სულხან მოლაშვილის მამა: ჩემი შვილის მკვლელი დავინახო სადმე, რას ვიზამ… „ნაციონალები“ არ უნდა დაბრუნდნენ

სულხან მოლაშვილის მამა: ჩემი შვილის მკვლელი დავინახო სადმე, რას ვიზამ… „ნაციონალები“ არ უნდა დაბრუნდნენ

გრიგოლ ვაშაძე არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ „ნაციონალია“, ამ ბანდამ ძალიან ბევრ ოჯახს აუწეწა ცხოვრება და ბევრ ადამიანს სიცოცხლეც კი წაართვა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

როგორც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ის აქტიურად ჩაებმება კამპანიაში, რომლის მიზანი ამომრჩევლის მობილიზებაა. მისი თქმით, ის არჩევნების წინა დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას.

„ნაციონალი რომ მოვიდეს ვაშაძე პრეზიდენტად, რა წარსულიც მაგას აქვს, ხომ უნდა აწონ-დაწონოს ადამიანმა?

არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს ვაშაძე, იმიტომ რომ „ნაციონალია“ , ჩემი შვილის მკვლელები უნდა გამოუშვას?

მე, თამაზ მოლაშვილი, სადმე ქელეხში, ქორწილში, პანაშვიდზე, რომ წავალ და ეს მკვლელები რომ შემხვდნენ, როგორ ფიქრობთ, როგორი შეხვედრა იქნება ჩვენი? ან ერთი დარჩება ან მეორე. ღამე ვღრიალებ ხოლმე, დედა, მამა, ძმა, მეუღლე გარდამეცვალა, ყველა სატკივარია, მაგრა სულხანის ამბავმა ძალიან გამამწარა. ჩემი შვილის მკვლელი დავინახო სადმე რას ვიზამ მე?“- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

მან სულხან მოლაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას დაპატიმრების პირველივე დღიდან აწამებდნენ.

„ის ქარტეხილი, რომელმაც ჩემზე და ჩემს ოჯახზე გადაიარა, მარტო ჩემი ოჯახისთვის არ იყო, ბევრი ადამიანისთვის იყო. არ დარჩენილა არცერთი ბინძური საკითხი, რაც ამ „ნაციონალების“ ხელში არ მომხდარა. ჩემს შვილს ეუბნებოდნენ, შენზე რაღაც აგორდა, უნდა დაგაპატიმრონო, სთავაზობდნენ ქვეყნიდან წასვლას, ფეხი არ გაადგა. როცა უყურებდა ტელევიზიით როგორ შეუვარდებოდნენ ხოლმე საცვლების ამარა, გამოყრიდნენ ხალხს ისე აპატიმრებდნენ, ამას ვერ ავიტანო, და თავად მივიდა. შევიდა ქალაქის პროკურორთან, გრიგალაშვილთან. იმ დღიდანვე დაიწყო სულხან მოლაშვილის წამება, წამება ისეთი, როგორიც არ გაგონილა. ამას ოჯახის წვერები ვატყობდით, როდის ვიღაცა გამოვიდოდა იქიდან, თავის პრობლემას ოჯახს არ ეუბნებოდა ხოლმე. პირველივე დღიდან გეგმაში ჰქონდათ, რომ ფიზიკურად გაენადგურებინათ, პირველი დღიდანვე აწამეს. ის ჩასვეს ისეთ ჯურღმულში, სადაც ადამიანი ვერ გაძლებდა, მათიას იორშმა, ელენე თევდორაძემ, როცა მოითხოვეს მისი ნახვა, გულშეწუხებულები ამოვიდნენ იქიდან, აქ როგორ შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა იარსებოსო.

როცა ცე ჰეპატიტი დაუდგინა ექიმმა, უნდოდა გაეგებინებინა ქვეყნისთვის, რომ სჭირდებოდა მკურნალობა. უთხრეს ეგ არ თქვა, თორემ ზემოთ ეწყინებათო. 11 თვე გავიდა და სტრასბურგის სასამართლომდე მივიდა საქმე, სტრასბურგის სასამართლოს დავალებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაუწყეს მკურნალობა. თავის დროზე რომ დაეწყოთ მკურნალობა, ხომ შეიძლებოდა შვილი ცოცხალი მყოლოდა.

არ აღმდგარა სამართლიანობა, ამ მთვარობის პერიოდში ცინიკური საქციელი მივიღეთ. სტრასბურგის სასამართლომ 4 პუნქტში მოლაშვილს მოუხსნა ბრალდება, ის რასაც მურუსიძე კერავდა, კაპანაძე სასამართლოში აკეთებდა, გრიგალაშვილი პროკურტურაში, თავზე გადაახია მაგათი გამოტანილი განაჩენი, ბრალდება და ყველაფერი. მურუსიძე გამოდის და ამბობს მაინც ასე გავაკეთებდიო, მას აწინაურებენ და უვადოდ ირჩევენ“, – განაცხდა თამაზ მოლაშვილმა.

შეგახსენებთ, სულხან მოლაშვილი 2016 წელს პარიზში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.

სულხან მოლაშვილი 2004 წელს დააკვეს და ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს ილია მეორის თხოვნით შეიწყალეს. სულხან მოლაშვილი ემიგრაციაში საფრანგეთში 2014 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა.

2014 წლის დეკემბერში „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სულხან მოლაშვილმა მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

„დამაკავეს თუ არა, იმ დღესვე სიგარეტით დამწვეს და ჩემზე ელექტროშოკი გამოიყენეს. წარმოიდგინეთ, რა პირობებში უნდა ვყოფილიყავი მაშინ, როდესაც 28 დღეში 32 კილო დავიკელი. ჩემ მიმართ ყველა ტიპის წამება განხორციელდა, რაც კი არსებობს, და ეს დაადასტურა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. ამბობენ, რომ წამების გამოძიება რთულია, რადგან ხშირად არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ რთული გამოსაძიებელია, ვინ გასცა საიდუმლო ბრძანება, რის მიხედვითაც ორთაჭალის ციხიდან ღამის 3 საათზე მეშვიდე საპყრობილეში არაადამიანურ პირობებში გადამიყვანეს? ამას სამოსანი გამომძიებელიც კი გაართმევს თავს“,- განაცხადა მოლაშვილმა.

მოლაშვილის განცხადებით, საპყრობილეში, სადაც გადაიყვანეს, ელემენტარული პირობებიც კი არ იყო. მისი თქმით, იქ არათუ ელექტროენერგია, სანთელი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები არ გააჩნდა. მისივე თქმით, მისი დაკავებისას „კაპეზეზე“ გრიგალაშვილი, ბოკერია და ადეიშვილი იმყოფებოდნენ.

„უკანონო დაპატიმრების ბრძანებებს სააკაშვილი იძლეოდა, გიგა ბოკერია კი მათ აღსრულებას პირადად აკონტროლებდა. მე არ ვიცი, რას ლაპარაკობდნენ, საუბრის შინაარსი ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი „კაპეზეზე“ მიყვანისას იქ უკვე იმყოფებოდნენ: ბოკერია, ადეიშვილი და გრიგალაშვილი. უკანონო დაპატიმრებების ბრძანებებს მიხეილ სააკაშვილი პირადად იძლეოდა, მათი აღსრულებაზე ზედამხედველობას კი გიგა ბოკერია ახორციელებდა“, – განაცხადა სულხან მოლაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სულხან მოლაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევა დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა).