„ვაპირებ ადამიანებთან შეხვედრას და პირდირ დიალოგს, რომ ავუხსნა გამომწვევი მიზეზები - სად დავუშვით შეცდომები და სად მოვდუნდით. პირდაპირ დიალოგში უნდა გავიგოთ, რას როგორ მოევლება და რომელი ნომერ პირველი პრობლემაა გადასაჭრელი," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
„ქართული ოცნება" ახალ სტრატეგიას მიმართავს - მმართველი გუნდის ლიდერები ორშაბათიდან ამომრჩეველთან შეხვედრას აქტიურად იწყებენ.
პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი და ამომრჩეველი ერთმანეთს იცნობს, მიზეზი „ბევრი კარგად გაკეთებული საქმეა" და უშუალოდ, პირდაპირი კომუნიკაცია აუცილებელია იმისათვის, რომ მეგობრული დიალოგი შედგეს.
„შეხვედრებს ვაპირებთ. გვაქვს შეხვდრები, მიღებები. კომუნიკაცია აუცილებელია. მოსახლეობა ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობს ბევრი კარგად გაკეთებული საქმეების გამო. უამრავი სიკეთე არის გაკეთებული. სხვანაირად ამდენ არჩევნებს ვერ მოვიგებდით.
„კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს ურთიერთობას. ეს ძალიან ნორმალური პროცესია და თუ ადამიანი საქმეს გულწრფელად აკეთებს, ძალიან მალე მოგვარდება. ორივე მხარე ვალდებული ვართ, რომ გულით მივუდგეთ. ჩივილითა და შანტაჟებით კი არ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, არამედ ადამიანურად. მათ მოვუსმენთ და ჩვენც ავუხსნით სირთულეებს. შედგება დიალოგი, რომელიც აუცილებელია.
„ფართომასშტაბიანი არ იგეგმება. სხვანაირი მუშაობაა საჭირო, აუცილებელია მეგობრული საუბარი. აქ ლაპარაკი არ არის, რომ არჩევნების გამო მოდიხარ და სულ დაპირებები გასცემ. იმ რეალობაზე, რა რეალობაშიც არის ქვეყანა, სწორედ ამ ყველაფერზე უნდა შევჯერდეთ. ერთმანეთს კვლავ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ და ერთად ბევრი რამ გვიკეთებია, ამიტომაც მომავალშიც ასე უნდა გავაკეთოთ," - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ხალხს არ მონატრებია, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია არა „ნაცმოძრაობაზე", არამედ პრობლემების მოსაგვარებლად მმართველ გუნდსა და ამომრჩეველს შორის დიალოგზე.
„თუკი მთელი საქართველო ჭკუაზე გადავიდა, გუშინდელ დღე და სააკაშვილის დრო მოენატრა, არ ვიცი მე რა გავაკეთო. არ მგონია საქართველოს ის უბედურება ენატრებოდეს. აქ ლაპარაკი არ არის „ნაციონალებზე", აქ საუბარია ჩვენ შორის დიალოგზე.
„ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს შორის შესაძლოა მოხდეს პატარა განხეთქილებები, მაგრამ სწორი და გულწრფელი საუბრებით ეს ხვრელები შეივსება. მოსახლება და „ოცნება" ერთმანეთს ვიცნობთ. ეს ძალიან გულიანი და გულწრფელი სამუშაო იქნება," - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.