ანგარიშსწორება სიცილით

ანგარიშსწორება სიცილით

დღევანდელ მოგონებებში ბატონ გია ფერაძეს წარმოგიდგენთ, ადამიანს რომელსაც ამ ცხოვრებამ ტრაგიკული ბედი არგუნა. გახსოვთ სურათი „არასერიოზული კაცი“. გია ფერაძე მის მიერ განსახიერებულ გმირს რეალურ ცხოვრებაში ძალიან წააგავდა.

უთო

რუსთაველის თეატრი გემით მიდიოდა გასტროლებზე საბერძნეთში. ბათუმიდან ჩავიდნენ ოდესაში და საბერძნეთში გასვლის წინა დღეს, ყველანი საზღვარგარეთ გასაყიდი საქონლის საყიდლებზე აპირებდნენ წასვლას. ამ დროს გია უკვე ბრუნდებოდა ქალაქიდან, დიდი მძიმე შეკვრით, რომელსაც ძლივს მოათრევდა. გაგიჟდნენ ცნობისმოყვარე მსახიობები. ეტყობა გიამ რაღაც კარგ რამეს მიაგნო და ჩვენ გვიმალავსო. გაჰყვნენ გიას კაიუტაში და ნახეს, რომ მას უთოების დიდი შეკვრა მიჰქონდა.

- რუსეთის უთოებზე საბერძნეთში დიდი მოთხოვნილებაა და ძალიან მომგებიანად გადისო!

გაცვივდნენ მსახიობები და ოდესაში სწრაფად შექმნეს უთოების დეფიციტი. როდესაც გემი გავიდა ოდესიდან, გიამ უთოს ცარიელი ყუთები სხვების დასანახად წყალში მოისროლა და შემდეგ გემის სხვადასხვა კუნჭულში ემალებოდა განრისხებულ მეგობრებს.

ჯვარცმული კუნძული

გიას იღებდნენ ფილმში „ჯვარცმული კუნძული“, რომელიც ტექსელის გმირებს ეძღვნებოდა. გადაღებებისათვის აირჩიეს ქალაქი ტალინი.

გიას ეპიზოდური როლი ჰქონდა, გერმანელ ჯარისკაცს თამაშობდა და ყოველდღე არ იყო დაკავებული. ერთ თავისუფალ დღეს გიამ გაიცნო მომხიბლავი ქერათმიანი ესტონელი ქალიშვილი ენე და საღამოს მოიპატიჟა რესტორანში მეგობრებთან ერთად. იმ ღამეს გია სასტუმროში არ დაბრუნებულა. მეგობრებს ეს ძალიან არ შეუცხადებიათ. მეორე დღეს დაინიშნა გადაღება, მაგრამ გია დილითაც არ გამოჩენილა. გახდა შუადღე. შეწუხდა მთელი გადამღები ჯგუფი, აღარ იცოდნენ, სად ეძებნათ. ამ დროს სასტუმროში, მისი მეგობრის გელა ჭიჭინაძის სახელზე მოდის ელვა ტელეგრამა ნოვოსიბირსკიდან: „მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო ფრენა გადადებულია, ვიქნები ხვალ. გკოცნით. ენე. გია“.

თურმე ენე სტიუარდესა ყოფილა და გია გაჰყოლია მას თვითმფრინავში, ღამის რეისში ტალინი-ნოვოსიბირსკი, იმ ანგარიშით, რომ შუადღემდე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ კაცი ბჭობდა, ეშმაკი იცინოდაო, ნათქვამია.

ფილმის რეჟისორი დასაბმელი გახდა, მის ღრიალს ალბათ ყოველგვარი აპარატურის გარეშე გაიგებდა გია ნოვოსიბირსკში. მაგრამ რაღა უნდა ექნათ. იმ დღეს სხვა სცენის გადაღება მოუწიათ.

ჰაილ ჰიტლერ

გია სტუდენტობისას კომკავშირული საგზურით ექსკურსიაზე იყო ჩეხოსლოვაკიაში.

