[მანანა ნოზაძე]
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აქცია, სახელწოდებით „STOP VERA“ გაიმართა. მართალია, თავად მინისტრი ვერა ქობალია სამინისტროში არ იმყოფებოდა, მაგრამ აუქციონი მაინც „შედგა“ და ამ შეძახილმაც ვერ შეაჩერა ანძის გასხვისების პროცედურა. აუქციონის შესაჩერებლად აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა და პოლიტიკოსების ნაწილმა საყვირის ხმით სცადეს ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების ყურადღების მიპყრობა.
როგორც გაირკვა, ვერა ქობალია ბათუმში იმყოფება, კონკრეტულად, „შერატონ-მეტეხი-პალასში“, და სულაც არ შეესაბამება სიმართლეს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ჭორი, თითქოს, მათი მინისტრი საზღვარგარეთ მივლინებაშია.
ხმაურიანი აქციის დასასრულს ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელმა დავით აქუბარდიამ გვითხრა, რომ ანძის გასხვისებასთან დაკავშირებით, სამინისტროდან ინფორმაციას მაინც არავინ გამოიტანდა. ამდენად, უმჯობესი იყო, აქციის მონაწილენი დაშლილიყვნენ, თავად კი აუქციონის შედეგებს დაელოდებოდა და, თუ ეკონომიკის სამინისტროს პასუხი მედიისთვის არასასურველი აღმოჩნდებოდა, სასამართლოში გაასაჩივრებდა. თუმცა დავით აქუბარდია საპროტესტო აქციის მსვლელობისას გულს მაინც არ იტეხდა და პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას არ გამორიცხავდა, რომ ხელისუფლებას შეეძლო გონიერებისთვის მოეხმო და აუქციონი შეეჩერებინა.
აქციის დაშლიდან ცოტა ხანიც არ იყო გასული, რომ გაირკვა, თბილისის სატელეკომუნიკაციო ანძა 110 ათას ლარად გაიყიდა და იგი აუქციონში მონაწილე ერთადერთმა ინვესტორმა შეიძინა. ამდენად, ანძის გაყიდვის მოწინააღმდეგეებს ალბათ, ერთადერთი გზა დარჩენიათ - სასამართლო.
ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ისევ არაფრით ამხელს ინფორმაციას აუქციონის შესახებ, რაც აშკარად კორუფციული გარიგებაა.
„ანძის მართვის უფლებას დაეპატრონება ხელისუფლების მეგობართა ჯგუფი. ამიტომაც მოვითხოვთ აუქციონის შეჩერებასა და მისი გამართვის შემთხვევაში, მის შედეგთა გაუქმებას.
უარი რატომ განაცხადეთ აუქციონში მონაწილეობაზე?
- უარი განვაცხადე, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა ინფორმაციის მოძიება. ერთი კვირის მანძილზე გასასხვისებლად გამოტანილი ქონების შესახებ ინფორმაციას ვითხოვდი, რათა მქონოდა გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. ამის უფლება არ მომცა ეკონომიკის სამინისტრომ, მათ შემიზღუდეს ინფორმაცია და არ მომცეს აუქციონში მონაწილეობის საშუალება.
საშუალება რომ მოეცათ, რამე შეიცვლებოდა?
_ რა თქმა უნდა, ამას მოვახერხებდით. მართვის უფლებით თუ ავიღებდით, ეს იქნებოდა გამჭვირვალე, ეს იქნებოდა მედიაკოალიციის მიერ მართული და აღარ გვექნებოდა ის პრობლემები, რაც დღეს იქმნება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ დავალიანების გამო ასხვისებს ობიექტს. რამდენად მომგებიანია ეს ობიექტი?
