მსახიობი პაატა გულიაშვილი მხიარული ადამიანია. საქართველოში ანეგდოტებისა და სახალისო ისტორიების „მცოდნეებს“ რა გამოლევს, მაგრამ პაატა ამათგან მაინც გამორჩეულია. მშობლიურ თელავზე უზომოდ შეყვარებულ მსახიობს თავისი კუთხისთვის დამახასიათებელი პირდაპირობაც ახასიათებს. საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს და მის „კლანჭებში“ ახლობელ-მეგობრები „ეხვევიან“. პაატა გულიაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია და რამდენიმე „თელავურ ამბავს“ გაიხსენებს.
„გაწბილებული“ გურჯაანელები
თელავში ერეკლე მეფის კულტი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ამ პატივისცემამ ბოლო ხანებში განსაკუთრებული „აქტიურობა“ შეიძინა. სახელგანთქმულ ხელმწიფეს ჩემს ქალაქში სიყვარულით „პაპას“ ეძახიან და ყველა რესტორნის დარბაზში მის დიდ სურათსაც წააწყდებით. ერთ-ერთი „დაწესებულების“ მეპატრონემაც მხატვარს „პაპის“ დიდი სურათი დაახატინა და დარბაზში გამოსაჩენ ადგილას გამოფინა. თელაველებს იმ მაგიდასთან ქეიფი და დროსტარება განსაკუთრებით უყვარდათ.
ერთ დღესაც რამდენიმე თელაველი ამ რესტორანში საქეიფოდ შევიდა. „აღმოაჩინეს“ რომ ის ადგილი დაკავებული გახლდათ. რა გაეწყობოდა. მეორე მაგიდას მიუსხდნენ, რომელსაც „ნატიურმორტი“ ამშვენებდა. ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ უცნობები გურჯაანელები ყოფილან. თელაველებისა და გურჯაანელების ისტორიული „დაპირისპირების“ შესახებ ალბათ გაგიგიათ. ცოტა ხანში, როდესაც შეთვრნენ, ერთ-ერთი თელაველი, კუჭა ერქვა სახელად(გარდაიცვალა საწყალი), სტუმრების მაგიდას მიუახლოვდა და, „გურჯაანელები ბრძანდებითო“ - ჰკითხა. დადებითი პასუხის შემდეგ - „მნიშვნელობა აქვს, თქვენს მაგიდასთან რა ნახატი ეკიდებაო“ - დაინტერესდა. იმათაც, არაო - უპასუხეს. ჩამოხსნა შენმა კუჭამ მეფე ერეკლეს სურათი და თელაველების მაგიდასთან გადმოიტანა. იმ მაგიდასთან კი ქალაქის ხედი დაკიდა - აი, ეხლა ამ ნახატს უყურეთ, თელავის რუკაა და მომავლისთვის გზა დაიმახსოვრეთო. რასაკვირველია თელაველებმა ქეიფი „პაპას“ ნახატის გვერდით გააგრძელეს.
თვალის „ექიმი“
თელავი სპეციფიური ქალაქია და ადგილობრივებმა ხუმრობაც რაღაც სხვანაირი იციან. ერთი თვალის ექიმი ცხოვრობს. მუდმივად ან მთვრალია ან „პახმელიიდან“ გამოსვლა სურს. ერთ დილასაც ნაცნობებმა დაურეკეს და ხაშზე მიიპატიჟეს. დახეთ უიღბლობას. გასვლის წინ პაციენტი დაადგა. რა გაეწყობოდა? ჩამოუკიდა ის ნახატი, აი, სხვადასხვა ზომის რგოლები რომ ახატია და გასინჯვა დაუწყო. ნაკლი ვერ აღმოუჩინა. რადგან პაციენტი შესანიშნავად ხედავდა. შემდეგ აივანზე გაიყვანა და კავკასიონის მწვერვალი დაანახა. იმან ვხედავო - მიუგო. „აბა, თუ ხედავ, კარგია, მაგრამ იმის იქით მეც ვერაფერს ვხედავ, რას მაწვალებ, წადი შენი დედ... რას მოდიოდი შე შობელძაღლო ჩემთანო“, - მიუგო.
