ბერძენიშვილი: ზურაბიშვილს ვურჩევ, ხალხთან გამოვიდეს და დაელაპარკოს, ივანიშვილი ვეღარ უშველის

ბერძენიშვილი: ზურაბიშვილს ვურჩევ, ხალხთან გამოვიდეს და დაელაპარკოს, ივანიშვილი ვეღარ უშველის

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაშაძისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, პირველ რიგში, იმით იყო განპირობებული, რომ ისინი ოპოზიციურ ფლანგს წარმოადგენენ და მხარი ოპოზიციისთვის უნდა დაეჭირათ. მისთვის გაუგებარია ზოგიერთი პოლიტიკოსის მოწოდება, რომ მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირონ.

ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსის განცხადება არ არის და ასეთი ადამიანი პოლიტიკურად მკვდარია. მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტად მარგველაშვილს ვტოვებთ. აცხადებს, სააკაშვილმა ბოდიში იმიტომ მოუხადა, რომ მოღალატე უწოდა, ხოლო ივანიშვილს საბოდიშო მასთან კი არა ქართველ ხალხთან აქვს, რადგანაც მილიონერი კაცი ქვეყანას ძარცვავს. ბერძენიშვილის აზრით, საზოგადოება პროტესტს მაშინ გამოხატავს, როცა სალომე ზურაბიშვილს იძულებით გაამარჯვებინებენ.

„რეზონანსი": რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში მხარი ვაშაძისთვის დაგეჭირათ?

ლევან ბერძენიშვილი: სამწუხაროდ რეალობა დადგა ასეთი, რომ ორი კანდიდატიდან ერთერთისთვის მხარი უნდა დაგვეჭირა. როდესაც ოპოზიციაში ხარ, რა თქმა უნდა, მხარი ოპოზიციურ კანდიდატს უნდა დაუჭირო, თუ პოლიტიკოსობა გინდა და შესაბამისდა აზროვნებ. სხვაგვარად ასეთი პოლიტიკოსის საქმე წასულია. როგორ შეიძლება ხალხს მოუწოდო, რომ არჩევნებზე არ წავიდეს და მხარი არავის არ დაუჭიროს, აბა, რა ვქნათ, პრეზიდენტად მარგველაშვილი დავტოვოთ?

ჩვენი ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შესუსტება მოხდეს და მისი მმართველობის დრო აღარ გახანგრძლივდეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ამომრჩეველი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დაბრძენებულა და მას ვერავინ ატყუებს. ვაშაძე არის ოპოზიციური კანდიდატი და ასეთი პრეზიდენტის ყოლა ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ წაადგება.

„რ": რას ეტყვით იმ ჩამოუყალიბებელ და გაბრაზებულ ამომრჩეველს, რომელსაც არც ზურაბიშვილი უნდა, მაგრამ ეშინია იმ წინა ხელისუფლების უკან დაბრუნების, რომელსაც მმართველი გუნდი უკვე რევანშისტურ განცხადებებში ადანაშაულებს?

ლ.ბ: მინდა გითხრათ, რომ 25 წლის განმავლობაში ის ადამიანები, ვინც არჩევნებზე არ დადიოდნენ, ახლაც არ დადიან. შესაბამისად, ვინც პირველ ტურში არ მივიდა, მეორე ტურშიც არ მივა. ამიტომ ეს ზღაპრები, რომ მიშა უკან ბრუნდება და ყველაფერი აირევა, სისულელეა. ამომრჩეველი მოვიდა უკვე და ხელისუფლებას თავისი არჩევანი კარგად დაანახა. სააკაშვილის უკან დაბრუნების არავის ეშინია და აქ ერთადერთი მიზანი ის არის, რომ მმართველმა გუნდმა რეალურად, გაიგოს ხალხს რა სურს.

„რ": რას იტყვით იმ გეგმებზე, რომლის განხორციელებასც მმართველი გუნდი მეორე ტურამდე აპირებს. გასჭრის ეს საზოგადოებაში და ამომრჩეველს გულს მოულბობს?

ლ.ბ: სისიულელეა იმის დაპირება, რომ 50 ლარს მოუმატებენ და ხალხს გულს მოულბობენ. ხალხი იმას უყურებს აქამდე რა გააკეთეს. მე მივცემ ივანიშვილს ერთ რჩევას, გამოაცხადოს, რომ პოლიტიკიდან მიდის და კრახი განიცადა. მერე ვინც დარჩება, მათ ფარცხალაძე და სხვა მაფიოზები დაიჭირონ, რომლებიც ქვეყანას ასე თავზე წამოაჯდნენ. სხვაგვარად ვერაფერს იზამენ. ასევე მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, რომ ხალხთან გამოვიდეს და დაელაპარაკოს. თავჩაღუნული ნუ კი დარბის აქეთ-იქით, მას ხალხთან აქვს საქმე და ივანიშვილი ვეღარ უშველის.

„რ": თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში მოგიხადათ და მას ამიტომ აპატიეთ, ბიძინა ივანიშვილსაც რომ მოებოდიშებინა, მასაც აპატიებდით?

ლ.ბ: მიხეილ სააკაშვილს ბოდიში მოსახდელი ჰქონდა და მან ეს აღიარა, რადგანაც მოღალატე მიწოდა და ამაზე პასუხისმგებლობაც აიღო. ივანიშვილმა ბოდიში მე რაზე უნდა მომიხადოს? მან ბოდიში საკუთარ ერს უნდა მოუხადოს, რომ როგორ ხდება, მილიონერი კაცი საკუთარ ერს ძარცვავს და აღარიბებს?

მე მოვუწოებ გედევან ფოფხაძეს და სხვა დეპუტატებს სისულელეების ლაპარაკს მოეშვან და რეალურად დაფიქრდნენ, ხალხს რა სურს. ვაშაძე თუ ამ არჩევნებს მოიგებს, რევოლუციას და ომს ვინ იწყებს? ეს ხომ ლოგიკას მოკლებულია? თუ მათ გამოაცხადეს სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებულად და არჩევნების გაყალბება მოხდება, რევოლუციას ხალხისგან მაშინ მიიღებენ და წაილეკებიან. ხალხი არავის არ აპატიებს. შევარდნაძემ თავის დროზე არჩევნების გაყალბება ვერ გაბედა და ამათ თუ ახლა გაბედეს, საკადრის პასუხსაც მიიღებენ.

„რ": ანუ თუ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს?

ლ.ბ: თუ ლეგიტიმურად გაიმარჯვებს და არჩევნების გაყალბება არ მოხდება, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ და ხალხიც ხმას არ ამოიღებს. თუმცა თუ ძალით გააპრეზიდენტეს, ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვა. ჩვენ ყველგან დამკვირვებლები გვყავს და თითოეულ მათ ნაბიჯს ვაკონტროლებთ. ამიტომ ვერავინ ვერაფერს ვერ გამოგვაპარებს.