მაშინ, როცა “ნაცები” და “ქოცები” 30 ვერცხლად და ერთმანეთზე ავის წამოძახებით წინასაარჩევნო კამპანიით არიან დაკავებულნი, ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაზრდილია და ადგილობრივ წარმოებებს დახურვა ემუქრება.
– რატომ? იმიტომ, რომ ტრანსნაციონალური კომპანიების ლობისტების, ყოფილი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და “ბღუჯა ფულებით” გაოცებული ქუმსიშვილის პოლიტიკა ისევ გრძელდება, რაც, ექსპერტების თქმით, ადგილობრივი წარმოებების გაჩერებას და ქართულ ბაზარზე ტრანსნაციონალრი კომპანიების გაბატონებას გულისხმობს და ქვეყანაში უმუშევრობის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.
სიტუაციის უფრო ნათელი სურათი რომ დავინახოთ, განვიხილოთ ტრანსნაციონალური კომპანიების მოქმედების სქემა და მაგალითისათვის გადავხედოთ, თამბაქოს ბაზარს, სადაც ადგილობრივი მოთამაშეების გარდა, რამდენიმე ტრანსნაციონალური კომპანიაა წარმოდგენილი. ესენია: Philip Morris International; American Tobacco; Japan Tobacco International da Imperial-Tobacco. მათი, ისევე, როგორც სხვა ტრანსნაციონალური კომპანიების მოქმედების სქემა, მთელს მსოფლიოში ერთნაირია.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი აზიკო (ილია) სისვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ტრანსნაციონალური ანუ ფინანსურად უძლიერესი კომპანიები სხვადასხვა ბაზრებზე დემპინგური ფასებით შედიან და ადგილობრივ წარმოებას ბაზრიდან აძევებენ.
“დემპინგური ფასით ბაზარზე შესვლა ნიშნავს, რომ მათი მიზანი კონკურენტების ჩამოშორება და ადგილობრივი ბიზნესის განადგურებაა. ადგილობრივი ბიზნესის გაკოტრების შემდეგ კი ისინი პროდუქტის ფასს არა საბაზრო დონეზე, არამედ მონოპოლიურად მაღალ ფასად ყიდიან, რადგან ის ზარალი, რომელიც წარსულში განიცადეს, აინაზღაურონ და პლუს მონოპოლიური ზემოგებაც აიღონ. მოსყიდვა, კონკურენტების ფინანსური მაქინაციების საშუალებით გაკოტრება და ჩაკვლა მათი მოქმედების ჩვეულებრივი ტაქტიკაა” – აცხადებს სისვაძე.
თამბაქოს ტრანსნაციონალური კომპანიები თავიანთ მოგებას იმ სეგმენტში ნახულობენ, რომელიც მაღალშემოსავლიან საზოგადოებრივ ფენაზეა გათვლილი. მაგალითად: “პარლამენტიდან”, “კენტიდან”, “მარლბოროდან”, “დავიდოვიდან” “სობრანიედან” იღებენ ზემაღალ მოგებას, რადგან დაბალშემოსავლიან სოციალურ ფენაზე გათვლილ “ბონდს”, “მაგნას” და ა.შ. დაბალფასიან სიგარეტებს ვერ ყიდიან. მათ ამ სეგმენტში კონკურენციას ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი უწევს. 2014 წელს ამ კომპანიებმა საქართველოში დემპინგური ფასებით მოქმედება დაიწყეს, თუმცა, ამის მიუხედავად, მთავრობის მიერ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის ნაცვლად, თამბაქოს ქართულ პროდუქციაზე, აქციზის გადასახადი რამდენჯერმე გაიზარდა, რამაც მწარმოებლები და მომხმარებლები მნიშვნელოვნად დააზარალა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, საგრძნობლად იკლო საბიუჯეტო გადახდებმა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში არც აქციზის გადასახადი შემცირებულა და არც ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულირება მომხდარა. ექსპერტ აზიკო სისვაძეს აზრით, ამ ამბავს მოქრთამვის სუნი ასდის, რაც კონკურენციის სააგენტოს პასუხისმგებლობაა.
“მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში კონკურენციის დაცვა და მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოებრივად უმაღლეს დონეზეა აყვანილი, იმიტომ, რომ ეს მონოპოლიები ანგრევენ ჯანსაღ ბიზნესს, აფერხებენ მის განვითარებას, ზრდიან ფასებს, ამუხრუჭებენ სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს, აღატაკებენ მოსახლეობას და საბოლოოდ ქვეყანა მიჰყავთ კატასტროფისაკენ. ჯონ კეინზმა დაასაბუთა, რომ კაცობრიობას და ეკონომიკას მომავალი არა აქვს ეკონომიკის რეგულირების გარეშე და ამ რეგულირების მექანიზმში ძირითადი და წამყვანი როლი დააკისრა კონკურენციის დაცვასა და მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენთან თვითდინებაზეა მიშვებული.
ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში კონკურენციის სააგენტო თავის ფუნქციას ვერ, ან არ ასრულებს. ეს შეიძლება ორი მიზეზით აიხსნას. პირველი – შესაძლოა, მთავრობიდან მოდის დირექტივა, რომ მონოპოლიებს ხელი არ ახლონ, ან ტრანსნაციონალური კომპანიების ბაზარზე შემოსვლა ვიღაცებისთვის დამატებით შემოსავლის წყაროდ არის ქცეული.
საქმე ისაა, რომ ტრანსნაციონალური კომპანიების დემპინგურ ფასად ბაზარზე შემოსვლა ზღუდავს და ყლაპავს არა მარტო ადგილობრივ მწარმოებლებს, არამედ ამით იზღუდება მოსახლეობის ჯამური მსყიდველობითუნარიანობაც, რაზეც სამწუხაროდ არავინ საუბრობს.
ვგულისხმობ იმას, რომ ბაზარზე დემპინგური ფასი მანამ გრძელდება, სანამ მონოპოლისტი კომპანია კონკურენტს არ გაანადგურებს, ხოლო კონკურენტის ჩაყლაპვისა და განადგურების შემდეგ პროდუქციის ფასს ზრდის ისე, რომ ამოიღოს ის ზარალიც, რაც საქონელზე დემპინგური ფასის დაწესების პერიოდში მიიღო. ხოლო როცა მოსახლეობა პროდუქტს გაზრდილი ფასით ყიდულობს, ის უარს ამბობს სხვა სახის პროდუქტზე, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესი აწარმოებს.
მაგალითად, თუ 1 თვეში ადამიანს 150 ლარის სიგარეტი სჭირდებოდა, იგივე რაოდენობა მომატებული ფასის გამო თვეში 250 ლარი დაუჯდება, ანუ მათ შორის სხვაობა 100 ლარია და ზარალდება ყველა ის ფირმა, რომლის პროდუქტიც მომხმარებელს ამ 100 ლარით უნდა შეეძინა.
გარდა ამისა, როდესაც დემპინგური ფასებით ადგილობრივი ბიზნესი კვდება, ეს იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შემცირებას და მთლიანად, მოსახლეობას, აი, ამ შემცირებული შემოსავლებით იაფი საქონლის შესყიდვაც აღარ შეუძლია.
გარდა ამისა, თუ ადგილობრივ ბაზარზე შედარებით იაფიანი სიგარეტი აღარ გამოვა, ან თუ თამბაქოს ფასი საგრძნობლად მოიმატებს, იქნება კონტრაბანდის საფრთხეც, ე.წ. შავი ბაზარი და ეს იქნება მთავრობისგან ბიძგი, რომ ადამიანებმა ხელი მიჰყონ კონტრაბანდას.
შეგვიძლია ეს სქემა ასე ავაგოთ: დემპინგი, დემპინგს მოყვება ბაზრის მონოპოლიზაცია, ამას მოჰყვება საქონლის გაძვირება, საქონლის გაძვირებას კი მოჰყვება კონტრაბანდა, იმიტომ, რომ როცა პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძვირია და უცხოეთში იაფი, აუცილებლად გაჩნდება ცდუნება და მიდრეკილება, რომ შემოიტანონ უცხოური საქონელი და აქ ძვირად გაყიდონ შავი ბაზრის მეშვეობით. ამ შედეგებზე აუცილებლად უნდა იფიქროს მთავრობამ” – ამბობს ჩვენთან საუბრისას ექსპერტი აზიკო (ილია) სისვაძე.
საგანგაშო ჩანს საფრთხე, რომელიც “თბილისი თამბაქოს” გაზრდილი აქციზის გადასახადითა და ტრანსნაციონალური კომპანიების ბაზარზე შემოსვლით ემუქრება, რაზეც თვითონ “თბილისი თამბაქოს” გენერალური დირექტორი ზვიად მუკბანიანი საუბრობს.