„კახური ბორდელი“
ალბათ გაგიგიათ თელაველი კოლორიტი გეგე სულხანიშვილი. გეგე ჯერ მამაჩემთან მეგობრობდა, შემდეგ კი მეც დამიძმაკაცდა. ახალგაზრდა ვარ, სადღაც თხუთმეტი-თექვსმეტი წლისა და გეგემ აიტეხა ქალებში უნდა წაგიყვანოო - ბორდელში. ეს „დაწესებულება“ თელავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მდებარეობდა. მივედით მე და გეგე. რასაკვირველია ვნერვიულობ, ქალთან პირველად მივდივარ. უნდა გითხრათ რომ „კახურ ბორდელს“ თავისი სპეციფიკა გააჩნია. მასპინძელმა ქალბატონმა ჯერ მისაღებ ოთახში შეგვიყვანა, ნარდი გადმოგვიღო და საჭმელებიც მოგვართვა. მახსოვს „ბორდელის“ „პერსონალს“ დედა და ორი ქალიშვილი შეადგენდა. მე და გეგემ ნარდის თამაში დავიწყეთ. გავიხედეთ და კედელზე ერთი შეუხედავი მამაკაცის სურათი ეკიდა. ისეთი იყო, ნეტავი არ გენახოს. ამ დროს ერთ-ერთი და შემოვიდა, მწნილი შემოგვიტანა. გეგე ამ კაცის ვინაობით დაინტერესდა. „მამაჩემია. უბედური, სამი წლის ვიყავი როდესაც გარდაიცვალა, აღარ მახსოვსო“, - გვიპასუხა. მალე მეორე დამაც მოგვაკითხა და ყველი მოგვართვა. „ესო, მამათქვენიო“ - დაიწყო გეგემ. „ჰოო, ჰოო, მამაჩემია, არც მახსოვს. დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო რომ გარდაიცვალაო“ - გვითხრა. მოგვიანებით დედაც მოვიდა და სუფრას ცხელ-ცხელი ხაჭაპური შემატა. გეგემ კვლავ დაიწყო - „თქვენი ქმარიაო?“. „ჰოო, ჰოო, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, საერთოდ აღარ მახსოვსო“, - გვიპასუხა. ამაზე გეგე „განრისხდა“ და - „თქვენი დედაც, თუ აღარ გახსოვთ, ჩამოხსენით და აქაურობას მოაშორეთ, რას დაგიკიდიათ ეს უშნო კაცი, ვინმე შესახედავი მამაკაცის ფოტოსურათი მაინც მოიტანეთო“.
„გატეხილი ქოთანი“
რამდენიმე წლის წინ თელავში რობიკო სტურუა ჩავიყვანე და თეატრში კლაისტის პიესა „გატეხილი ქოთანი“ დავდგით. როგორც ინგლისელებს შექსპირი ჰყავთ, გერმანელებისთვის იგივე კლაისტია. მშვენიერი სპექტაკლი გამოვიდა, თუმცა მძიმე წარმოდგენაა და პრემიერის შემდეგ მაყურებელი მოაკლდა. ამ ამბიდან ცოტა ხანში „ხანუმა“ წარმოვადგინეთ. პიესამ ქალაქში არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია და თეატრის დარბაზი მუდმივად სავსე გახლდათ. ერთ დღესაც თელაველი ნაცნობი მომიახლოვდა და მეუბნება - პაატა, ეს კლაისტის პიესა და „ხანუმა“ შარვალ-კოსტიუმივით არიანო. აი, ადამიანს ერთი გამოსასვლელი კოსტიუმი რომ აქვს და მხოლოდ საზეიმო დღეებში იცვამს, ეს „გატეხილი ქოთანიაო“, „ხანუმა“ კი ჯინსივითაა, ყოველთვის შეგიძლია ჩაიცვაო.
„კინგ კონგი“
თელავი სხვა ქალაქებიდან იმითაც გამოირჩევა რომ ადგილობრივები მიცვალებულებზე ხშირად სახუმარო სიტყვებს ამბობენ. ეს ტრადიცია დიდი ხანია არსებობს და გადაგვარება არ უწერია. ერთ ჩემს ნაცნობს 93 წლის მამა გარდაეცვალა. წავიდნენ ამ ბიჭის ძმაკაცები მეკუბოვესთან და სასახლე შეუკვეთეს. გარდაცვლილს ამ ადამიანისთვის თავის დროზე პატივი უცია და მანაც ხურდის დაბრუნება მოისურვა. ზომებს ყურადღება არ მიაქცია და დიდი სასახლე გამოთალა. ამ ბიჭის მამა სიცოცხლეში სიმაღლით ვერ დაიკვეხნიდა, იმ ქვეყანაში წასვლის შემდეგ კი სულ დაპატარავდა და დაპატარავდა. მოიტანეს ძმაკაცებმა სასახლე და აივანზე ააყუდეს. გამოვიდა ჭირისუფალი და რას ხედავს, სასახლე იმხელაა რომ სახურავზე „გაიჭედა“. უყურა, უყურა და „თქვენი დედ.... მამა მომიკვდა თუ კინგ კონგიო“, - აღმოხდა.
კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთი თელაველი ნაცნობი მშობლების საფლავზე შვიდი წელი არ ყოფილა. უკან რომ დაბრუნდა - რამხელა ბალახი გაზრდილა ამ საფლავზე, დედაჩემი და მამაჩემი ფეხის წვერებზე იდგნენ და ისე იყურებოდნენო.
„ოფსაიდი“
რესტორანი „ოფსაიდი“ თელავში განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ. სტადიონთან მდებარეობდა. არც შორს იყო, არც ახლოს, სუფთა „ოფსაიდი“ იყო რა და ხალხშიც ამ სახელით მოინათლა.
ერთ დღესაც ქალაქში ხმა გავარდა, „ოფსაიდში“ ცალხელა მზარეული მუშაობს, გუფთას ერთი ხელით ამზადებსო. ერთი ჩვენი ძმაკაცი ამ „ინფორმაციის“ დასაზუსტებლად წავიდა. დაბრუნდა უკან და - მართალიაო, - გვახარა. ის კაცი ერთი ხელით დაკეპილ ხორცს იღებს, შემდეგ იღლიაში იდებს და აგუნდავებსო, შემდეგ კი გამზადებულს მაგიდაზე აგდებსო. ნამდვილია თუ ტყუილი დღემდე არ ვიცი, ბიჭებმა კი ამ ამბავზე ბევრი ვიხარხარეთ.
ძმაკაცი მყავს ერთი, ჯონდი. სტუმრები ჩამოუვიდნენ და „ოფსაიდში“ შესვლა გადაწყვიტა. ფული არ ჰქონდა და იქაურ პერსონალს ნისიაზე ქეიფი მოსთხოვა. ვალები ადრეც ჰქონია და უარი უთხრეს. წამოვიდა გაწბილებული და წყენა გულში ჩაიდო. ამ ამბიდან რამდენიმე წელი გავიდა. ქვეყანა აირია და „ოფსაიდსაც“ ცუდი დღეები დაუდგა, არც საჭმელი ჰქონდათ, არც სასმელი. ამ ჯონდის ხომ ახსოვს რომ ერთხელ ნისიაზე უარი უთხრეს. არ დაიზარა, მივიდა, კარი შეაღო და მზარეულებს შავი პური მოსთხოვა. არ გვაქვსო, - უპასუხეს. მეტის ღირსები არც ხართო, - მიუგო გახარებულმა და უკან გამობრუნდა.
ამ ჯონდის მეზობელი ჰყავდა, რომელსაც არ ელაპარაკებოდა. ერთხელაც იმ კაცმა შლანგი მათხოვეო. არაო, - უპასუხა ჯონდიმ, გაფუჭებულიაო. როგორო, გაუკვირდა მეზობელს. როგორო და ორივე ბოლოდან წყალს ასხამსო - უპასუხა და შლანგი ცოცხალი თავით არ გაატანა.