[როზი ჯღამაია]
შეიძლება ითქვას „ექვსიანისთვის“ გაისროლა „ავრორამ“, მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად ისეთ შეცდომებს უშვებს, საკუთარ თავს და მის მთელს გუნდს ძირს უთხრის. ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები ერთმანეთს ასამარებენ. საპარლამენტო ოპოზიციას რეალურად, ოპოზიციად არც კი თვლიან. მოკლედ, ერთ მხარეს სიქაგაცლილი „სახალხო კრებაა“ მეორე მხარეს ექვსიანის „ასორტი“. თუმცა, მაინც და მაინც არ იგრძნობა რომელმე მათგანი აქტიურობდეს.
ამ თემით დავიწყეთ საუბარი „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ მდივანთან ალექსი პეტრიშვილთან.
„ექვსიანმა“ კალათბურთის სასახლეში შეკრებილ ხალხს უხვი დაპირებები მისცა. არ ფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგი შანსი მოგეცათ, რომელსაც ისევ ვერ იყენებთ?
- მე ამას, რაც ხდება შანსს ვერ დავარქმევ, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის დაშვებული შეცდომები - მიმართვები, გამოთქმები, რა თქმა უნდა, ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებული საქმე, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს აგონიურ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების ქმედებაა, რაც პირველ რიგში განაპირობა, სააკაშვილის და მთლიანად მისი ხელისუფლების მიდგომამ - „მინდა და ვაკეთებ“, „გამდის და ვაკეთებ“. ამ მიდგომამ, რა თქმა უნდა, სერიოზული ბზარები გამოაჩინა.
რეალურად რომ ვთქვათ, ფოტორეპორტიორების გამოშვება რეალურად არის პირველი დიდი გამარჯვება იმაზე, რაც ხდება ჩვენს თავს 7 ნოემბრის შემდეგ. ჟურნალისტების აქტიურობამ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ, პირველად და არაუკანასკნელად, 37 წელი არ შედგა. მანამდე ყველაფერი იქეთ მიდიოდა, უბრალოდ ფორმები იყო სხვადასხვა - ციმბირში გადასახლებას ანაცვლებს საპროცესო გარიგებები.
ჟურნალისტების აქტიურობა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილს ბევრი რამ არ გაუვა და საქართველოს სინგაპურიზაცია ვერ მოხდება ქართველი ხალხის თავისი ქვეყნისადმი დამოკიდებულების გამო.
რაც შეგვეხება ჩვენ, პოლიტიკოსებს და კონკრეტულად ექვსეულს, ამ ეტაპზე ინტენსიური მსჯელობა შეთნხმება მიმდინარეობს კონკრეტულ გეგმებზე და ეს სულ მალე კონკრეტული ნაბიჯებით გამოჩნდება.
გეგმა არსებობს?
- რა თქმა უნდა. მერწუნეთ, სწორედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ამ გეგმის შეთანხმების პროცესი. ამიტომაც ვთქვით, რომ აგვისტო არ იქნება შვებულების პერიოდი არც „თავისუფალი დემოკრატების“ და მისი თავმჯდომარის ირაკლი ალასანიასთვის და არც ექვსეულში შემავალი პოლიტიკური ძალებისთვის. არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ის ცვლილებები, რომელიც სურს მან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განახორციელოს, მშვიდ გარემოში მიიღოს. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის და რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებას დავანახებთ, რომ ის მცირედი ცვლილება, რასაც ხელისუფლება გეგმავს, ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმარისი არ არის.
ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების აქტიურობა მართლაც აღნიშვნის ღირსია, თუმცა არ ვიცით რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭრა არ გვექნებოდა ამ პროცესში. დიდი ალბათობით, ხელისუფლება უფრო თამამი იქნებოდა საკუთარ მოქმედებებში, ანუ, უნდა თუ არა, ხელისუფლება იძულებულია ანგარიში გაუწიოს საერთაშორის თანამეგობრობას. რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ასეთივე აქტიურ მხარდაჭერად გაიხადოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ შედეგი დადოს თუნდაც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ ერთობა არ გამოგდით, თუ იმიტომ, რომ ალტერნატივა ვერ დაანახეთ საერთაშორისო თანამეგობრობას?
