[ნინო მიქიაშვილი]
იმ პირთა რიცხვს, ვინც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს, ამიერიდან საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუშიც მიემატა - მან პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რათა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილის იმგვარი ფორმულირება, რომ გამოირიცხოს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობა. ამ სიახლის შესახებ „ობიექტივს“
სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
ამავე წყაროს ცნობით, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა სსკ-ის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე–2 თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც საფუძვლად დაედო გაზეთ „რეზონასის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის, ადვოკატ სანდრო ბარამიძის და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის მიერ ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოხატული მოსაზრებები.
„საკითხის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილის არსებული რედაქცია შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან.
კერძოდ, საუბარია სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“ წინააღმდეგობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტებთან მიმართებით.
სადავო დებულება - „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“ არ აკონკრეტებს, თუ რა სახის „სხვა ინფორმაციის“ შეგროვებას ან გადაცემას კრძალავს კანონი. ასევე არ არსებობს მითითება რაიმე სხვა ნორმატიულ აქტზე, სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ განმარტება იმის თაობაზე, თუ რომელ „სხვა ინფორმაციაზეა“ საუბარი. „სხვა ინფორმაცია“ იმდენად ფართო შინაარსის სიტყვათა შეთანხმებაა, რომ მასში ფაქტობრივად შეიძლება ვიგულისხმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერ თემაზე, თანაც, მათ შორის, არა მხოლოდ ფაქტები, არამედ პირის აზრები და შეხედულებებიც.
მეორე საკითხია, რომ ეს „სხვა ინფორმაცია“ აშკარად არ არის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაცია, რადგან თვითონ სიტყვა „სხვა“ მიუთითებს, რომ იგულისხმება ინფორმაცია, რომელიც საიდუმლო ინფორმაციისგან განსხვავებული ხასიათისაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოგვაწოდა.
სახალხო დამცველის აზრით, სრულიად არამიზანშეწონილია დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა, ისეთი „სხვა ინფორმაციის“ მოპოვება-გავრცელებისთვის, რომელიც, საიდუმლო ინფორმაციისგან განსხვავებით, არ შეიცავს მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას, ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს.
„როდესაც პირს ურთიერთობა აქვს, ვთქვათ, უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, მას შეუძლია არ გაითვალისწინოს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, რადგან არ შეიძლება პირს მოეთხოვოს ვარაუდი იმისა, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ორგანიზაცია სხვა ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის შეგროვებით არის დაკავებული. გამოდის, რომ 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება ისეა აგებული, რომ მისი შემადგენლობის დასადგენად საკმარისია აკრძალული ქმედების გაუფრთხილებლად ჩადენაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი ამის თაობაზე პირდაპირ არაფერს ამბობს.
ყოველივე ზემოთქმული არ ტოვებს არავითარ ეჭვს, რომ 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“ ვერ აკმაყოფილებს კანონის წინასწარ განჭვრეტადობის (განსაზღვრულობის) კრიტერიუმს, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით“, - მიაჩნია სახალხო დამცველს.
იგი თვლის, რომ პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ საკანონმდებლო წინადადებას. ჩვენი აზრით, სახალხო დამცველი, მისი წინადადების არგათვალისწინების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს:
„საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებას. ეს თავიდან აგვაცილებს ერთის მხრივ უფლებადამრღვევი საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში გამოყენებას, რაც თავისთავად მკვეთრად გააუმჯობესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, მეორეს მხრივ დაზოგავს ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, რაც გამოწვეული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში დავის წარმოებით“.