მაკედონიას ახალი მთავრობა ჰყავს

მაკედონიას ახალი მთავრობა ჰყავს

მაკედონიის პარლამენტმა, ორდღიანი დებატების შემდეგ 28 ივლისს გვიან ღამით, კენჭი უყარა მთავარობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკი ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია რომ ეს 41 წლის პრემიერისთვის უკვე ზედიზედ მესამე მანდატია, ეს თანამდებობა მას 2006 წლის 27 აგვისტოდან უკავია. იგი „მაკედონიური შიდა რევოლუციური ორგანიზაცია- დემოკრატიული პარტია მაკედონიის ერთობისთვის“ (Внатрешна Македонска Револуционерна Организација - Демократска Партија за Македонско Национално Единство) ლიდერია.

მთვარობის ახალი შემადგენლობის არჩევნებში პარლამენტის 117 დეპუტატი იღებდა მონაწილეობას, მათგან 70 დეპუტატმა მხარი დაუჭირა მთავრობის არჩევას, 47 წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაკედონიაში 2011 წლის 5 ივნისს, ვადამდე ერთი წლით ადრე ჩატარდა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნის შესახებ გამოწვეული იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის, სოციალ დემოკრატიული კავშირისა და სხვა უფრო მცირე ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად. მაკედონიას მართავდა ორი პარტიისგან შემდგარი, „მაკედონიური შიდა რევოლუციური ორგანიზაცია- დემოკრატიული პარტია მაკედონიის ერთობისთვის“ და „დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისთვის“ კოალიცია, რომელთაც 2008 წლის არჩევნებზე საპარლამენტო მადატთა 2/3 მოიპოვეს.

ვადამდელი არჩევნების შედეგად ნიკოლა გრუევსკის პარტიამ, პარლამენტის 123 ადგილიდან, 56 ადგილი მიიღო და კონსტიტუციური უმრავლესობის ფორმირების მიზნით, 15 საპარლამენტო მანდატის მქონე ალბანურ პარტიასთან, „დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისათვის“, კოალიცია შექმნა.

ჯერ კიდევ ოთხშაბათს გრუევსკიმ დეპუტატებს ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამა წარუდგინა, რომელიც ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებას შეიცავს: ეკონომიკური ზრდა ( 2013-2014 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5 – 7% გაზრდა), ევროკავშირთან და ნატო-სთან  ინტეგრაცია, ბრძოლა კორუფციასა და კრიმინალთან, ეთნიკური ურთიერთობების გაუმჯობესება და განათლებაში, მეცნიერებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდა.

ახალ მთავრობაში საკანძო თანამდებობაზე მცირედი ცვლილებებია. ფატმირე ბესიმი, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო, ამჟამად თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს. ევროკავშირში ქვეყნის ყოფილი ელჩი, ნიკოლა პოპოსკი კი საგარეო უწყებას ჩაუდგება სათავეში.

ოპოზიციურმა მაკედონიის სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა, რომელიც პარლამენტში 42 დეპუტატით არის წარმოდგენილი, მკაცრად გააკრიტიკა პრემიერის ახალი პროგრამა, მიუთითა რა, რომ მმართველ პარტიას 2008 წელსაც ანალოგიური პროგრამა ჰქონდა, თუმცა დეკლარირებული პრიორიტეტებიდან ძალიან მცირე შესრულდა. ოპოზიციის განცხადებით „მაკედონია რჩება ყველაზე უარეს ქვეყანად ბალკანეთსა და მთელ ევროპაში“

ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი სამთავრობო პროგრამასთან ერთად მინისტრობის ცალკეული კანდიდატებიც გახდნენ.