[კომერსანტი]
ტელეკომპანია „ბი ბი სი“–ს თანამშრომლები ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორე გაფიცვას მართავენ, რომელიც სამუშაო ადგილების შემცირების გაპროტესტების მიზნით ეწყობა.
ჟურნალისტების ნაციონალური კავშირის წევრებმა გაფიცვა დღეს, 1 აგვისტოს დაიწყო. სამშაბათიდან კი აქცია „წესებით მუშაობის“ რეჟიმში გადავა, ანუ ჟურნალისტები არავითარ საქმეს არ შეასრულებენ, რომლებიც მათ ვალდებულებებს სცდება.
პროფკავშირების ლიდერების განცხადებით, „ბი ბი სი“–ს ხელმძღვანელობას არ სურს გათავისუფლებების საკითხში „გონივრულად ჩარევა.“
კორპორაციის მენეჯმენტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ვერ დაეთანხმება მოთხოვნებს, რომლებსაც კომპანიის თანამშრომლები აყენებენ.
ანალოგიური გაფიცვა 15 ივლისს გაიმართა, როდესაც ტელეკომპანიის მაუწყებლობა ნაწილობრივ დაირღვა, თუმცა კორპორაციაში განაცხადეს, რომ ეს ხარვეზი იმაზე ნაკლებად შესამჩნევი იყო, ვიდრე ელოდნენ.
„ბი ბი სი“–ს დირექტორმა ლიუსი ადამსმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ სახელმწიფო დაფინანსების შემცირების შედეგად ხელმძღვანელობას 387 სამუშაო ადგილის შემცირება მოუწია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვება 199 ადამიანს ემუქრება.
თავის მხრივ, პროფკავშირების წარმომადგენლები „ბი ბი სი“–ს მენეჯმენტს მაღალკვალიფიციური კადრების დათხოვნასა და შედეგად ათასობით ფუნტის გაფანტვაში ადანაშაულებენ.