„მიხეილ სააკაშვილი კი წავიდა, მაგრამ მიშიზმი, რომელიც საზოგადოებაში, მედიაში, საზოგადოებრივ აზრსა და ინსტიტუციურ მოწყობაშია, მაინც დარჩა. ეს გადასალახია, რათა ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი მარინე მუსხელიშვილი.
თავის დროზე თქვენ აცხადებდით, თუკი „ნაცმოძრაობა“ მოახერხებს ოპოზიციის ადგილის დამკვიდრებას, ეს ცუდი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, რადგან პოლიტიკური პროცესი მიიღებს ფარისევლური თამაშის სახეს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს მართლაც აღმოვჩნდით ფარისევლური თამაშის წინაშე, ამ ფარისევლობამ შედეგიც გამოიღო და თავისებური სახეც მიიღო ახლახან ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც?
- მოდით, ცოტა შორიდან დავიწყებ. 2012 წლის შემდეგ ცხადი გახდა ერთი საკითხი, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ნაკლებად დამკვიდრებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი პარტია ვერ დარჩება ხელისუფლებაში სამუდამოდ. ანუ „ქართული ოცნება“ ადრე თუ გვიან, როგორი ოქრო და ბრილიანტიც არ უნდა ყოფილიყო, თავისი პოლიტიკით მაინც გამოიწვევდა გარკვეულ უკმაყოფილებას ამომრჩევლებში, რომლებიც დაიწყებდნენ ალტერნატივის ძიებას. მე ახლა არ ვლაპარაკობ იმ შეცდომებზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა, მე ვლაპარაკობ სისტემის ლოგიკაზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში იჩენდა თავს. ამდენად, საკითხი თავიდანვე იდგა ასე, რომ ოდესღაც „ქართული ოცნება“ დაკარგავდა თავის რეიტინგს, პოპულარობას და საზოგადოებისთვის საინტერესო გახდებოდა მისი გამოცვლა, ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორება. ეს არანაირად არ უკავშირდება „ქართული ოცნების“ გაკიცხვას ან უარყოფით შეფასებას. ასეთია ლოგიკა. სამწუხაროდ, ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ერთადერთ ალტერნატივად „ქართული ოცნებისთვის“ კვლავაც რჩებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. უნდა ვიკითხოთ, რატომ მოხდა ეს და რატომ არ აღმოცენდა ახალი პარტიები, რომლებიც ასეთ ვითარებაში ამომრჩეველს თავისკენ წაიყვანდნენ?
დაფარული არ არის, რომ ე.წ. მესამე ძალის აღმოცენებას თავად „ქართულმა ოცნებამ“ შეუშალა ხელი.
- დიახ, საუბარია ე.წ. მესამე ძალაზე. ცხადია, პარტიები არსებობს და არსებობდა, მაგრამ პოლიტიკურად ეს სისტემა მათ მარგინალიზებას ახდენდა, საზოგადოება მათ მარგინალიზებას ახდენდა და ორპარტიული სისტემა კვლავაც შენარჩუნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის თვითონ „ქართული ოცნების“ სურვილი, რომ ვერტიკალური დისციპლინა გაემყარებინათ უფრო თავის მომხრეებში, ვიდრე პლურალისტური გარემო შეექმნათ. ეს ერთი შეცდომაა, რაც მათ ჩაიდინეს, მაგრამ მეორე და გარდაუვალი ამის კონტექსტი იყო ის, რომ საქართველოში ბრძოლა მიმდინარეობს არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ პოლიტიკურ ტელევიზიებს შორის, ანუ არსებობს „რუსთავი 2“, რომელიც უკვე უბრალოდ მიკერძოებული კი აღარ არის, არამედ ღიად აცხადებს, რომ მას აქვს იდეოლოგია და პოლიტიკური პოზიცია. იმავე „რუსთავი 2“-მა ამ არჩევნებში ღიად გამოაცხადა, რომ იბრძოლებდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ბოლოს დააგვირგვინა იმითაც, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარგა მარტო, არამედ მისი მომხრეებიც არ ვარგიან. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ტელევიზიების საკითხი, ვის რომელ პარტიას აქვს ტელევიზია და ვინ როგორ იყენებს ამ ტელევიზიას. პირველ რიგში, ეს ეხება „რუსთავი 2“-ს, ეს გვაყენებს იმ ვითარებაში, როდესაც „ნაცმოძრაობის“ გარდა სხვა ალტერნატივა „ქართულ ოცნებას“ არ ექნება და არც შეიძლება ჰქონდეს.
