სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ „შარვლის ჩახდა“ პროტესტის ერთ-ერთ ფორმად ჩაითვალა, რასაც საზოგადოების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეფასება მოჰყვა. რას მოუტანს საქართველოს რუსეთის ოკუპაციის ამ სახით გაპროტესტება? -For.ge ამ თემაზე, ანალიტიკოსს, აზიკო (ილია) სისვაძეს ესაუბრა.
ბატონო აზიკო ვიცით, რომ სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის გავლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და 2014 წელს ე.წ საზღვრის გავლების შედეგად ადგილობრივებმა 30 ჰექტარი მიწა დაკარგეს. ოკუპაცია, ყველა ჩვენთაგანისთვის მტკივნეული თემაა და სხვასახვა ფორმით ყველა საღად მოაზროვნე ქართველი ვაპროტესტებთ რუსეთის შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ასეთი სახით პროტესტი, რამდენად გამართლებული ქმედებაა?
- პროტეტის გარდა სხვა გამოსავალი არის? რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი აპროტესტებს მის ოკუპაციას და მას საქართველოში დასაყრდენი ვერ ექნება და არ ექნება. უნდა იცოდეს, რომ ოკუპაცია ვერ გაუვა. ამ თვალსაზრისით „გირჩის“ ასეთი ქმედება ჩემი აზრით გამართლებულია, მაგრამ რუსეთისთვის ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ერთი მხრივ სასაცილოა, ხოლო მეორე მხრივ, ეს იგივეა ქუჩაში მიდიოდეს ლომი და შენ მას დაემანჭო და დაეჯღანო.
იმ შემთხვევაში, თუ ლომი ჩემს გზას იკავებს?
- ამ შემთხევაში არსებობს დასავლეთი, რომელმაც სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს.
დასავლთი ხომ ახორციელებს სანქციებს...
- კი, ახორციელებს, მაგრამ, ეს სანქციები არ არის ზარალის ადეკვატური, რასაც რუსეთი აყენებს თავის მეზობლებს და მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას. ამიტომ გამოდის, რომ გაბუტობანას ეთამაშება დასავლეთი რუსეთს. სანქციები უნდა იყოს იმ ზარალის ადეკვატური, რასაც ის აყენებს მთელ დანარჩენ მსოფლიოს. თანაც ისეთი მზარდი უნდა იყოს ეს სანქციები, რომ რუსეთს აიძულებდეს შეასრულოს.
მაგალითად, პუტინთან, რომ ჩადიან ბურჯანაძე და „პატრიოტთა ალიანსი“ („პატრიოტთა ალიანსი“ კი არა „მოღალატეთა ალიანსია“ რეალურად), ამით რუსეთს უქმნიან იმის ილუზიას, რომ მას ნებისმიერი რამ გაუვა, რასაც აკეთებს საქართველოში, მათ შორის ეს უკანანოდ საზღვრების გადმოწევაც.
მაგრამ მე უფრო მგონია, რომ „გირჩის“ ეს აქცია იყო მცდელობა, ხალხში ამით გადაეფარა ის ანტიპათია, რასაც ნარკომანიის აშკარა პროპაგანდით იწვევს.
ბატონო აზიკო პოლიტიკურ პარტია „გირჩთან“ ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსების გაზრდა იყო...
- კი ბატონო ვეთანხმები, ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და გაათმაგდეს და გაასმაგდეს. ჩვენ ისეთ დონეზე უნდა ავიდეთ, როგორც მაგალითად ისრაელი. მაგრამ თავდაცვისუნარიანობის ასეთ ზრდას სჭირდება ეკონომიკის შესაბამისი ზრდა, რისი უნარიც ამ მთავრობას არ გააჩნია.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ფაქტიურად შიმშილის ზღვარზეა და სხვა მრავალი პრობლემა კიდევ. ჩვენს პირობებში ბიუჯეტის ხარჯების გაზრდა ეს არის ფანტაზიის სფერო. ზრდა შეიძლება მოხდეს მცირედით, ისიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე. საჭიროა სისტემური რეფორმები, პოლიტიკური რეფორმა, სამართლებრივი სისტემის რეფორმა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმა, რაც გააკეთა, მაგალითად, ისრაელმა. მაგრამ ეს ჩვენ ქვეყანაში არა მგონია მოხდეს, რადგან ესენი პოლიტიკოსები კიარა სტომაქის ამოვსების ოსტატები არიან.