“ჩვენ ვართ მეწარმეები, რომლებიც ვცდილობთ ურთულეს საკონკურენციო გარემოში გადავარჩინოთ ქართული წარმოება, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის დასაქმება და ბიუჯეტში ფულის გადახდა. რაც შეეხება ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ისინი 2014 წლის ბოლოდან თვითღირებულებაზე ბევრად უფრო იაფად ახდენდნენ თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციას, რითაც, სხვათა შორის, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ერთ-ერთ მთავარ მუხლს უხეშად არღვევდნენ. მაგრამ ეს მათი ტაქტიკაა – “ინვესტორებს” ამოფარებული მანტიებით შემოდიან ქვეყანაში, ახდენენ ადგილობრივი წარმოების განადგურებას იმისათვის, რომ ბაზარი მთლიანად დაიკავონ” – აცხადებს მუკბანიანი.
როგორც ცნობილია, მსხვილ მოთამაშეებს, საქართველოში ინვესტიციები არ განუხორციელებიათ და გაუგებარია, რატომ აღიქვამენ მას ინვესტორად და რატომ ცდილობს ხელისუფლება, მისცეს საშუალება გაანადგუროს ადგილობრივი წარმოება. ამ ტრანსნაციონალურ კომპანიებს ინვესტიციები ჩადებული აქვთ უკრაინაში, სადაც ქარხნები ააშენეს და იქაური ხალხი დაასაქმეს, შესაბამისად, უკრაინის ბიუჯეტში შეაქვთ ფულიც. საქართველოში, სწორედ უკრაინაში ნაწარმოები სიგარეტი შემოდის, იყიდება და აქედან ფული უკან გადის. საქართველოს ბიუჯეტში ისინი არაფერს იხდიან.
თამბაქოს ბაზარზე შექმნილ ასეთ გაუკონტროლებელ სიტუაციაში, როგორც ჩანს, ადგილობრივმა კომპანია “თბილისი თამბაქომ” საკუთარი ძალებით სცადა წარმოების გადარჩენა. გამომდინარე იქიდან, რომ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმშია მოქცეული (უფილტრო თითქმის 3-ჯერ ნაკლებად იბეგრება), ქარხანამ 2017 წელს უფილტრო სიგარეტი “პირველი” გამოუშვა, რითაც წარმოებას ფუნქციონირების საშუალება მიეცა და იმავე წელს ბიუჯეტში 58.3 მლნ ლარი შეიტანა. 2018 წელს სექტემბრის ჩათვლის შეტანილია 51.5 მლნ ლარი.
იმის გამო, რომ სიგარეტის ჯიხურებში სიგარეტის აქსესურების ჩამონათვალში ასევე იყიდება ცალკე ფილტრებიც, მავანთ, როგორც ჩანს, ამ ფაქტის გამოყენება სურს ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ. მიუხედავად ადგილობრივი წარმოების წახალისების და პლუს, ბიუჯეტში შეტანილი თანხის გაზრდისა, აქტიურად განიხილება თემა, რომ ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი ფილტრიანი სიგარეტის დაბეგვრის რეჟიმში მოექცეს და საამისოდ საგადასახადო კოდექსში სპეციალური ცვლილება შევიდეს.
“აფბას” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ჩვენთან საუბრისას აღნიშნულ ცვლილებას მცდარს უწოდებს და ამბობს, რომ ფასების, ამ შემთხვევაში კი, აქციზის ზრდა ქვეყნის საერთო ეკონომიკურ მაჩვენებელზე ცუდად აისახება.
“ვზრდით ფასებს იმისთვის, რომ შევამციროთ მწეველთა რაოდენობა? – მინდა გითხრათ, რომ ეს არ მოგვცემს ეფექტურ შედეგს. გადასახადების ზრდა კი ბიზნესისათვის დამატებითი წნეხია. ამიტომ მიჩნდება კითხვა: ვის სჭირდება ამ კანონის ცვლილება?”
მართლაც, ეს არის კითხვა, რომელიც, შესაძლოა, რიტორიკულად განვიხილოთ, ვინაიდან, ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ გაშლილი “შავი პიარი” პირდაპირ მიანიშნებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინტერესებზე.
ჩვენი რამდენიმე წყაროს თანახმად, ქუმსიშვილი მსხვილ კორპორაციებს ლობირებდა და მათი მითითებით მოქმედებდა. დღეს ქუმსიშვილის საქმეებს შესაბამისი ორგანოები სწავლობენ. ამდენად, ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ გალაშქრებით ქუმსიშვილი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობს, თუ ჯერ კიდევ შემორჩა ხელისუფლებაში პარტნიორები და ძველი სქემა მუშაობას განაგრძობს, ჯერჯერობით, უცნობია.