- შესაძლოა უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს, მაგრამ ჩვენი თვითმიზანი არ არის ჩვენი პოლიტიკური ერთობის დემონსტრირება, ჩვენი თვითმიზანია უკეთესი, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო შეიქმნა, სადაც მზად ვართ ბეჭებზე დავდოთ ხელისუფლება. სვეტიცხოვლის ეზოში „მრევლის“ (სინამდვილეში ორგანიზებულად მიყვანილი ხალხი იყო) მიერ მიშა-მიშას ძახილის მიუხედავად, ჩვენ ვიცით რა უჭირთ ჩვენს მოქალაქეებს.
ჩვენმა მოქალაქეებმა თავად უკეთ იციან რა უჭირთ და რა - არა და თქვენ ეს გეცოდინებათ თუ არა მათთვის ამას არავითარი მნიშვნეობა არ აქვს, თუ აქედან გამოსავალს ვერ დაანახებთ. ამიტომ გეკითხებით, როგორ აპირებთ ამ ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას?
- ჩვენ მოქალაქისთვის გამოსავლის შეთავზებისთვის გვაქვს კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროგრამები და კონკრეტული დაპირებები, რომელსაც სულ მალე ნახვთ. ჩვენ აქამდეც გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი ხედვები სოფლის მეურნეობასთან, პოლიციის დეპოლიტიზაციასთან თუ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ახსნა ფასების ზრდასთან დაკავშირებთ და აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ხელისუფლების განცხადება, თითქოს, ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოუწია ხელისუფლებას ხორცის ფასების გაზრდა.
პირდაპირ ვამბობ, ეს არის ბლეფი და ამ ბლეფში ჩვენი საზოგადოების შეყვანის უსუსური მცდელობა. ამას არავინ „გადაყლაპავს“. ეს არის ისეთივე ტყუილი და პიარი, როგორც სააკაშვილის თხილამურებზე სრიალი და ყვინთაობა. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და არც იმას ვიზიარებ, რომ ხალხი ნიჰილიზმშია გადავარდნილი.
როდესაც ხელისუფლების შემოთავაზებულ საარჩევნო ცვლილებას რამდენიმე პარტიამ ხელი მოაწერა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოელოდა, რომ ხელმომწერებს შორის ირაკლი ალასანიას პარტიაც იქნებოდა. საზოგადოების ამ განწყობას ჰქონდა გარკვეული საფუძვლები. თუმცა, როდესაც ალასანია გაემიჯნა ხელისუფლების შემოთავაზებას, გაჩნდა მოსაზრება, რომ მან ამერიკისგან მიიღო გარკვეული გარანტიები. პირველ რიგში, რამდენად შეეფერება ეს მოსაზრება რეალობას და საერთოდ, რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს დასვლეთმა ოპოზიციურ „ექვსიანს“.
- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ირაკლი ალასანიას და მის გუნდს დიპლომატიური საქმიანობიდან გამომდინარე, გვაქვს ძალინ კარგი და მჭიდრო ურთიერთობები საერთაშორისო თანამგობრობის და ხელისუფლებაში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებთან, მაგრამ ბუნებაში არ მომხდარა, რომ ირაკლი ალასანიასთვის ვინმეს ინსტრუქციის მაგვარი რამ მიეცა. პოზიციას გამოხატავს ამერიკის მთავრობა, ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ა.შ. მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ირაკლი ალასანია არის ჯერ ქართველი და მერე არის ჩვენი მეგობრობის მეგობარი.
რა ტიპს მხარდაჭერის იმედი გაქვთ?
- დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, ხელისუფლების მხრიდან, მცდელობა, რომ საქართველოში განხორციელდეს პუტინიზაცია, დასავლეთის მხრიდან, არა მარტო არ იქნება მხარდჭერილი, არამედ იქნება დაგმობილი. ჩვენ ამ ბრძოლაში უკვე ჩართულები ვართ.
პრობლემა მხოლოდ ის არის მიშა გახდება თუ არა პერმიერ-მინისტრი? გიგი უგულავამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. უგულავას გაპრემიერების შემთხვევაში, ქვეყნითვის რამე შეიცვლება?
- შესაძლოა ვცდები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ვერ იცხოვრებს მშვიდად, როგორც ნაციონალური მოძრაობის მოლა, რომელიც გვერდიდან დააკვირდება და გიგი უგულავას გააკონტროლებს ავლაბრის რეზიდენციაში თუ სხვაგან. მე ამას გამოვრიხავ. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის - რა ვუყოთ მიშას? ნაციონალების გარკვეული ჯგუფი არ აპირებს სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლას. ისინი ხედავენ მომავალს, სერიოზულად აპირებენ ბრძოლას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამკვიდრდეს, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.
