"დიახ, ჩვენ გვაქვს არჩევანი - ხმა არ უნდა მივცეთ არცერთ კანდიდატს!" - სანდრო ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:

"ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მართლა სცილასა და ქარიბდას შორის ვიმყოფებით.

ერთი მხრივ, არსებობს რისკი იმისა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ნაცები, რომლებიც, თუ მართლა დაბრუნდნენ, კაცმა არ იცის, რა უბედურებას დაატრიალებენ. როგორც უკანასკნელ ხანებშიც დავრწმუნდით, მათ ლიდერს, და სხვებსაც, ლიდერის მიბაძვით, არასდროს ანაღვლებდათ და არც ახლა ანაღვლებთ არათუ კანონი, არამედ უბრალოდ საზოგადოებაში მიღებული ელემენტარული ქცევის წესები. ვაი, ჩვენი ტყავის ბრალი, თუ ასეთ ხალხს ძალაუფლება კვლავ ჩაუვარდა ხელში! ამის მაგალითი გუშინაც ვნახეთ. წარმოგიდგენიათ, „ჟურნალისტი" გვარამია თუ ღია ეთერში, ყველას წინაშე, იმის უფლებას აძლევს თავს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რას იზამდა პროკურორი გვარამია, როდესაც ბრალდებულს თავის კაბინეტში ან სულაც სადღაც ჯურღმულში მოიგდებდა ხელთ? მეჩითოვს არავინ არ ამართლებს და მათ შორის არც მე. რაც მან თქვა, არის საშინელი ტყუილი და ეს მთელმა მსოფლიომ იცის. მაგრამ რას აკეთებს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში დაღლილი „გმირი"? უშვერი სიტყვებით იგინება და საჯაროდ დევნას უცხადებს ადამიანს ნაცისტების და ბოლშევიკების საუკეთესო ტრადიციებში. „ამ კაცის ადგილი არ არისო საქართველოში", გაჰყვიროდა ყოველგვარი კონტროლიდან გასული გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ყოფილი იუსტიციის მინისტრი. ადგილი არ არისო რას ნიშნავს? რომ ან უნდა ქვეყნიდან გავაძევოთ საქართველოს მოქალაქე, ანდა სულაც მოვკლათ?

მეორე მხრივ, გვყავს ყოვლად უპასუხისმგებლო ამჟამინდელი მმართველი გუნდი, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ერთი კაცის მითითებების ბრმა შემსრულებელია (ერთი კაცის გადაწყვეტილებები რომ შეიძლება დამღუპველი იყოს ქვეყნისათვის, ამის თაობაზე ეს ერთი კაცი სხვა ერთი კაცის შესახებ ლაპარაკობდა 2011 წლიდან მოყოლებული). ამ ე.წ. გუნდის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, სხვა მრავალთა შორის, სწორედ პრეზიდენტობის კანდიდატად ქ-ნ ზურაბიშვილის წამოყენებაა. საქმე ისაა, რომ რასაც ეს ქალბატონი ამბობს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მართლა რისკის შემცველია საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე პროცესების კუთხითაც და უბრალოდ არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანად გაგრძელების კუთხითაც. ეს მართლაც ასეა და ჩემთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ ამასვე ამბობენ ნაცები. თუ ნაცები მოცემულ მომენტში თეთრზე ამბობენ თეთრიაო, მე რა ვქნა, ვთქვა, რომ შავია? მართალია ის, რომ ვაშაძის არჩევა შეიძლება გახდეს დესტაბილიზაციის ფაქტორი, რადგან ის შეიწყალებს იმას, ციხიდან გამოუშვებს ამას და სხვა. მაგრამ ქ-ნ ზურაბიშვილის გამონათქვამების გამო სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აღლუმი რომ მივიღოთ ერთ მშვენიერ დღეს, როგორ ფიქრობთ, ეს არ იქნება დესტაბილიზაციისა და ქვეყნის თავდაყირა დაყენების ფაქტორი? სინამდვილეში ორივე ფაქტორი შეიძლება განეიტრალდეს, თუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ასე მოვისურვებთ.

