დედაქალაქის მედეგობასთან დაკავშირებით კახა კალაძემ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. მისი განმარტებით, მიმდინარეობს დედაქალაქის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს.
„ჩვენ გვსურს, ეს ქალაქი დავიცვათ მეოთხედი საუკუნის ქაოსის შედეგებისგან, რომელმაც თანდათან გამოფიტა თბილისი, გააქრო ის ურბანული ფასეულობები, რომელიც ადამიანის ჯანსაღი განვითარებისა და არსებობისთვისაა აუცილებელი“, - განაცხადა ქალაქის მერმა და უცხოელებს განუმარტავ, რომ ამ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი თანამშრომლობისთვის და ინვესტირების კარგი შესაძლებლობები. რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, განვავითაროთ თბილისი, როგორც მედეგი, უსაფრთხო ქალაქი და იგი მოქალაქეებს, მის მაცხოვრებლებს დავუბრუნოთ.
რამდენად მედეგია ჩვენი დედაქალაქი მის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ?
არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დედაქალაქის მედეგობა ეს არის ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემის უნარი. მაგალითად, ჩვენი დედაქალაქისთვის ბოლო წლებში ახალი გამოწვევები გაჩნდა, მათ შორის, გაჩნდნენ უსახლკაროები, რაზეც ქალაქი შესაბამისად რეაგირებს. მუნიციპალური საცხოვრისის მშენებლობის აქტუალიზაცია მოხდა, რადგან აუცილებელია, მუნიციპალური საცხოვრისები შენდებოდეს.
„მედეგობა სოციალურ და გარემოსეულ გამოწვევებზე რეაგირების უნარია. თუმცა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ქალაქი ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს კი არა, არ პასუხობს. რაც ბატონმა კახამ თქვა, ყველაფერს ვეთანხმები, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. თავის დროზე, როცა ბატონ კახას მერად ირჩევდნენ, მას შევხვდი და ქალაქის განვითარების ჩემეული პოზიცია შევთავაზე. მათ შორის, ჩემი უპირველესი პოზიცია იყო, რომ ხალხს აუცილებლად უნდა სცოდნოდა იმ არქიტექტორების ვინაობა, ვინც არასწორი ნებართვები გასცა. ისინი ჩემი კოლეგები არიან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ. თუნდაც შევაფასოთ აკადემქალაქი, ასეთი ქალაქგეგმარებითი მარაზმი მსოფიოში არ არსებობს. მაინტერესებს, ვინ გასცა ნებართვა, ვინ არის არქიტექტორი. თავის დროზე სტალინმა კარგად თქვა, ქვეყანა კარგად უნდა იცნობდეს თავის გმირებს. ამ შემთხვევაში, გმირებს მე ბრჭყალებში ვამბობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ გასცა არასწორი ნებართვები, გვარები გვინდა. დღეს ზოგიერთებს თავი მოაქვთ, როგორც პატრიოტებს, კალაძეს არ ვგულისხმობ, არამედ მათ, ვინც მანამდე იყო მერიაში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ამ პატრიოტებს შორის ვინ რა დააშავა“,-აცხადებს ლადო ვარდოსანიძე და მიესალმება თავის დროზე არსებული კარგი ინიციატივის აღდგენას, რაც დედაქალაქის დამაქცევრებისთვის აღა-მაჰმად-ხანის ორდენის დაწესებას გულისხმობს.
არქიტექტორი ამბობს, რომ სიამოვნებით აღადგენდა ამ ორდენს და კახა კალაძესაც სთხოვდა, აღა-მაჰმად-ხანის პრემია მომდევნო თბილისობისთვის გამოეცხადებინა. ლადო ვარდოსანიძეს აინტერესებს, ვინ გასცემს ამდენ ნებართვას. ამიტომ უნდა დათვალონ, რამდენ კვადრატულ მეტრზეა სამშენებლო ნებართვები გაცემული და ეს ყველაფერი რომ აშენდეს, ხომ საერთოდ დავიღუპებით. არქიტექტორის თქმით, დღესაც გასცემენ ამ ნებართვებს, შეიძლება, იმდენს არა, რამდენსაც ადრე, მაგრამ ამისთვის სტატისტიკაა საჭირო.
„უნდა შეწყდეს ნებართვების გაცემა და მივხედოთ ჩვენს ქალაქს თუნდაც გენერალური გეგმის ფარგლებში. სწორედ ასეთნაირად მესმის მე ქალაქის მედეგობა და მდგრადობა, რომ, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს სოციალური მედეგობა და შემდეგ ეკონომიკური მედეგობა. ჩვენ ვიხსენებთ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში „ნაციონალების“ დროს განსაკუთრებული უმსგავსობები ხდებოდა, მაგრამ ძველ ქალაქში პრობლემები დაგროვდა არა მხოლოდ 25 წლის განმავლობაში, არამედ 70 და 100 წლის განმავლობაში. ეს დიდი თემაა და კარგია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყო. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს არ არის წინასარჩევნო კამპანიის კომპონენტი“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი For.ge-სთან საუბარში დედაქალაქის სეისმომედეგობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, სეისმოლოგების სურვილია, ეს საკითხი უკეთესად იყოს მოგვარებული, რადგან მთელი რიგი პრობლემებია ამ მხრივ.
„1992 წლის შემდეგ თბილისი 8-ბალიან ზონაშია მოქცეული, თუმცა მანამდე 7-ბალიან ზონაში იყო, ანუ მანამდე ჩვენი შენობები 7 ბალზე იყო გათვლილი. ევროპული სეისმური ნორმები 2020 წელს შემოვა ჩვენთან, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, მათ შორის, მზად უნდა იყვნენ მშენებლებიც. ევროპულ ნორმებში უკვე მითითებულია გრუნტის მაქსიმალური აჩქარება. სხვათა შორის, ჩვენს ნორმებშიც ბალთან ერთად არის გრუნტის მაქსიმალური აჩქარებაც. ეს ნიშნავს ეფექტს, უნდა ვიცოდეთ, გრუნტი როგორი აჩქარებით მოძრაობს, რომ ამის შესაბამისად გამოითვალოს ის ბალები, რაც მიწისძვრის დროს შენობაზე მოქმედებს“, - აცხადებს ზურაბ ჯავახიშვილი.