შესაძლოა, რასაც ახლა ვიტყვი, არაპოპულარულია, მაგრამ მათ ამის უფლება რეალურად აქვთ. უბრალოდ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს ძალა რა ფორმით და დოზით დარჩეს პოლიტიკაში.
საუბრობთ ბოკერის ფრთაზე?
- ჯერ ერთი, არ ვიცი ეს ბოკერიას ფრთაა თუ არა, და ამ წიაღში გიგი უგულავა წარმოქმნილი, როგორც „გამჯობესებული მიშა“, ძნელად წარმომიდგენია. არის იქ ჯგუფი ადამიანების, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ.
ვინ არიან ეს ადამიანები?
- დავღუპოთ? მოკლედ, ჩვენი ჩარევის გარეშეც კარგად იგრძნობს სააკაშვილი რა საფრთხეც მოდის „ნაციონალების“ წიაღიდან. ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო უჭირთ „მონოლითის“ დემონსტრირება. ნუ მთხოვთ გვარების დასახელებას, მაგრამ ფოტოგრაფებთან მიმართებაში, კონკრეტულ ადამიანებს (ინტერვიუებიც კი იყო) სჭირდებოდათ დამატებითი საფუძვლები იმისთვის – დაეჯერებინათ, რომ ეს ადამიანები ჯაშუშები იყვნენ.
რელიგიურ კონფესიებან დაკავშირებითაც, ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც 70 კაცით განისაზღვრა ხელმომწერთა სია, ხოლო დანარჩენებს ხელის მოწერა არ უნდოდათ და ამის გამო მოვლინებებში იყვნენ, მაგრამ მათაც გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რომ საპარტრიარქოსთან, პატრიარქთან და პირველ რიგში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა იყო.
რელიგიური კონფესიებისთვის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის წინააღმდეგი არც „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ, ფორმა - კანონის მიღების, საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის – ფორმა იყო ჩვენთვიასაც მიუღებელი. სააკაშვილს ძალიან აწუხებს, რომ ყველა კვლევებით, (ამ კვლევების მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად), საპარიარქოს ინსტიტუტის ავტორიტეტი და ნდობა არის უაღრესად მაღალი, ვიდრე ჯარის, პოლიციის და ა.შ.
სვეტიცხოველშიც იმ ხალხის ორგანიზება, მიშა-მიშას რომ გაიძახოდნენ იყო იმის დემონსტრირების მცდელობა - „მე ვარ აქ ბატონი, პატრონი, ეკლესიის შიგნითაც და ეკლესიის გარეთაც“. ჩვენდა საბედნიეროდ პატრიარქი დიდი საზოგადო მოღვაწეა და დიდი სიყვარული აქვს თავისი ქვეყნის, თავისი მრევლის და თავისი ხალხის.
აი, ამ ფრაზას ე.წ. ლიბერტარიანებლები ნამდვილად არ მოგიწონებენ...
- არ მანერვიულებს და არ მაშინებს. ლიბერტარიანელებთან რაღაც-რაღაც მიმართულებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკლესიის ადგილთან და ქვეყნის აღმშენებლობის საკითხებთან დამოკიდებულებაში, რაღაც საერთო ხედვები მაქვს. მე მინდა ის კონკორდატი, რომელიც ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებობს, იყოს პატივცემული.
ლიბერტარიანელები კი ამ კონკორდატის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ...
- გეთანხმებთ, როგორც პრესის საშუალებით გავიგე სააკაშვილს თავიდანვე არ სდომებია ამ კონკორდატის გაფორმება, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს ხელისუფლებაში. და კიდევ ერთი, ე.წ. ლიბერტარიანელები არიან ფსევდოლიბერტარიანელები – იმის დანერგვა, რის დანერგვასაც ისინი ცდილობდნენ, არაფერი საერთო არ აქვს ლიბერალურ ფასეულობებთან. ეს არის ერთმნიშვნელოვნად, ტირანიის, დიქტატურის, ავტოკრატიის დანერგვის მცდელობა, რაც საქართველოში არ გამოვა.
2003 წელს მინდა დავუბრუნდე, მაშინ, ყველას გვახსოვს, რომ შევარდნაძე, პრაქტიკულად ყველამ გაწირა და სააკაშვილს შიგნიდან გაუღეს პარლამენტის კარები. ანუ, მაშინდელმა ოპოზიციამ კარგად იმუშავა. დღეს სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მყარია, ვიდრე შევარდნაძის დამყაყებული რეჟიმი. გაქვთ თუ არა შნო, რომ ნაციონალების შიგნით არსებული ბზარები უფრო გააღრმაოთ?
