„ნაცმოძრაობამ“, ფაქტობრივად, აღიარა, რომ 400 ლარამდე პენსიის გაზრდას გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ ვერ მოახერხებს. „ნაცმოძრაობის“ წევრები უკვე იძულებულნი არიან, დააკონკრეტონ, რომ 400-ლარიან პენსიას მოქალაქეები ხელისუფლებაში მათი შესაძლო დაბრუნებიდან რამდენიმე წელიწადში მიიღებენ და არა დაუყოვნებლივ.
„ნაციონალთა“ გულუხვ საპრეზიდენტო დაპირებას პრემიერი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და ოპონენტებს კალკულატორის გაგზავნა შესთავაზა შემდეგი სიტყვებით: „არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთ ტყუილს ეუბნებიან? საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი, ვიდრე საერთო ხელფასი, რაც ეკუთვნით ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებულს“.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია კი მარტივ „გამოსავალს“ გვთავაზობს, დავბეჭდოთ ფულის კუპიურა და 400 ლარის ნაცვლად 1000 ლარი დავურიგოთ პენსიონერებს, მაგრამ ამით კუპონების პერიოდს დავუბრუნდებით, რადგან ლარს მსყიდველობითი უნარი დაბალი ექნება.
რატომ მოისურვეს „ნაციონალებმა“ ასტრონომიულ ციფრებთან შეჭიდება მაშინ, როცა ჩვენი ეკონომიკა ამის შესაძლებლობას არ იძლევა? რეალურად, პენსიის რამდენით მომატების შესაძლებლობა აქვს ჩვენს ბიუჯეტს?
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 400-ლარიანი პენსიის დარიგება პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს, პენსია გაზარდოს, ან ამ საკითხის ინიცირება მოახდინოს. აქ მთავარია, ფინანსურად შეუძლია თუ არა ბიუჯეტს, განსაზღვროს 400-ლარიანი პენსია. ეს ნიშნავს, რომ მაშინ ყველა საბიუჯეტო ხარჯი (გინდ ინფრასტრუქტურის ხარჯები, გინდ სხვა საგარეო ვალდებულების ხარჯები) უნდა მივმართოთ პენსიის მომსახურებაზე, რაც ამ ეტაპზე არაეფექტური იქნება.
პლუს ამას, თუკი თეორიულად დავუშვებთ 400-ლარიან პენსიას, ეს ნიშნავს, რომ პარალელურ რეჟიმში უნდა გაიზარდოს სახელფასო მინიმუმი, უნდა გაიზარდოს ხელფასები. რეალურად ეს გამოიწვევს ინფლაციას, რადგან დიდი რაოდენობით თანხები გავა ბრუნვაში და წარმოების პროცესი ამას ვერ დაეწევა. ასე რომ, თუ მაინც ამუშავდა რეზერვები და როგორღაც 2 მილიარდი ლარი გამოინახა, ეს გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების მატებას, რადგან როდესაც ბაზარი ნახავს, რომ ჭარბი ფული გაუჩნდათ მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ის მოამატებს ფასს და მედიკამენტებიც გაძვირდება.
„400-ლარიანი პენსიის დაპირებას არანაირი ეკონომიკური გათვლა, ფინანსური საფუძველი არ ჰქონდა და, ალბათ, თავად გრიგოლ ვაშაძეზე რომ არაფერი ვთქვათ, თვითონ პენსიონერებმაც არ დაიჯერეს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვადასხვა შეღავათის მინიჭება პენსიონერებისათვის. მაგალითად, მედიკამენტებზე, ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე შეღავათის მინიჭება. ეს უფრო წაადგებოდა პენსიონერს, ვიდრე 400-ლარიანი პენსიის ცრუ დაპირება. რაც შეეხება 200 ლარამდე პენსიის გაზრდას, 20-ლარიანი მატება თანამედროვე ინფლაციისა და ლარის გაუფასურების პირობებში არაფერი არ არის. ამ ეტაპზე პენსიის დაახლოებით 50-ლარიანი მატება უფრო დამაჯერებელი იქნება. მომატება შეიძლება რაღაც ეტაპზე 50 ლარით, შემდგომ ეტაპზე კიდევ 50 ლარით და შეიძლება ასე თანდათანობით 400 ლარამდეც ავიდეს. თორემ ერთბაშად პენსიის მატება პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, - აცხადებს პაატა აროშიძე.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 400-ლარიანი პენსიის ინიციატორებს რომ ჩაეკითხონ, არც არავინ იტყვის, თითქოს ხვალვე გახდიან პენსიას 400 ლარამდე. ცხადია, ასე არ მოხდება, მაგრამ წესიერი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, ამის პოტენციალი ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა.
„ქართული ეკონომიკის განვითარების კვალობაზე, პენსია 400 ლარი ნამდვილად არ არის დიდი პენსია. ამდენი ხნის განმავლობაშიც შეიძლებოდა ამის მიღწევა, რომ წესიერი ეკონომიკური და საშინაო პოლიტიკა ყოფილიყო. ეს სადავო არ არის. უბრალოდ, 400 ლარიანი პენსიის იდეის ავტორებმა უნდა აგვიხსნან, როგორ და რამდენ ხანში შეძლებენ ამის გაკეთებას“,-აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.