- რა ბედნიერი ხარ. პრაღა გაზაფხულზე რა ლამაზია. ვიშგოროდი, აყვავებული ალუბლები... - უთხრეს გიას

- ალუბლების დედა ვატირე, - მპასუხობდა იგი - პახმელიაზე ჩეხური ლუდის საშოვნელად ნაცნობობა რომ არ დაგჭირდება, ესაა მთავარი! - იმ დროს ქართული ლუდი, ერთხელ უკვე დალეულს ჩამოგავდა და ჩეხური ლუდი რომ გეშოვნა, ან ცენტრალური კომიტეტის ბუფეტში ან „ინტურისტში“ უნდა გყოლოდა ნაცნობი, ან მიშა ლოლაძისა და ვახო ცხადაძის ახლობელი უნდა ყოფილიყავი, რომლებიც სასტუმრო „აჭარის“ და სასტუმრო „ივერიის“ დირექტორები იყვნენ.

68 წლის ჩეხოსლოვაკიის ცნობილი ამბები ახალი ჩავლილი იყო და დაძაბულობა ჯერ კიდევ არსებობდა. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო გიას მეგობარი ალკკ ცეკადან თემურ კაჭკაჭიშვილი, რომელიც შემდგომ მღელვარების გარეშე ვერ იგონებდა ამ მოგზაურობას.

ჯგუფხელი იხსენებდა: ერთხელ ქუჩაში მოვდივართ კარლოვი ვარში და უცებ მწკრივად დაწყობილი გერმანელი ტურისტების ჯგუფი მოდის ქუჩაზე.

გია რაღაც ნაგვის ტუმბოზე შედგა, გაიჭიმა და როდესაც მოახლოვდნენ გერმანელები, ქუსლი ქუსლზე მიარტყა, მარჯვენა ხელი ზე აღმართა და რიხიანად დაიძახა:

- ჰაილ ჰიტლერ!

გერმანელები დაიბნენ. პროვოკატორი ეგონათ და ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით, გაეცალნენ იქაურობას. მე კი ისე შემეშინდა, მიწას ჩავეტანე ის მერჩივნა. ვიფიქრე, ეს რომ ვინმეს დაენახა, დამთავრდა ჩემი კარიერა კომკავშირში-მეთქი. მოვკიდე გიას ხელი და საჩქაროდ შევიმალეთ რომელიღაც სახლის ეზოში.

ანგარიშსწორება სიცილით

გია, ამირან ბუაძე, ნანული სარაჯიშვილი, ასმათ ტყაბლაძე სხვა მეგობრებთან ერთად წავიდნენ ასმათის მშობლიურ დუშეთში. იქ კარგად მოულხინეს და დადგა უკან დაბრუნების ჟამი. მეგობრები მხოლოდ ერთი მანქანით იყვნენ ჩასულები. იქ უკან წამოსასვლელად დაემატათ ასმათის დედა, მეზობელი და ტაქსის ძებნამ მოუწიათ.

უფროსები ჩასული მანქანით გაისტუმრეს. გია, ნანული, ამირანი და ასმათი ტაქსით წამოვიდნენ. ჯერ კიდევ დუშეთში გახურდა გია, მან დუშელთა კილოზე ააწყო მისი ოხუნჯობები და დაწყვიტა ხალხი სიცილით.

გია ხომ დაუშრეტელი ენერგიით იყო სავსე და მან ტაქსშიც გააგრძელა მაიმუნობები, მით უმეტეს, რომ კარგად შეზარხოშებულიც იყო. მას არც ნანული და ამირანი ჩამორჩნენ და მანქანა სიცილ-ხარხარით უახლოვდებოდა თბილისს.

ბედად იუმორის დამფასებელი მძღოლი შეხვდათ. მანაც იმდენი იცინა, რომ ორჯერ მოუწია მანქანის გაჩერება. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე სიცილისაგან და შეეშინდა ავარია არ გაეკეთებინა. მადლიერი უცხო მსმენელის დანახვაზე გია გაგიჟდა. მიაყარა და მიაყარა ოხუნჯობების სერია.

როგორც იქნა ჩამოაღწიეს ქალაქამდე. კამპანია დიდუბის მეტროსთან აპირებდა ჩამოსვლას. დიდუბის მეტროს სიახლოვეს, სიცილისაგან დაუძლურებულმა მძღოლმა განაცხადა:

-არსადაც არ ჩამოგსვამთ! იმდენი ვიცინე დღეს, რომ ჩემს სიცოცხლეში ამდენი არ მიცინია. არც თქვენი ფული მინდა, ისე დაგარიგებთ.

გამხიარებულმა მძღოლმა ყველანი ჩამოარიგა სახლებში უფასოდ.