- დიახ, შნოც გვაქვს და კავშირებიც. მართლა არ მინდა ვინმეს საფრთხე შევუქმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში დავასახელებდი გვარებს, რასაც სააკაშვილის მხრიდან რეაქცია აუცილებლად მოყვებოდა.
თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენ ვიღაცეებთან ფარული კავშირები გაქვთ და ეს მიშამ არ იცის?
- მე არ ვიცი მიშამ რა იცის. ვიცი, რომ მიშამ ყვინთვა არ იცის, მიშამ თხილამურებზე კარგად დგომა ნამდვილად არ იცის და ვიცი, რომ მიშამ ქვეყნის მართვა ვერ შეძლო.
ბათუმის სკანდალზე ზაზა შათირიშვილმა თქვა: „მთავარი ის კი არ არის სინამდვილეში მოხდა თუ არა, მთავარია, რომ ხალხი ამას იჯერებს“. თქვენ გჯერათ ბათუმური ვერსიების?
- გულწრფელად გეტყვით, არ მიყვარს ჭორები.
მაშინ მითხარით, შეგიძლიათ დაუშვათ, რომ სააკაშვილს შეეძლო საკუთარი გუნდის წევრები ბათუმიდან ზოგი ნაცემი, ზოგი თავმირტყმული და ზოგიც ფეხმოტეხილი გამოეშვა?
- კიდევ ერთხელ გეტყვით, რაც მედიაში იბეჭდება იმაზე დაყრდნობით დასკვნას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ზოგადად, სააკაშვილი ქმედებები რომ არაადეკვატურია, ამას გადავიყვან იმ სიბრტყეში, სადაც შემიძლია თამამად გითხრათ – ჩემთვის, როგორც ყოფილი დიპლომატისთვის მიუღებელია, როცა სააკაშვილი გამოდის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, აცხადებს - მზად ვარ ხელი გავუწოდო და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დავიწყო ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და სულ რამდენიმე დღეში, გამოდის და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღვას რუსეთის ხელისუფლებას.
რუსთთან მიმართებით ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, ეს ფაქტია და დღევანდელი რეალობა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის და მისი პირველი დიპლომატის,საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ 8 მაისს გაკეთებული განცხადებები - „კლოუნადაა“, „რუსეთის პრეზიდენტი კლოუნია“ ეს ერთადერთ რაღაცას ემსახურებოდა – მიშას გულის მოლბობას.
ფოტორეპორტიორების საქმის დასრულებიდან ძალიან მალე ახალი პოლიტიკური ე.წ სკანდალის მომწრენი გავხდით - ტელეეკრანებზე კვლავ მოგვევლინა „წამებული“ ირაკლი ოქრუაშვილი. თავად ფაქტს რა შეფასებას მისცემთ?
- მე გაცილებით უფრო მანერვიულებს და მაწუხებს ის პრობლემები, რომელიც ჩემს ოჯახს, ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს აწუხებთ. ეს არის მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე გაზრდილი ფასები, ბიზნესზე ტერორი, უმუშევრობა და ა.შ. სააკაშვილმა „რედისონის“ აფექტური გახსნისას ეკონომიკური სასწაული ახსენა, ნეტამც, ეს ასე იყოს. საკრიტიკო და ოპოზიციის სალაპარაკო თემები ყოველთვის იქნება, მაგრამ არ არის ეს ეკონომიკური სასწაული.
ოქრუაშვილზე გკითხეთ...
- მივალ მაგ თემამდეც. რას იტყვის ოქრუაშვილი, დიდად არ მაღელვვებს. სხვათა შორის, კონკრეტულ ქმედებებში მაგრად გვანან ერთმანეთს სააკაშვილი და ოქრუაშვილი. ერთმანეთის გვერდიგვერდ რომ დავდოთ ოქრუაშვილის ინტერვიუ და სააკაშვილის ბათუმში „რედისონის“ გამოსვლის ტექსტი, ზუსტად ერთი-ერთში გვანან ერთმანეთს.
რაზე მიანიშნებთ?
- არაფერზე.
კარგით, მაშინ დავაკონკრეტოთ - მოქმედებენ თუ არა ისინი შეთანხმებულად?