თავის დროზე „ქართული ოცნება“ არჩევანის წინაშე დადგა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, „ნაცმოძრაობა“ ლეგიტიმურ ოპოზიციად ჩაეთვალათ, თუ დანაშაულის ჩამდენ ორგანიზაციად. რატომღაც „ოცნებამ“ პირველი გზა არჩია და ამის მოტივად დაასახელა, თითქოს უცხოელები, საერთაშორისო საზოგადოება მათ უკრძალავდა „ნაცმოძრაობის“ დევნას. ახლაც შეიძლება ვინმემ ცინიკურად იფიქროს, მაშინ, როცა ძველ გვარდიას სთხოვს ბიძინა ივანიშვილი დახმარებას, დაე, დაეხმარონ ის უცხოელები, რომლებმაც „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნება ურჩიეს. შეიძლება, უცხოელების ფაქტორით აიხსნას, რომ „ნაცმოძრაობა“ არ გრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილის გამო?
- ვერ გეტყვით, რამდენად ძლიერი იყო უცხოელების და საერთაშორისო თანამეგობრობის გავლენა, რადგან ეს გავლენა შეიძლება არსებობდა, მაგრამ გადამწყვეტი არ იყო. ჩემი აზრით, აქ გადამწყვეტია ის ჩამოყალიბებული აზრი, რომ სახელმწიფოს როლი პოლიტიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასთან მიმართებით არის მხოლოდ და მხოლოდ ჩაურევლობა და სიტყვის თავისუფლება. არადა, ჩვენს ვითარებაში, როდესაც მედიასაშუალება, ყველაზე გავლენიანი ტელევიზია სამოქალაქო ველიდან პოლიტიკურ ველშია გადასული, უკვე ჩნდება სხვა რეალობა, როდესაც სახელმწიფოს ევალება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების დაცვა, არამედ მოსახლეობის დაცვა იმ პროპაგანდისგან, რომელსაც ისინი მიზანმიმართულად ახორციელებენ.
თქვენ ხედავთ მსოფლიო ტენდენციას, რომ დასავლური დემოკრატიები ნათლად ხედავენ თავიანთ ქვეყნებში საფრთხეს და იღებენ ზომებს „რაშა თუდეის“ წინააღმდეგ. ასევე იღებენ ზომებს ფეისბუკის, სოციალური ქსელების მეშვეობით დასავლური ქვეყნების არჩევნებში რუსული ჩარევის წინააღმდეგ. ჩემთვის „რუსთავი 2“-ის დომინირება ქართულ მედიასივრცეში წააგავს იმას, რომ საქართველოში დომინანტური სატელევიზიო არხი ყოფილიყო „რაშა თუდეი“. ასეთ შემთხვევაში, შევძლებდით თუ არა ჩვენ დემოკრატიაზე საუბარს?! როდესაც გვყავს პოლიტიკური და არა სამოქალაქო სუბიექტები, რომლებიც ლაპარაკობენ პოლიტიკური თვალსაწიერიდან, შეიძლება კონკურენტული რჩება პოლიტიკა, მაგრამ ამ კონკურენციაში საზოგადოება აღარ მონაწილეობს და პასიური დამკვირვებლის როლში რჩება. სწორედ ამიტომაა, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ამომრჩეველი მოაკლდა ამ არჩევნებს 2012 წელთან შედარებით. ამ ადამიანებმა, უბრალოდ, ვერ დაინახეს იმ საჯარო სივრცესა და პოლიტიკურ შეჯიბრში თავისი არჩევანი და თავისი ადგილი.
ბიძინა ივანიშვილმა ბოლო გამოსვლით მიმართა ძველ გვარდიას. აღმოჩნდა, რომ ძველი გვარდია მუდამ მზადყოფნაშია და ივანიშვილის ნებისმიერ დაძახებაზე ივიწყებს წყენას, ივიწყებს იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძველი ერთგული თანამებრძოლები „გადააგდო“ და ისევ მის გვერდით დგება, ოღონდ ამჯერად საქართველოს გადარჩენის სურვილით. რატომ მოხდა ისე, რომ „ოცნებას“ ყველანი შემოეცალნენ? ეს იყო დაუფასებლობა ამ ადამიანების, თუ ის, რომ ცალკეულ უწყებებში ისევ „ნაცები“ არიან ხელშეუხებელნი? როდესაც ვეკითხებოდით „ქართული ოცნების“ სახეებს, „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, პარტიულ აქტივისტებზე რატომ არ ზრუნავდნენ, ისინი გვპასუხობდნენ, ჩვენ ამაღლებულები უნდა ვიყოთ „ნაცმოძრაობასთან“ შედარებითო. ამით, ფაქტობრივად, ძველი გვარდია გაიწირა. რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ ძველი გვარდიისთვის, რომ ისინი კი არ გამოიყვანონ დასახმარებლად, არამედ თავად სურდეს ძველ გვარდიას „ქართული ოცნების“ გვერდში დადგომა?