„რაზრეშიტე პრიკურიტ?!“

ვაჟა ლორთქიფანიძე გიას ახლო მეგობარი იყო. როდესაც იგი კომკავშირის ცეკას მდივანი გახლდათ, ხშირად დაჰყავდა გია სხვადასხვა შეხვედრებზე. ერთხელაც გიამ მიაკითხა მას კაბინეტში. ვაჟამ სთხოვა:

- გია, აქ დაჯექი ცოტა ხანი, უცხოელი სტუმრები უნდა მივიღო 10 წუთით და მერე წავალთ.

გია დაჯდა კუთხეში, მაგიდიდან მოშორებით. შემოვიდნენ სტუმრები. გავიდა 20 წუთი, შეხვედრა გაიწელა და აღარ მთავრდებოდა. მოსალოდნელი პურმარილის ლოდინში გია ადგილზე ვერ ისვენებდა. ცოტა ხანში ადგა, ამოიღო სიგარეტი, მივიდა ცეკას მდივანთან და მობოდიშებით ასანთი სთხოვა, როდესაც მისგან უარი მიიღო, მივიდა კედელთან, რომელზედაც ეკიდა ბრეჟნევის ახალგაზრდობის სურათი ფორმაში „მცირე მიწაზე“ პაპიროსით ხელში.

- რაზრეშიტე პრიკურიტ?! - ყველასგან შეუმჩნევლად ამოიღო სანთებელა, ვითომ მიადო ბრეჟნევის სიგარეტს, მსუყე ბოლი გამოუშვა და გემრიელად გააბოლა, თავი დაუკრა სურათს და ხმამაღლა მადლობა გადაუხადა ლეონიდ ილიჩს.

სტუმრები გაოგნდნენ და სურათს მიაჩერდნენ. ყველაზე მეტად გაოგნდა ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც სურათთან ზურგით იჯდა, ამიტომ ვერ გაეგო, როგორ მოუკიდა გიამ სიგარეტს და რატომ უხდიდა მადლობას ლეონიდ ილიჩს.

გიზოს მამა

ჩვენს ბიძაშვილს გიზო ნიკოლაიშვილს მამა ადრე, 1949 წელში გარდაეცვალა და დაკრძალული იყო კუკიის სასაფლაოზე. როდესაც მისი დედა მუხათგვერდში, პანთეონში დავასაფლავეთ, გადაწყდა, რომ მამაც უნდა გადმოგვესვენებინა მუხათგვერდში. მე და გიზო მოველაპარაკეთ მუშებს ორივე სასაფლაოზე და დათქმულ დღეს ავედით კუკიაზე. მუშებს უკვე ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ, ამიტომ დრო ბევრი არ დაგვიკარგავს და მამის ნეშტი ჩაასვენეს პატარა ყუთში. აღმოჩნდა რომ, მუხათგვერდში მუშების მოსვლამდე დიდი დრო იყო დარჩენილი. ყუთი ჩავასვენეთ მანქანის საბარგულში და წამოვედით ქალაქში. მიცვალებულის გადმოსვენებას პირველად ვესწრებოდით ორივე და ძალიან ვღელავდით.

ვინაიდან დრო ამის საშუალებას გვაძლევდა, გადავწყვიტეთ ცოტათი დავმშვიდებულიყავით და მამის ხსოვნის სადღეგრძელო შეგვესვა.

პლეხანოვის პროსპექტზე ჩავედით „იმერეთში“  და ერთი ორი ჭიქა წავუქციეთ. ცოტათი სული მოვითქვით. მერე ნელი სვლით, ბიძია ვასო ნიკოლაიშვილის ნეშტი, სიმბოლურად მანქანით გავატარეთ ქალაქში და მეუღლის გვერდით მივაბარეთ მიწას.

ნაშუადღევს გიზოს სახლში უახლოესი მეგობრები შევიკრიბეთ და მოვიგონეთ მიცვალებულები. იქ იყო გიაც. როდესაც მოვყევით გადასვენების ცერემონიალის შესახებ, წამში გამოაცხო მოარული ანეკდოტი გია ფერაძემ.

მეორე დღიდან მთელი ქალაქი დაგვცინოდა მე და გიზოს:

-როგორ იყო? გიზოს მამას მანქანით სახინკლეებში რომ ატარებდით და ის კი საბარგულიდან აკაკუნებდა, გეხვეწებოდათ, ბიჭებო, მეც უჭმელი ვარ, ნუ მაწვალებთ, ჩემს ელენესთან მიმეჩქარებაო.