რუსთაველის გამზირზე კარვები გაშლილია. შაბათ ღამით, ორთვიანი მცდელობის შემდეგ, შვილმოკლული მამების - ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნა, რომ პარლამენტის შენობასთან კარვები გაეშალათ, წარმატებით დაგვირგვინდა, თუმცა ამას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო შეხლა-შემოხლა. ზაზა სარალიძის დედა და თავად სარალიძეც აქციაზე შეუძლოდ გახდნენ და მცირე ხნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციები გრძელდება და ახლა განხილვის საკითხი ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის განთავსების ადგილია.
დედაქალაქის მერია ნაძვის ხის გამართვას, ტრადიციისამებრ, პარლამენტთან გეგმავს და ამის შესახებ ოფიციალურადაც აცნობა აქციის ორგანიზატორებს, რასაც საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება მოყვა, მერიაში კი აცხადებენ, რომ მათი წერილი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც და რა ფორმითაც სურთ, ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა.
კახა კალაძემ ბრიფინგზე ზაზა სარალიძისა და მერიის მიმოწერაც წარმოადგინა. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის პასუხში საუბარია იმაზე, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონია 15 დეკემბერს იმართება და ამას შაბათ ღამით მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.
პარალელურად, ინტერნეტში გაჩნდა პეტიცია სახელწოდებით - "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!" პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება საზოგადოებას აიძულებს არჩევანს ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ადამიანს აირჩევენ. კვირა საღამოსათვის პეტიციას 2 ათასზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ "შეთანხმებით შესაძლებელია, ყვლაფერი ძალიან ნორმალურად და მშვიდად მოგვარდეს."
"მშვიდად შეიძლება ამაზე შეთანხმება, შესაძლებელია, იყოს კარავიც, ოღონდ სხვანაირი კარავი, რომელშიც დაჯდება ადამიანი და ნაძვის ხეც იყოს იქ ისეთი, რომელიც საერთო ვითარებიდან არ იქნება ამოვარდნილი. თუ არა და ადამიანების ცუდად გახდომა არ ღირს არც ნაძვის ხედ და არც სხვა გასართოდ საშუალებად.
"თუ ადამიანები ამის გამო ცუდად უნდა გახდნენ, ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ და დაიწყოს სიძულვილი, მაშინ ვის რად უნდა ნაძვის ხე. ნაძვის ხეს საახალწლოდ იყოს სიხარული უნდა მოჰქონდეს ბავშვებისთვის და თუ ეს საზოგადოების ნაწილისთვის გადაიქცევა დაძაბულობის კერად, ამაზე არც ღირს ლაპრაკი, ვფიქრობ, შეთანხმებით შესაძლებელია, ყვლაფერი ძალიან ნორმალურად და მშვიდად მოგვარდეს," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წარმომადგენელი, დეპუტატი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ ოპოზიცია ამ დაპირისპირებას თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.
"მერიამ განმარტა, რომ ეს არ არის ხელის შეშლა. ეს არის ჩვეულებრივი საახალწლო მზადება. იმ ადგილზე ნაძვის ხე უნდა დაიდგას. ეს არ ხდება მხოლოდ წელს. რუსთაველის გამზირი არის ლოკაცია საახალწლო ნაძვის ხისთვის. იყო თხოვნა დეკემბრის თვესთან დაკავშირებით. არის სხვა ადგილები, სადაც შეუძლია, გამოხატოს თავისი პროტესტი.
"გუშინდელი არეულობა იყო ვიღაცების მიერ პოლიტიკური ნიშნით ანგაჟირებული. საზოგადოება ამას ხედავს. კილაძის გუშინდელი გამოსვლა ვნახეთ - ამბობს, რომ თურმე სარალიძის დედა პატრულმა ცემა, მეორე წუთში სარალიძის დედა გამოდის და ამბობს, რომ, პირიქით, პატრული დამეხმარა, ხალხი გასწია, რომ კარგად მესუნთქაო. ეს ყველაფერი სიცრუესთან არის დაკავშირებული," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ შაბათის მოვლენებში არასამთავრობოებმა გარკვეული როლი ითამაშეს. საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირება კი ამ ფაქტის გამო არ უნდა მოხდეს.
"არასამთავრობოების ამოქმედებამ ითამაშა გარკვეული როლი კანონთან დაკავშირებით, რომ კარავი არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, კანონი ამას არ ზღუდავს და ა.შ.
"ზოგადად, ყველა ქვეყანა თავს არიდებს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებთან იყოს კარვების ქალაქი, თუმცა ეს საქართველოსთვის უცხო არ არის. გვახსოვს კარვების ქალაქად გადაქცეული რუსთაველის პროსპექტი. ეს არ არის ისეთი დრამატული საკითხი, რომ ხელისუფლების დაპირისპირება ადამიანებთან გამართლებული იყოს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.