ჩასაფრებიდან პარტნიორობამდე

ჩასაფრებიდან პარტნიორობამდე

[გიორგი აბაშიშვილი, „ნეტგაზეთი“]

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ე.წ. „ახალ კურსთან“ დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ეს კურსი, რომლის პრეზენტაციებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, ექსპერტებისა და ჟურნალისტებისათვის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მიზნად ისახავდა ქვეყანაში სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის ფორმირებას. 
ახალი კურსის საპრეზენტაციო და საანგარიშო ვერსიას შორის რამოდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობაა, თუმცა მათი მიზნები, საბოლოო ჯამში, ერთმანეთს ემთხვევა.

რაც შეეხება მნიშვნელოვან განსხვავებას: „ახალი კურსის“ საპრეზენტაციო ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ემოქმედა პრინციპს: „გაფრთხილება დაჯარიმების სანაცვლოდ“, ანუ სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ფულადი ჯარიმის ნაცვლად, გადამხდელის მიმართ, შესაძლებელია, გამოყენებული ყოფილიყო გაფრთხილება. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ახალი კურსის ანგარიშში გაფრთხილებაზე საუბარი არ არის, კერძოდ, საუბარია ჯარიმის თანხის შემცირებაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 500 ლარამდე შემცირდა განმეორებითი ქმედებისათვის დაწესებული 1500 და 2500– ლარიანი სანქციები საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისა და ჩეკში ნაკლები თანხის ჩვენებისათვის, მაგრამ არ შეცვლილა ამავე მიზეზით დაწესებული პირველადი ჯარიმა, რომელიც განსაზღვრულია ასევე 500 ლარის ოდენობით.

„ახალი კურსის“ პრეზენტაციის დროსაც ითქვა და ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ ამოქმედდა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი. ეს ცალსახად დადებითი მოვლენაა, თუმცა ამ დრომდე არ ჩანს რეალური ქმედითი ნაბიჯები, რაც ამ ინსტიტუტმა გადადგა. მოლოდინი საგადასახადო ობუდსმენის ინსტიტუტის მიმართ ბიზნეს წრეებში აშკარად უფრო მაღალია.

ახალი კურსის ანგარიშში ისეთი ცვლილებებიც მოხდა, რომელთა შესახებ კურსის პრეზენტაციის დროს საუბარი არ ყოფილა. მაგალითად, შემოიღეს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ფიზიკურ პირებს, რომლებიც მოკლე ვადით აქირავებენ საცხოვრებელ სახლებს, უფლებას აძლევს, მოკლე ვადით გაცემული საცხოვრებელი ადგილის ფართობი დაბეგრონ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით.

თავის მხრივ, ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლისას პირი თავისუფლდება: დაქირავებულისათვის გადახდილ ხელფასზე წყაროსთან დაკავების ვალდებულებისაგან; საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.

„ახალი კურსის“ პრეზენტაციისას ასევე არ თქმულა, რომ საგადასახადო ორგანოს ნაცვლად კერძო სამართლის სუბიექტებს საგადასახადო კონტროლის ზოგიერთი ფუნქციის შესრულება შეეძლებოდათ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აღნიშნულ ცვლილებას ახალი საგადასახადო კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემების და ხარვეზების აღმოფხვრის მიზეზით ხსნის.

ახალი კურსის პრეზენტაციისას ითქვა იმის შესახებაც, რომ ამოქმედდებოდა პირადი საგადასახადო აგენტის ინსტიტუტი, ანუ პირადი საგადასახადო აგენტი დაიცავდა გადამხდელის ინტერესებს შემოსავლების სამსახურში, გაუწევდა მას კონსულტაციას და დაეხმარებოდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში. თუმცა, „ახალი კურსის“ ანგარიშში აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიმსჯელებთ ზოგად ტენდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლების სამსახურის ახალ კურსთან, შეიძლება ითქვას, რომ ჯამში, ახალი კურსით განხორციელებული ქმედებები და პრინციპები დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან საკმაოდ მნიშვნელოვნად გამოიყურება კურსის ფარგლებში შემოღებული ისეთი ტიპის რეგულაციები, როგორებიც არის: პრინციპი - GOOD FAITH - „პატიოსნება“, საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის განსაზღვრა და მათ მიმართ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმების შემუშავება, წინასწარი გადაწყვეტილება, რომლის მეშვეობითაც გადამხდელს უფლება ენიჭება, წინასწარ შეათანხმოს „თამაშის წესები“ და დაბეგვრის პირობები შემოსავლების სამსახურთან, დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი, ზოგადად, სხვადასხვა ტიპის ჯარიმების ლიბერალიზაცია და ა.შ.

თუმცა, ამავე დროს დამაფიქრებელია, რომ ”ახალი კურსით” დასახული მიზნების ნაწილი, მაგალითად, საგადასახადო სისტემის მიმართ სანდოობის ამაღლება, საგადასახადო დებულებების გამარტივება - ბუნდოვანებების აღმოფხვრა ჯერ კიდევ შეუსრულებელია. შესაბამისად, საჭიროა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ამ მიმართულებით უფრო აქტიური ქმედებები განახორციელოს.

ამასთან, იკვეთება ტენდენცია, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის პოტენციური წარმომადგენლები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან მათი სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც ისინი დაბეგვრის კვლავ ძველი რეჟიმის მიხედვით მოქმედებენ და გარკვეულწილად ადგილი აქვს მთელ რიგ გაუგებრობებს. გამომდინარე აღნიშნულიდან, ასევე საჭიროა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაააქტიუროს საინფორმაციო კამპანია მიკრო და მცირე ბიზნესისათვის დაბეგვრის სპეციალური, შეღავათიანი რეჟიმების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს: ძნელია ისაუბრო, კონკრეტულად რას გეგმავს მომავალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო სფეროში, ვინაიდან ახალი კურსის ანგარიშის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საგადასახადო კოდექსში მოხდება ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებების მინიმუმამდე შემცირება და კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი ფაქტია: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მთავარი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი - აღიქვამენ მას პარტნიორად, თუ აღიქვამენ ჩასაფრებულად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი ქმედება საგადასახადო სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.