- არა, დავალიანება არ აღემატება იმ დავალიანებას, რომელიც თავად ტელეცენტრის მიმართ გააჩნიათ. ანუ დებიტორული დავალიანება მეტია, ვიდრე კრედიტორული. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია მომგებიანია. რაც შეეხება დავალიანებებს, ეს გახლავთ პირველი არხისა და მთელი რიგი სამთავრობო ტელევიზიების დავალიანებები. დღევანდელი მდგომარეობით, ამ ორგანიზაციის დავალიანება არცერთი თეთრი არ მაქვს. მე და ჩემნაირებს არავინ მოგვცემდა უფლებას, დაგვეგროვებინა ეს დავალიანება.
იმ შემთხვევაში, თუ ანძის მომსახურებას გააძვირებენ, რასაც თქვენც პროგნოზირებთ, სავარაუდოდ, რამდენით მოიმატებს გადასახადი მაუწყებლობებისთვის?
- წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. დღეს იმ აშკარა უკანონობაზე ვფიქრობ, რაც ახლა ჩვენს თვალწინ ხდება. აღარც კი ცდილობენ, შენიღბონ ამ ტიპის კორუფციული გარიგება. ყველა აუქციონი, მათი უმრავლესობა მაინც, დღემდე ზუსტად ასე ტარდებოდა. წინასწარ იყო ცნობილი მყიდველი, მაგრამ ასეთი თავხედობით არცერთი აუქციონი არ გამოუცხადებიათ.
აუქციონში მონაწილე ის ერთადერთი ინვესტორი ვინ არის?
- არ ვიცი და ჯერჯერობით, ვერც გავიგებთ. ეს ადამიანი ნეტარია, აბა, რა არის?! 18-ში დაიდო ლოტი და 22-ში უკვე დადო პირველი ბიჯი, ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე დებდა ბიჯს. თუ ხელისუფლებასთან არ იყო შეკრული და მისგან ფარულად არ იცოდა ყველაფერი?! რადგან ოფიციალურად ეკონომიკის სამინისტრო არცერთ ინვესტორს არ აძლევს ინფორმაციას და „ინფორმაცია“ მხოლოდ ის არის, რაც დევს. მაგრამ რაც დევს, ვერ გაიგებთ, მფრინავი თეფში უნდა მართონ თუ ანძები? ტელეანძის გასხვისების შესახებ უცხოეთში ყველა ორგანიზაციას შევატყობინეთ, თუკი ვინმე შეიძლება დაინტერესებული იყოს ამ საკითხით. გარანტიას ვაძლევ ხელისუფლებას, რომ ეს უბრალოდ არ ჩაივლის. საკმარისი საფუძველი გვაქვს, სასამართლოში გავასაჩივროთ. მომავალში, ვინც უნდა აიღოს ანძა მართვით, იგი პირადად ჩემი და მთელი მედიის ძალიან მკაცრი დაკვირვებისა და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება.
ჩვენ გამოძიებებსაც ჩავატარებთ და აბსოლუტურად ყველაფერს გამოვიკვლევთ ამ კომპანიის შესახებ. უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ. რომც შემოვიდეს ობშორებში დარეგისტრირებული კომპანია, მე და ჩემი კოლეგები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვამხილოთ ეს კორუფციული გარიგება. თუ ჩაშალეს აუქციონი და იგი არ შედგა, მაშინ სასამართლოსთვის მართვის საჭიროება ამ კონკრეტულ ეტაპზე არ იქნება, მერე კი შევხედავთ სიტუაციას. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩაშალონ აუქციონი. თუ არ ჩაშალეს და ლეგიტიმურად გამოცხადდა შედეგი, აუცილებლად გავასაჩივრებ.
ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი დავით აქუბარდია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფი ტელეანძის სახით საკმაოდ სერიოზულ სახელმწიფო ქონებას იგდებს ხელში, რადგან 2015 წლისთის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდი დგება.
