[თეონა ხარაბაძე]
ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იქნება ინიცირებული. 20 აგვისტომდე კი ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება ექსპერტიზისთვის. ამასთან, იმ საერთაშორისო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავის დროზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს აკვირდებოდნენ, ახლა შეთანხმებული ცვლილებების კანონმდებლობაში ასახვის პროცესში აქტიურად ჩართვის უფლებას აძლევენ.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „პროცესში აქტიურად ჩართვა“ არასამთავრობოების მიერ სარედაქციო ჯგუფისთვის საკუთარი შენიშვნების 20 სექტემბრამდე გაგზავნას გულისხმობს, მაგრამ ეს შენიშვნები იქნება თუ არა გათვალისწინებული, არავინ იცის.
სამაგიეროდ, „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე იმედოვნებს, რომ, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, არასამთავრობოების შენიშვნების ასახვა პრობლემა არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმდინარე სამუშაო პროცესში 8 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. ესენია: „სამართლიანი არჩევნები“, „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ოპოზიციური „რვიანის“ მიერ შერჩეული კონკრეტული არასამთავრობოებიდან წარმომადგენელი კახი კახიშვილი, „მრეწველების“ მიერ წარმოდგენილი პირი, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორიდან ბადრი ნიაური და ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი. ასევე, ჯგუფს დაემატება ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფიდან ერთი წარმომადგენელი.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სექტემბრამდე ჯგუფის შეხვედრა აღარ იგეგმება და, როგორც სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი აცხადებს, ერთმანეთთან კომუნიკაცია მეილების საშუალებით ექნებათ.
რაც შეეხება ამ შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს, უმთავრესი აქცენტი კანონპროექტის ინიცირების თარიღზე გაკეთდა.
როგორც სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი და „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი აცხადებენ, 20 აგვისტოსთვის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში.
„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ამ ფაქტს უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აფასებს და აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას, როგორც წესი, უკვე მიღებული კანონები გადაეგზავნებოდა ხოლმე და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ იქნება ინიცირებული, რაც ცნობილი იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, პავლე კუბლაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვით დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს, ასევე სექტემბერში იქნება პარლამენტში ინიცირებული.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების საკითხები, პირობითად, ორ ჯგუფად გაიყო. პირველი რიგის საკითხებად განისაზღვრა ის, რომელიც რაიმე სახის შეთანხმებას არ საჭიროებს. აქ გაერთიანდა ფაქტობრივად ყველა, გარდა კომისიების შექმნისა.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს 3 კომისიის შექმნას. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებით, უნდა შეიქმნას მედიამონიტორინგის, საარჩევნო სიების გადამოწმების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიები.
პავლე კუბლაშვილის თქმით, ამ კომისიების დაკომლექტების და მუშაობის პრინიციპებზე საბოლოო პოზიციები, სექტემბრისთვის ჩამოყალიბდება.
ამასთან, ამ კომისიების მუშაობასთან დაკავშირებით წინადადებებს არასამთავრობო ორგანიზაციები, სექტემბრისთვის წარადგენენ. ასევე, გადაწყდა, კომისიების ფორმირების და მუშაობის პრინციპები და ასევე უფლებამოვალეობები, კანონით გაიწერება.
რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც დაზუსტებას აღარ საჭიროებს, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორის, საარჩევნო დავების ვადის, გადასატანი ყუთის, პარტიების დაფინანსების წესის და ა.შ.
როგორც ცნობილია, საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, სავარაუდოდ გადაიხედება. აღნიშნული საკითხი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს რამდნეიმე თვის წინ, ხელისუფლებამ შესთავაზა, დღეს კი სარედაქციო ჯგუფი უკვე კონკრეტულ ფორმულირებაზე ჩამოყალიბდა.
კანონის მოქმედი ნორმით, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ასევე, მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს – საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ – სასამართლოში.
სარედაქციო ჯგუფი შეთანხმდა, რომ სასამართლოსთვის მიმართვა, თავიდანვე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში.
რაც შეეხება ვადებს, შეთანხმებული ვარიანტით დგინდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო კომისიაში, ან 4 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კვლავ საბოლოო იქნება.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე 5 %-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, სავარაუდოდ ერთ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს.
ჯერჯერობით არსებულ ვარიანტში, რომელიც პარლამენტს განსახილველად 20 სექტემბრისთვის წარედგინება, ნათქვამია, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას გადალახავს 5 %-იან საარჩევნო ბარიერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს დაფინანსებას ერთ მილიონ ლარამდე საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 000 ლარამდე მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.
შემუშავებული წინადადების მიხედვითვე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების მიზნით შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. აღნიშნულ დაფინანსებას კი საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა წარმოადგენს შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას.
ასევე, კანონით იქნება გაწერილი ის გარემოებაც, რომ ეს თანხა საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა ჩაირიცხოს. ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსებაზე შეზღუდვები დაწესდება.
შემუშავებული წინადადებების თანახმად, აიკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსება იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – საკრებულო, გამგეობა ან მერია.
ასევე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე განხორციელდება. თითო წარმომადგენელზე საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიცემა 50 ლარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 100 ლარი. ეს თანხა საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღისა ჩაერიცხება. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი კი, სავარაუდოდ, გაორმაგდება.
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: თითოეული ფიზიკური პირისაგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან – 30 000 ლარს; თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.
ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: თითოეული ფიზიკური პირისაგან – 10 000 ლარს; თითოეული იურიდიული პირისაგან – 30 000 ლარს.
რაც შეეხება დაგეგმილ ცვლილებას, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფი თანხმდება, რომ არსებული ზღვარი გაორმაგდება.
კერძოდ, პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა, ფიზიკური პირისგან 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, თითოეული იურიდიული პირისაგან კი 200 000 ლარს.
ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა თითოეული ფიზიკური პირისაგან 20 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან – 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომელთა შორის დაფინანსების ზღვარის გაზრდაც იქნება, პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იქნება ინიცირებული. მანამდე კი, 20 აგვისტოსთვის, ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
ასეთია შეთანხმების საკითხები დღევანდელი მდგომარეობით. მაგრამ საბოლოოდ რა აისახება კანონმდებლობაში და, რაც მთავარია, შეცვლის თუ არა საარჩევნო გარემოს, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორს ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩნია.
„ჩვენ გვაქვს რეკომენდაციების მთელი პაკეტი შემუშავებული სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დავების საკითხი და ა.შ. ამ ეტაპზე, რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, საუბარია მხოლოდ შეთანხმების საკითხებზე და როდესაც ეს საკითხები შეთანხმდება, არ გამოირიცხება, რომ სხვა ტიპის საკითხებზეც მოხდეს მუშაობა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, გააუმჯობესებს თუ არა საარჩევნო გარემოს, გეტყვით, რომ კონკრეტული პარტიების ფინანსურ მდგომარეობას, ალბათ, გააუმჯობესებს,“- აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ეკა სირაძე.