შემოტანილი, იგავები, ლექსები და ა.შ. გოგებაშვილის „დედა ენის“ ვარიანტი ჩვენ გვაქვს გაკეთებული და, რომ ნახოთ მისი „დედა ენის“ შედგენილობა, იტყვით, ეს ძალიან თანამედროვეა. ვინც ფიქრობს, „დედა ენაში“ თოხი და ნამგალი არ უნდა ეწეროს, ძალიან ცდება, რადგან ჩვენი ლექსიკის ძირითად ნაწილში შედის ეს ყველაფერი და სამეურნეო დარგში ჯერ კიდევ გამოიყენება. რომც არც გამოიყენებოდეს, ჩვენი ლექსები, მოთხრობები სავსეა ამ ლექსიკით და აუცილებელია, ესენი ისწავლონ ჩვენმა ბავშვებმა.
ვინც ამბობს, გოგებაშვილის „დედა ენა“ მოძველდა, მან ისეთი ახალი წიგნი უნდა დადოს, რომ გოგებაშვილის „დედა ენის“ საპირწონე იყოს.
რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში „დედა ენის“ გადაკეთება-პლაგიატობით იყვნენ დაკავებულნი ისე, რომ არც ახსენებდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელს? ეს მორალს და ზნეობას უკავშირდება, თუ ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ ჩრდილს მიაყენებდა იაკობ გოგებაშვილის, ამ კორიფეს ხსენება და ამიტომ ჩქმალავდნენ მის სახელს?
- იაკობ გოგებაშვილი ამას ეძახდა ჯიბის ინტერესს. ამ შემთხვევაშიც, ეს ადამიანები კარგად სარგებლობდნენ გოგებაშვილის სახელით და სანამ გაუდიოდათ, გაუდიოდათ. გოგებაშვილის „დედა ენას“ ის მადლი აქვს, რომ ის ნამდვილად აყვარებს ბავშვს მშობლიურ ანბანს, საკუთარ სიტყვას და საკუთარ შემოქმედებას. სათნოებასა და კაცთმოყვარეობას უნერგავს მომავალ თაობას. პირველად შედის „დედა ენის“ სამყაროში ბავშვი და უნდა შევიდეს სიყვარულით და სითბოთი. „დედა ენის“ არაჩვეულებრივი დამცველი გვყავს ჩვენ დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე და მისი მოსაზრება „დედა ენის“ შესახებ გასაზიარებელია, რადგან გოგებაშვილის „დედა ენა“ ყველაზე კარგი კარიბჭეა უზარმაზარ სამყაროში ჩვენი მომავალი თაობის შესასვლელად.