- მე ვიცი რეალურად, „თავისუაფლი დემოკრატები“ და არა მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატები“ რეალურად ვიბრძვით მთელს საქართველოში, რომ ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანად. მთავარი ბრძოლა არის დღეს და აქ. მე არ ვიცი ვინ რას დაიძახებს საიდანღაც. მინიშნებას არ ვაკეთებ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით სააკაშვილის და ოქრუაშვილის ბოლო გამოსვლები დადეთ და თავად შეაფასეთ. მათ შორის მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.
„ექვსიანი“ საკმაოდ ამბიციურ განაცხადს აკეთებს. ეს დაპირებები კიდევ ხომ არ გამოიწვევს ახალ იმედგაცრუებას? გაქვთ თუ არა რეალური ძალა, რომ შეცვალოთ ხელისუფლება?
- მე ვეთანხმები კითხვის ფორმას, მაგრამ ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ და ირაკლი ალასანია წავალთ ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვას ჩავდებთ ამ ბრძოლაში, რასაც ქვია ხელისუფლების შეცვლა კონსტიტუციურად, არჩევნების მეშვეობით. თუ ხელისუფლება გამოიყენებს მეთოდებს, რომელიც არადემოკრატიულია, რაც უკვე ჩანს, რომ აქეთკენ მიჰყავს სააკაშვილს, ჩვენ უკან არაფერზე არ დავიხევთ. ეს გულისხმობს კანონიერ ბრძოლას ქუჩაში, ოჯახებში და ა.შ.
არჩევნები მაინც რომ გააყალბოს რას შვრებით?
- ვერ მიიღებს ის „მწვანე შუქს“ პირველ რიგში, ქართველი საზოგადოებიდან და ვერ მიიღებს „მწვანე შუქს“ საერთაშორისო თანამეგობრობისგან - ის იქნება არალეგიტიმური მმართველი.
მას წელიწადნახევრის განმავლობაში არსად ეპატიჟებოდნენ, ხელს არ ართმევდნენ, მაგრამ იგი მაინც პრეზიდენტი იყო და ქვეყნის შიგნით შესანიშნავად გრძნობდა თავს...
- ვნახოთ, არა მგონია, რომ ასე იჯდება. ასე ეგონათ ზოგიერთ მმართველებს, მაგრამ ასე არ ხდება. ქართველი ხალხი სინგაპურიზაცისთვის „მწვანე შუქს“ არ აანთებს. სინგაპურს ღმერთმა ხელი მოუმართოს, იქაური ეკონომიკური სასწაული ერთია, ხოლომ დემოკრატიული კუთხით რაც არის - მეორე. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კონფერენცია - „საქართველოს გზა ევროპისკენ“, ევროპაში ყველამ იცის, რაც აქ ხდება, ეს ყველაფერი არის ფასადური. სააკაშვილი არის გულწრფელი, როცა იძახის, რომ მას აქ უნდა სინგაპური, გულწრფელია, როცა მას უნდა მენტალური რევოლუცია.
ამას წინათ ძალიან სასაცილო რამ თქვა, გუშინ „იმედზე“ ორი ფილმი წავიკითხეო – განა მე ინგლისურის წინააღმდეგი ვარ, ჩემი შვილებისთვის, ჩემთვისაც, ინგლისური ენა ბავშვობდან პრიორიტეტი იყო და ვიცი რაც არის დასავლური ფასეულოები, აქეთაა მიმართული ჩვენი პოლტიკური ძალაც, მაგრამ არ შეიძლება ადამიანებს ინგლისური ენა ძალით მოახვიო თავზე. როდესაც ერთი მინისტრი იძახის, რომ რუსული ენის შესწავლის აუცილებლობა არ არის, ეს არის მცდარი მიდგომა. გეოგრაფიულად რუსეთი არის ბუნებრივად ყველაზე დიდი ბაზარი და ნებით თუ უნებლიედ, ქართველ ხალხს ყოველთვის დასჭირდება ამ ენის ცოდნა.
არასერიოზულად მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ რუსეთის მოსახლეობასთან ბიზნეს და ეკონომიკური პროექტების განხილვისას ინგლისურად დაიწყონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. არ შეუწყობს ეს ხელს წარმატებას. შესაძლოა, ბატონმა მიხეილმა ჩათვალოს, რომ ეს მიდგომა არქეტიპული მონის მენტალობაა, მაგრამ კი, ბატონო ჩათვალოს. ევროპასთან, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრირებასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა, ურჩევნია ის გააკეთოს. ამ ფსევდოლიბერტარიანულ მიდგომებს კი უკვე აღარავინ აღარ „ყლაპავს“.