გვაქვს თუ არა არჩევანი იმ ხალხს, ვინც ვაცნობიერებთ ამ ორივე რისკს და არ გვსურს არც ნაცების დაბრუნება და არც "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა? დიახ, ჩვენ გვაქვს არჩევანი. ამისათვის ხმა არ უნდა მივცეთ არცერთ კანდიდატს. პრეზიდენტად რომელიმე მიუღებელი კანდიდატის არჩევა არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს და ამ ორ რისკს შორის ერთ-ერთის გარდაუვალად რეალობაც ქცევას. რისკი მხოლოდ რისკია და იმისათვის, რომ ის რეალობად არ იქცეს, ამისათვის სწორი მოქმედებაა საჭირო. მიაქციეთ ყურადღება, რომ ორივე ეს ძალა აპოკალიფსურ სურათს გვიხატავს, რომელიც თურმე აუცილებლად დადგება, თუ მათ კანდიდატს არ მივცემთ ხმას. არავითარი აპოკალიფსი არ დადგება! პრეზიდენტის არჩევნები აპოკალიფსს ვერ მოიტანს. კიდევ კარგი, რომ უარი ვთქვით საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე. დღესაც რომ ლამის აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პრეზიდენტს ვირჩევდეთ, აი, მაშინ კი იქნებოდა აპოკალიფსი! ჩვენ, ვისაც აღარ გვინდა არც ნაცები და არც ქოცები, ვისაც გვაქვს მყარი პრინციპები დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან და საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით, გვმართებს ძლიერი მესამე ალტერნატივის ჩამოყალიბება. ყველაფერი არც ისე ცუდადაა. მადლობა ღმერთს, ახლა უკვე გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც შეიძლება ძალთა ისეთი ბალანსის შექმნა, რომ ერთ ძალას და, მით უმეტეს, ერთ კაცს არ ექნება ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ცხადია, ამისათვის აუცილებლად უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და დარჩეს მხოლოდ პროპორციული.

ვიღაცეები მეუბნებიან, რასაც შენ ამბობ, „ნაცების წისქვილზე წყლის დასხმას" ნიშნავსო. (დარწმუნებული ვარ, რომ ნაცები ლატენტურ ქოცობას მაბრალებენ; ეს სიტყვა „ლატენტური" ძალიან მოდაში შემოვიდა). ნაცების წისქვილზე წყლის დასხმა იცით რა არის? როდესაც არ გაქვს პრინციპები; როდესაც ბრმად ანდობ შენს ბედს ვიღაცას და არ გაინტერესებს, როგორ ამართლების ის შენს ნდობას; როდესაც თანახმა ხარ ყველაფერზე მარტო იმიტომ, რომ ვიღაც „უარესი" არ გინდა; როდესაც არ განაღვლებს, აქვს თუ არა ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა შენს ვითომ „უკეთესს". ნაცების შესაძლო დაბრუნება რომ თავსატეხად გვექცა, ეს სწორედ „ქართული ოცნების" ბრალია. სხვათა შორის, ნაცებს ბევრი შრომა არ დასჭირვებიათ. მათ უბრალოდ აიტაცეს ხელისუფლების აშკარა ჩავარდნები, თუნდაც, სარალიძის და მაჩალიკაშილის საქმეებს რომ ეხება, და თვითონ არაერთ დანაშაულში მხილებულებმა, სიმართლის და სამართლიანობის დროშა ააფრიალეს. „ოცნებამ" კი რა დაუპირისპირა? - უტიფარი ტყუილი. ხალხი ბრმა და ყრუ ნუ გგონიათ, ბატონებო! ადამიანებს სურთ სიმართლე და სამართლიანობა. ტყუილი არა მხოლოდ არ გვარწმუნებს, ის შეურაცხგვყოფს, თავმოყვარეობას გვილახავს და გვაბრაზებს. ეს შეურაცხყოფა და ბრაზი გროვდება და უცბად არჩევნების დროს ამოიფრქვევა ხოლმე" - წერს სანდრო ბარამიძე.

ასე რომ სასოწარკვეთას ნუ მივეცემით, მეგობრებო! ჩვენ არ ვართ განწირული, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ გზა სცილასა და ქარიბდას შორის. ჩვენ გვაქვს სხვა, ალტერნატიული გზაც. მე, პირადად, ვაპირებ წავიდე და გადავხაზო ორივე კანდიდატი და მერე, მეგობრებთან ერთად, ვიბრძოლო იმისთვის, რომ რაღაც ჯანსაღი მესამე ძალა შეიქმნას" - წერს სანდრო ბარამიძე.