- სიმართლე გითხრათ, ასეთ ვითარებაში ადამიანებზე უფრო მნიშვნელოვანი მგონია იდეები და პერსპექტივები. ძველ გვარდიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ არა იმდენად „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მიშას და მიშიზმის დასამთავრებლად, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველად მიაჩნდათ. დღესაც, როდესაც ძველი გვარდია გააქტიურდა, ეს არ ნიშნავს უპირობოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას და ბიძინა ივანიშვილის ყველა გადაწყვეტილების მოწონებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ისევ დაინახეს ის ძველი საფრთხე, რომელთანაც ბრძოლას წლები და ენერგია შეალიეს. უნდა დაბრუნდეს, თუ არ უნდა დაბრუნდეს ძველი გვარდია, ეს არ არის მათი გადასაწყვეტი და არც ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი. ეს არის ქვეყნის ინტერესებისთვის, რადგან თანამდებობისთვის არ იბრძოდა მათი უმეტესობა.
თანამდებობაზე შეიძლება არ იფიქროს კაცმა, მაგრამ დაუფასებლობის გამო ბევრი ადამიანი უცხოეთში გარბის. ამ ადამიანების ნაწილიც ფინანსურ პრობლემებსაც განიცდის.
- ერთი რამ ვისწავლე ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი პოლიტიკური პროცესისგან, რომ მადლიერება არ არის პოლიტიკური კატეგორია. შეიძლება ძალიან მადლიერიც ვიყო ამა თუ იმ პოლიტიკოსის, თუ უბრალო ადამიანის იმ გმირობისთვის, რაც მან ჩაიდინა, მაგრამ ადამიანური დამოკიდებულება და პოლიტიკური მოსაზრება არ არის ერთი და იგივე ყოველთვის. „ქართული ოცნების“ პრობლემა არის არა ის, რომ მათ ცალკეულ ადამიანებს ღვაწლი არ დაუფასეს, ზუსტად ისევე შეიძლება მომავალში ღვაწლი არ დაუფასდეს იმავე „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ბევრი გააკეთა და შეცდომები რაც დაუშვა, ბოროტების გამო არ დაუშვა. პრობლემა იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი კი წავიდა, მაგრამ მიშიზმი, რომელიც საზოგადოებაში, მედიაში, საზოგადოებრივ აზრსა და ინსტიტუციურ მოწყობაშია, მაინც დარჩა. ეს გადასალახია, რომ ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე.
ჩვენ დიდწილად წარსულში ვართ ჩარჩენილნი. ამ წარსულის გადალახვას ელოდნენ ადამიანები 2012 წელს, რაც ბოლომდე ვერ მოხერხდა. რაღაც-რაღაცებში „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა იგივე, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, ის დანაშაული არ არის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში შეიძლება ბევრი რამ იყოს შესაცვლელი, გასაახლებელი და სწორედ ამიტომ ხშირად განსხვავებას ვერ ხედავენ ამ ორ პარტიას შორის.
ჩვენ საშიშროებაზე ვსაუბრობდით და, თუკი „ნაციონალურმა“ მოძრაობამ მოახერხა დაბრუნება, რაშიც მე ეჭვი მეპარება, ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, შემდეგი არჩევნები აღარ იქნება. აღარ იქნება განსხვავებული აზრი, ბრძოლის შესაძლებლობა უკეთესი ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკისთვის.
ამ შემთხვევაში, „ნაციონალებისგან“ მომდინარე არეულობას გულისხმობთ?
- მარტო არეულობას არა, მე ვთვლი, რომ ის რეჟიმი იყო ავტორიტარული და ავტორიტარულ რეჟიმში ეს ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდება. ასე რომ, მეორე ტურში უნდა ვეცადოთ, არ დავბრუნდეთ უკან, ხოლო მეორე ტურის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ მართლაც საზოგადოებიდან წამოსული ძალებით, ძველი გვარდიით, თუ ახალგაზრდობით, რომლის იმედი მე უფრო მაქვს, რაღაც ახალი შეიქმნას საქართველოში.