[the Washington Times]
ოთხი ამერიკელი ჩინოვნიკის ინფორმაციით, ქალბატონმა კლინტონმა პირველად 22 სექტემბრის აფეთქების შესახებ საკითხი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს დააყენა.
5 თებერვლის შეხვედრაზე კლინტონმა და ლავროვმა START-ის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც პრეზიდენტ ობამას თქმით მისი ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული „გადატვირთვის“ ახალი პოლიტიკის ცენტრალურ მომენტად იქცა.
თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიუნჰენში ეს საკითხი წამოიჭრა, „გრუ“-ს რუსი მაიორი ევგენი ბორისოვი, რომელიც საქართველოს შსს-ს მტკიცებით და CIA-ს ანგარიშის თანახმად საქართველოში აფეთქებების უკან იდგა, კვლავ განაგრძობს თავის მოღვაწეობას საქართველოს აჯანყებული აფხაზეთის რეგიონის სამხედრო ბაზიდან.
ხუთშაბათს, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა – დაზვერვის ეროვნულმა საბჭომ – კონგრესს ამ აფეთქების ახალი ანალიზი მიაწოდა. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა The Washington Times-ს განუცხადა, რომ თბილისში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით „ერთიანი მოსაზრება“ არ არსებობს. ახალი ანალიზი 22 ივლისს The Washington Times-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ განცხადებები რუსეთის კავშირზე აფეთქების მცდელობასთან ქართული ხელისუფლების და CIA-ს ანგარიშს ეფუძნებოდა.
ქ-ნმა კლინტონმა აფეთქების საკითხი მეორედ 13 ივლისს წამოჭრა, ანუ მისი და ლავროვის მხრიდან აშშ-სთან შვილად აყვანის შესახებ ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის დღესვე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ამ მოლაპარაკების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ჩვენ ვერ დავიწყებთ ჩვენი დიპლომატიური დისკუსიების და მოსაზრებების ურთიერთგაცვლის არსის განხილვას რომელიმე სხვა ქვეყანასთან“, – თქვა მან. „ჩვენ რეგიონში ყველა მხარესთან განვიხილავთ რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ“ .
ხუთშაბათს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორისოვი დღემდე აფხაზეთშია.
აშშ-ს დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩიოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო დაფინანსებულ ტერორიზმზე ამერიკის რეაქცია ძალიან სუსტია. „იმ ფაქტმა, რომ „გრუ“-ს მაიორი აფხაზეთში დღემდე მუშაობს, თქვენთვის იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩვენი რეაქცია“, – აღნიშნა ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმა. ჩვეულებრივ დაზვერვის ოფიცრებს, რომლებსაც ამხელენ ხოლმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, სამშობლოში აბრუნებენ და მათი კარიერა მალე სრულდება.
რუსი ჩინოვნიკები ბრალდებებს უარყოფენ და თავის მხრივ საქართველოს პროპაგანდისტული კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ, როდესაც საელჩოსთან აფეთქებას რუსეთის სამხედრო დაზვერვას მიაწერენ.
„როგორც ჩანს, The Washington Times-ის პუბლიკაციების მიზანი მეორე პროპაგანდისტული ტალღის გამოწვევაა იმ პრობლემის გარშემო, რომელიც ამ წლის დასაწყისში ამერიკის და საქართველოს წარმომადგენლებთან უკვე განვიხილეთ“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.
დევიდ სმიტი, რომელიც უფროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში თავდაცვით და კოსმოსურ საკითხებზე საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებებში მთავარი მომლაპარაკებელი იყო, აცხადებს, რომ რუსეთის მოტივები მსგავსი ქმედებების დროს „აბსოლუტურად გასაგებია“.
„ნაწილობრივ ისინი მსგავს რაღაცეებს იმიტომ აკეთებენ, რომ დასავლეთის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რაში შეიძლება მათ ამის გაკეთება სჭირდებოდეთ“, – ამბობს იგი. „მათ საქართველოს დესტაბილიზირება სურთ. მათ სურთ, რომ საქართველო გამოიყურებოდეს, როგორც ქაოსით მოცული და არალეგიტიმური ტერიტორია“.
სმიტი თბილისში ანალიტიკური ცენტრის „უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის“ დირექტორია. ორგანიზაცია კონსულტაციურ სამუშაოს საქართველოს მთავრობასთანაც ეწევა.
4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დააკავა გოგიტა არკანია, რომელსაც ბრალი ედება იმ ჯგუფის მეთაურობაში, რომელიც პასუხისმგებელია უშუალოდ ამერიკის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაზე. ივლისში საქართველოს შსს-მ არკანიას ვიდეოაღიარება გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ ერთი ბომბი ამერიკის საელჩოს შენობის გარე პერიმეტრზე განათავსა. მისი თქმით, მეორე ბომბი კედლის მეორე მხარეს გადააგდო, მაგრამ ის არ აფეთქდა. არკანიამ ასევე თქვა, რომ ამ ოპერაციისთვის ის ბორისოვმა დაიქირავა.
„ჩვენ ვეჭვობთ, რომ დამცველი იმგვარად იყო დაპროგრამებული, რომ ბომბი აფეთქდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მას ვინმე ხელში აიღებდა“, – განაცხადა უტიაშვილმა. „მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები, რადგან ის წყლის სატყორცნით განადგურდა“.
უფლებადამცველი ჯგუფები დიდი ხანია, რაც ანტიტერორისტულ საქმეებში ტელევიზიით ან სხვა ფორმით გახმაურებული აღიარებების პრაქტიკას უარყოფითად აფასებენ.
„ზოგადად ჩვენ უხერხული და ნეგატიური განცდა გვაქვს ვიდეოაღიარებების მიმართ“, – აცხადებს Human Rights Watch-ის ვაშინგტონის ოფისის დირექტორი ტომ მალინოვსკი. „ამ აღიარებების მოპოვება რეალურად იძულებით ხდება, ანუ ადამიანებს ძალით ალაპარაკებენ. ამავდროულად, ისინი მნიშვნელოვნად ართულებენ ეჭვმიტანილებისთვის სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივას“.
მალინოვსკის თქმით, მან არ იცის კონკრეტულად ის, არის თუ არა არკანიას აღიარებები იძულებით მოპოვებული.
თუმცა, უტიაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ინტერნეტში მსგავსი ვიდეო-აღიარებების გამოქვეყნება ჩვეული პრაქტიკაა. „მათ ხელი მიუწვდებათ ადვოკატებზე, წითელ ჯვარსა და ადვოკატურაზე“, – თქვა მან. „ყველა მათგანს ჰყავდა მთელი რიგი მაღალანაზღაურებადი ადვოკატი“.
არკანიას სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.