„არავის უნდა, ტელეანძა გაიყიდოს, რადგან ეს ყველა ოჯახს შეეხება და ამას ყველა ხვდება. თუნდაც ტენდერი ჩაატარონ, მაინც მოგებული ვართ, რადგან სტრასბურგამდე მივალთ და მოვუგებთ. თუ ტვინი ოდნავ უმუშავებთ, უნდა გადადონ აუქციონი. ერთი სამი თვით მაინც უნდა გადადონ“, - აცხადებს დავით აქუბარდია პრესაგე.ტვ-სთან საუბარში.
სამ თვეში რა მოხდება?
- თუკი ესენი გამოაცხადებენ, ის 12 მილიონი რაში უნდა განაწილდეს, მერე უკვე ბნელ ძალებს შეეშინდებათ ტენდერში მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვინდა, პროცესი გამჭვირვალე იყოს. თუ უცხოური ბიზნესი იყიდის, „ბი-ბი-სი“ ან „დოიჩე ველე“, გადასარევი იქნება. გამჭვირვალე როცა იქნება, ძალიან ბევრი ინვესტორი მოვა. ესენი კი საეჭვო ტიპები არიან, ვინც იღებს მონაწილეობას ამ აუქციონში.
როგორ გგონიათ, 12 მილიონს კონკრეტულად რისთვის გადაანაწილებენ?
- ამას არავინ გვეუბნება, თორემ მაშინ მართლა ჩვენც მივიღებდით მონაწილეობას აუქციონში.
ჰქონდა ჩვენს მედიას იმის საშუალება, რომ აუქციონზე ამხელა თანხით წარმდგარიყო?
- კი, 5 მილიონი შესდით წელიწადში, ე.ი. 4 წელიწადში 20 მილიონი შეუვათ. ამდენად, იმ 12 მილიონის გასტუმრებას რა უნდოდა?! ეს ჩვენ თვითონ გათვლილი გვქონდა. უკვე არცერთ ანძაზე თავიანთი ტექნიკა აღარ უდგას სახელმწიფოს, ყველა ტელევიზიას თავისი კერძო გადამცემები უდგას იქ. ყველა ქალაქში ასეა. რეალურად, ამათი ის „ტრუბაა“ მარტო, მაგრამ ამათ უნდათ, 2015 წელს, როდესაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავლენ, ციფრულზე 500 ტელევიზიის გახსნა შეიძლება საქართველოში. ამ ანძას ხელში რომ ჩაიგდებენ, მერე მარეგულირებელს კი არ უნდა მოსთხოვო ლიცენზია, არამედ - ანძას. ამ დროს კი ესენი დააწესებენ 70 ათას დოლარს თვეში.
გამოდის, წელიწადში 840 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს, ვისაც ტელევიზიის გახსნა მოუნდება. ამით თავისუფალი არხების არსებობას შეაფერხებენ. ევროპა ითხოვს, გაათავისუფლეთ არხებიო. ესენიც იტყვიან, აი, გავათავისუფლეთ, ოღონდ კერძო პირის არისო. ამ დროს კი ის კერძო პირი ისევ ამათი კაცია. ახლა რომელიმე პარტიას რომ მოუნდეს ტელევიზიის გახსნა, ვერ გახსნის, რადგან დიდი ფული იქნება გადასახდელი. ამით გაჭედავენ ყველა პარტიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე პრესაგე.ტვ-სთან საუბარში ამბობს: „მედიის ადვოკატირების კოალიციის სახელით მოვითხოვეთ, შეეჩერებინათ აუქციონი და გამოეცხადებინათ კონკურსი, ან ტენდერი. ეს ქალბატონ ვერას მხრიდან ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, რათა განხილულიყო ანძის პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს მან ამ სტრატეგიულ ობიექტთან მიმართებით არ გააკეთა. საზოგადოებრივი მაუწყებელის დავალიანება თუა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავად გადაიხადოს ეს თანხები, რადგან მას ჩვენი ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარით ვაფინანსებთ. ამიტომ, მათ ეს პრობლემა არ აქვთ. უბრალოდ, დროდადრო, მათ აქვთ იმის იმედი, რომ მათთვის ამ ვალების ჩამოწერა მოხდება თითქოს დამოუკიდებელი მედიის დახმარების მოტივით. ეს ყურით მოთრეული მიზეზია“, - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
ჩაფიძის თქმით, თუ ანძა მაინც გასხვისდა, ეს დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისთვის საფრთხის შემცველი იქნება და განსაკუთრებით „კავკასიასა“ და საპატრიარქოს ტელევიზიას დაემუქრება.
