ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის ბოლო ვადა 19 ნოემბერს აქვს. ჯერჯერობით ოფიციალური თარიღი უცნობია, თუმცა საარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს და ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანიაში ყოფილი სამხედროები ჩართო. ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი სამხედროები ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერიდან ამბობენ – „არა სალომე ზურაბიშვილს!“.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ ერთიანდებიან და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილზე არჩევანი იმ კრიტერიუმით გააკეთა, რომ საზოგადოებას ნელ–ნელა დაავიწყონ აფხაზეთი და სამაჩაბლო; ყოფილი ხელისუფლებას დააბრალონ ომის დაწყება.
ყოფილი სამხედროების გადაწყვეტილას მიესალმება ექს–პრეზიდენტი და აცხადებს, რომ სწორედ გენერლების – გოგავას, ჭანკოტაძისა და ყურაშვილის მეშვეობით გადარჩა 2008 წელს საქართველო.
„სწორედ გენერალმა გოგავამ, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ გააკეთეს ეს ყველაფერი. იგივე ყურაშვილს ჩვენ ვაკრიტიკებთ არასწორი განცხადებებისთვის, მაგრამ გენერალი ყურაშვილი ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა. ამ გენერლების მეშვეობით გადარჩა მოსახლეობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ნებისმიერი მცდელობა, ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – აცხადებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომლის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. გენერალ–მაიორის განცხადებით, ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად.
„ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, აძლევს სამოქალაქო უფლებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და ამით გამოხატონ პოზიცია. კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს.
ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას“, – აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების პოლიტიკური აქტივობა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა, შესაძლოა, კანონით შეეზღუდოთ.
თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობას არჩევნების შემდგომ დაიწყებს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს სამხედრო სამსახურს, სარგებლობს ყველა იმ უფლებებით და თავისუფლებით, რითიც ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რიგ ქვეყნებში შეზღუდულია ამ უფლებით სარგებლობა, თუ ის იყენებს სამხედრო ფორმას.
დეპუტატის განმარტებით, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებში სამხედროებს ან პოლიციელებს პოლიტიკური აგიტაცია ეკრძალებათ. ასეთი პრაქტიკა არის დიდ ბრიტანეთში და გერმანიაში.
„სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეიძლება აღქმული იყოს როგორც განცხადება სამხედრო პირის მხრიდან. ამ ვითარებაში ეს დასაგმობია. გაიხადოს ნებისმიერმა მათგანმა ჯარისკაცის ფორმა, ჩაიცვას სამოქალაქო ფორმა და შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
სამხედროების იმ ნაწილს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის აკრიტიკებენ, სესიაშვილი აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს ახსენებს, როცა მისი თქმით, წინა ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის გადაფარვის გამო დაერია ღირსეულ ჯარისკაცებს და ისინი დეზერტირობის მუხლით გაასამართლა. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებში კი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავს.
„ამ განცხადებების უკან, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები დგას. გული მწყდება, რომ ელემენტარულად ვერ ხდება იმ პრინციპების დაცვა, რაც აღიარებულია საერთაშორისო ნორმებით – არ შეიძლება სამხედროებისა და ფორმიანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა. ეს ანგრევს სისტემას. ჩვენ კარგად გვახსოვს ჯაბა იოსელიანი და სხვები, ვინც სამხედრო ფორმაში განცხადებებს აკეთებდნენ, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ამ ქმედებით, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამას კამპანიური ხასიათი აქვს, კარგად ჩანს ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობასთან.
დაუშვებელია და ეს არის არასწორ ქმედება, რაც არღვევს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და იმ პრინციპებს, რომ ქვეყნის მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის ქვეყნის ჯარისკაცს აქვს თავისი ადგილი, ის არ ერევა პოლიტიკაში, ეს აღიარებულია მსოფლიოში და ეს პრინციპი ყველამ უნდა დავიცვათ. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს ამის განცდა არ აქვთ, უპასუხისმგებლოდ უდგებიან საკითხს და ეს არის მათი სახე“, – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
ყოფილი სამხედრობის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს გამორიცხავს სალომე სამადაშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ ყოფილ ჯარისკაცებს კარგად ესმით, რამდენად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხედროები დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდადატ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მოქალაქეობრივად სწორ პოზიციას იკავებენ.
„ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება, სადაც „ქართული ოცნებისა“ და საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციებმა შესაძლოა, იმგვარი ვითარება შექმნას, რომ საერთაშორისო ტრიბუნაზე ქართველ სამხედროებს სერიოზული საფრთხე შეექმნათ. ამიტომ არ მიკვირს. ყოფილ ჯარისკაცებს ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად დამაზიანებელია სახელმწიფოსა და ქართული ჯარისთვის ზურაბიშვილის განცხადებები. ისინი მოქალაქეობრივად სწორ პოზიცია იკავებენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ყოფილ სამხედროებს ამ სახის პოლიტიკურ აქტივობას უწუნებს თადარიგის მაიორი ლევან ამირიძე, რომელიც სოციალური ქსელით გენერალ დევი ჭანკოტაძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ გენერალი ჭანკოტაძე კაგებეს და მის კომისარს „ბატიუშა გრეგორის“ უცხადებს მხარდაჭერას და ამავე დროს 2008 წლის ომის გმირებს ეფარება ზურგს უკან.
„გასაგებია, რომ ეს კაცი ღირსებასთან მწყრალად არის, მაგრამ იქნებ იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნოთ როდესაც ჯარისკაცის საფლავთან დგეხართ პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ და უბრალოდ დადუმდეთ... დღეს როგორც გულდამწვარმა მამულიშვილმა და მოამაგემ ისე მოიხსენიეთ ომგამოვლილი ოფიცრები და ჯარისკაცები. არადა არასოდეს მინახიხართ ვეტერანების არც ერთ შეკრებაზე არც ჭირში და არც ლხინში...
თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენ ის გენერალი ხართ 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების მართვას კასპიდან რომ ცდილობდით. დღეს რაღაც შეუვალი გინდოდათ რომ ყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგდით ღია სივრცეშიც კი. ხომ არ დაგავიწყდათ პანკისის ხეობის და კოდორის ხეობის დაცვის ოპერაციები როდესაც გენერალმა კობალაძემ კოდორში ვერ გამოგიტყუათ იმიტომ, რომ დახურული სივრცის და სიმაღლის გეშინოდათ თურმე და გონებას კარგავდით ვერტმფრენში... ალბათ, ახლა გაიძულეს ნაციონალებმა გამომხტარიყავით და მსგავსი განცხადებები გაგეკეთებინათ თქვენივე ბნელი წარსულიდან გამომდინარე. ასე რომ, იმაზე მაღლა ნუ მოინდომებთ ახტომას, რაც წელს ქვემოთ არის“, – წერს ლევან ამირიძე.