ისრაელმა მოინდომა და განვითარდა, მაგრამ მას ძლიერი ფინანსური მხარდაჭერაც ჰქონდა ბატონო აზიკო. მათ ეხმარებოდა მთელი მსოფლიოს ებრაელობა და პლუს აშშ-დან ჰქონდა უზარმაზარი დაფინანსება.
- დაფინანსება ჰქონდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ პოლიტიკური სისტემა არ არის გამართული, თუ ეკონომიკური მექანიზმი არ არის გამართული, თუ სოციალური პრობლემები არ არის გადაჭრილი, ორჯერ და სამჯერ მეტი დაფინანსებაც რომ მოგვცეს უცხოეთმა, მათ შორის აშშ-მ, ეს ყველაფერი მომენტალურად დაიკარგება იმიტომ, რომ საქართველო ამ კორუფციული სისტემით არის უძირო ქვევრი, რაშიც მთელი ამერიკის ეკონომიკა რომ ჩაასხა, მაინც არაფერი დარჩება შიგნით. რეფორმების გარეშე ამ მდგომარეობას თავს ვერ დავაღწევთ და ჩვენ მინიმუმ გვჭირდება 10-15% იანი ეკონომიკური ზრდის ტემპები, ამის განხორციელების რელური შესაძლებლობა არსებობს.
როგორ?
- როგორ და საწყის ეტაპზე საჭიროა ევროპული ქვეყნების გამოცდილების გადმოღება და პლუს მისი შემოქმედებითი განვითარება. მაგალითად, დღეს იაპონია მიჩნეულია სამეცნიერო ტექნიკური პროგრესისა და ინოვაციების პიონერად. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია დაინგრა ყველანაირად და პირველ რიგში ფსიქოლოგიურად. მაგრამ მათ ხელისუფლებებს ეყოთ ჭკუა, რომ დაეწყოთ ნულიდან და იცით როგორ დაიწყეს? მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ უახლეს ინოვაციებს, პრობლემების ტექნიკური გადაწყვეტის შესაძლებლობებს და ისე გაიწაფნენ სიახლეთა დანერგვაში, იმდენად დიდი რაოდენობის სიახლეები დაუგროვდათ, რომ თვითონ დაიწყეს ინოცავიური აზროვნება.
თავიდან იყვნენ მყიდველები, იმპორტიორები და ახლა უკვე ექსპორტიორებად გადაიქცნენ. აქედნ გამომდინარე, თუ ჩვენ საწყის ეტაპზე გამოვიყენებთ ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების რეფორმატორულ გამოცდილებას, მომდევნო ეტაპზე ჩვენ თვითონ შეიძლება გადავიქცეთ ექსპორტიორებად.
ეკონომიკის როგორი პროგრესული რეფორმირებაც არ უნდა მოვახდინოთ, ეფექტი ნაკლები იქნება, თუ არ მოხდა პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის რეგულირება. ჩვენთან არის ერთ-ერთი მახინჯი და ჩამორჩენილი პოლიტიკური სისტემა მთელ მსოფლიოში, თავისი სამართლებრივი სისტემით და კონსტიტუციით.
რაც შეეხება თვითონ პარტია „გირჩის“ პოლიტიკას და მის ხელმღვანელს. დასაწყისიდანვე თვალს ვადევნებ ზურა ჯაფარიძეს მოღვაწეობას. ეს არის პროფესიით ექიმი, პოპულისტი პიროვნება, რომელიც ულტრალიბერალურ საბაზრო ეკონომიკის პროპაგანდაზე აეწყო და მთელი მისი გამოსვლები, სტატიები და ა.შ. არის აწყობილი ულტრალიბერტარიანულ ეკონომიკის პროპაგანდაზე. მაგ კაცს ელემენტარული განათლება რომ ჰქონდეს და რამდენიმე წიგნი მაინც ჰქონდეს წაკითხული, ეცოდინება, რომ ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკა ეს რის მსოფლიოსათვის ძველისძველი არქაული დღე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში ჩატოვეს.
მთელი ევროპული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოწყობა, (აშშ, იაპონია, ახ.ზელანდია, ავსტრალია და ა.შ) არის სოციალური სახელმწიფო მოწყობა მეტ-ნაკლებად სოციალური ეკონომიკით. ისეთი ეკონომიკა როგორიც ახლა „გირჩს“ ან იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ევროპულ საქართველოს“ და ა.შ. წარმოუდგენიათ, მსოფლიოში უკვე აღარ არსებობს, მაგრამ მათ უბრალოდ ეს არ იციან.