„ეს დაემუქრება დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს. ამ შემთხვევაში, „მაესტრო“ არ ითვლება, რადგან ანძასთან არაა დაკავშირებული, მაგრამ საპატრიარქოსა და „კავკასიას“ საფრთხე დაემუქრება. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი რადიოსადგური გვაქვს, რომელთაც, ასევე, საფრთხე ემუქრება. ეს გახლავთ წინასაარჩევნოდ ჩაფიქრებული რამ, აგრეთვე, უზარმაზარი ფულის წყარო. ისევე როგორც „სილქნეტი“ და ის მონოპოლისტური კომპანიები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში საქმიანობენ. მათთვის ეს არის დიდი ფულის წყარო. ვერა ქობალია ბათუმში იმყოფება. გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან, არანაირ უცხოურ მივლინებაში არ წასულა. პირველად როცა მედიაკოალიციას შეხვედრაზე უარი გვითხრა, თითქოს მივლინებაში წავიდა, მაშინაც მოგვატყუა, რადგან მეორედ დღეს მთავრობის სხდომაზე ბრძანდებოდა.“ - აცხადებს ელისო ჩაფიძე.
„ხალხის პარტიის“ ლიდერ კობა დავითაშვილის თქმით, ტენდერი, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, თავისთვად ეჭვს იწვევს.
„ამ ფაქტის შეგუებას არ ვაპირებთ. ის, რომ ეს ზაფხულსა და, კერძოდ, აგვისტოს დაამთხვიეს, ვერ შეგვაჩერებს. ძალიან საფუძვლიანია ეჭვი, რომ ხელისუფლებისადმი კომპრომისული კომპანიისთვის ანძის გადაცემა იგეგმება. შემდეგ ხელისუფლება ტარიფების გაძვირების პასუხისმგებლობისგან გაითავისუფლებს თავს, რაც თავისუფალი ტელე და რადიოკომპანიების მაუწყებლობის შეზღუდვის, ან შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს. მათი მფლობელი არ იცვლება, ეს იქნება ქობალია თუ შარანგია, მფლობელი უცვლელია და ეს არის სააკაშვილი,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივნის სოსო შატბერაშვილის თქმით, ტელეცენტრის გაყიდვა ნიშნავს, რომ სააკაშვილი მომავალი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. შატბერაშვილის აზრით, სააკაშვილს სხვა არანაირი რესურსი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ გააჩუმოს თავისუფალი მედიის ნაწილი.
„საქართველო ნაწილ-ნაწილ იყიდება, სააკაშვილმა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი - ტელეცენტრი, თავისი 36 გადამცემი არხით გამოიტანა დახლზე. ახლა ქალბატონი ვერა ქობალია, ისევე, როგორც ბულკებს ყიდდა კანადაში, ალბათ, ისე გაყიდის ჩვენს ტელეცენტრს, მაგრამ მინდა გავაფრთხილო ყველა პოტენციური მყიდველი, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ტელეცენტრი, ისევე, როგორც დანარჩენი გაყიდული საქართველო, დაუბრუნდება ქართველ ხალხს“, - აღნიშნა შატბერაშილმა.
მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს ანძის ახალი მფლობელი - ლორენცო შარანგია თუ სხვა ვინმე, ანძის მმართველი მაინც სააკაშვილი იქნება, რომელიც თავის ანგლოამერიკელ ბოსებზე, ან საკუთარ ოჯახის წევრებზე ყიდის საქართველოს.