„ყურადღება არ ექცევა ერთ ფსიქოლოგიურ მომენტს, კერძოდ; პოლიტიკური ძალა უნდა ტოვებდეს იმის განცდას, რომ ძალის მატარებელია. ბევრი რამ დაგროვდა „ქართული ოცნების" ექვსწლიან ისტორიაში იმის სასაყვედურო, რომ "ოცნებამ" ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა," - პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" დღევანდელი შეხვედრა შეაფასა.
დღეს სამი საათის განმავლობაში „ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობისა და პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ასევე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. საუბარი შეეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისა და გასამართ მეორე ტურის საკითხებს.
რამაზ საყვარელიძე: პირველ ტურში რა შეცდომები იყო დაშვებული, მისი განხილვა უდაოდ საჭიროა, მაგრამ არ არის საკმარისი. პირველი ტურის შედეგი განაპირობა არა მარტო იმ მდგომარეობამ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩამოყალიბდა, არამედ ამ შედეგს უფრო გრძელი გზა აქვს;
ყველა არჩევნებში „ქართული ოცნების" ამომრჩევლს ვაკვირდებოდით. „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი თითქმის ერთი და იგივე დონეზე რჩებოდა. დღეს მივედით იქამდე, რომ ეს მაჩვენებელი ერთამენთს გაუთანაბრდა. კითხვა უნდა დაისვას ასე: რატომ შეიცვალა ეს ტენდენცია?
ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესს ზიანს აყენებს. ამომრჩევლისთვის მიმზიდველი არის ძალის მატარებელი პოლიტიკოსი და სადაც ძალას დაინახავს, სწორედ იქითკენ წავა, მიუხედავად იმისა, ეს ძალა როგორ მოქმედებს.
„ქართული ოცნების" ისტორიაში ხარვეზი იყო ისიც, რომ მათ არ იზრუნეს თავიანთი მომხრეების შენარჩუნებაზე. „ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდებიან და საზოგადოებაში რაღაცა პროცენტი კვლავ მყარად დგას „ნაციონალური მოძრაობის" მომხრედ.
„რეზონანსი": „ქართულმა ოცნებამ" კონკრეტულად რა უნდა შეცვალოს?
რ.ს: რაც შესაცვლელია, ამას კარნახობს სწორედ საზოგადოების ეს ნაწილი. საყვედურობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ხშირად უგულებელყო და ყურადღება არ მიაქცია მათ, ვინც „ოცნების" გვერდით 2012 წლიდან იბრძოდა და „ნაციონალური მოძრაობის" ხალხი თანამდებობაზე დატოვა.
ეს აღქმული იყო გარკვეული თვალსაზრისით ღალატად გუნდის წინაშე. თუკი შენს თანაგუნდელებზე არ ზრუნავ, მერე თანაგუნდელებიც უარს ამბობენ იმაზე, რომ იზრუნონ შენზე.
„რ": მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ეს რას გამოიწვევს?
რ.ს: ივანიშვილი ყველა პროცესს იდეოლოგიურად ისედაც ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს, ის ყველაფერში ჩართული უნდა იყოს და აგვარებდეს ყველა იმ დეტალს, რომელიც ამ კამპანიას ეხება. კამპანიას კი ყველა ის დეტალი ეხება, რომელიც ასეთი ზოგადი გადაწყვეტილებებისაგან შორსაა. როგორც წესი, კამპანიის ხელმძღვანელობას ავალებენ იმ ადამიანს, რომელიც გამოცდილია სწორედ კამპანიის ხელმძღვანელობის მხრივ.
მგონია, რომ ივანიშილი კვლავ დარჩება კამპანიის იდეოლოგიის უფროსად და ვიღაც სხვა აიღებს კამპანიის ხელმძღვანელობას თავის თავზე. ან თუ ივანიშვილი უხელმძღვანელებს, ვიღაცა უნდა იყოს გვერდით, რომელიც ამ სამუშაოზე პასუხისმგებელი იქნება.
ერთსა და მეორე შემთხვევაშიც, ივანიშვილს სტრატეგიული გადაწყვეტილებები სწორია, მაგრამ რადგან მას ამ მხრივ გამოცდილება არ აქვს, დასჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, ვისაც გამოცდილება აქვს.
„რ": რას შეცვლის ეს შეხვედრები და „ქართულმა ოცნებამ" რა ცვლილება შეიძლება განიცადოს ამ ერთი თვის განმავლობაში?
რ.ს: შეჯიბრია მეორე ტური და შედეგიანობის საკითხიც შესაძლოა ამაზე იყოს დამოკიდებული. კონკურენტს თუ დავაკვირდებით, მან ორ-სამ დღეში სტრატეგია უკვე შეცვალა. გამოჩნდა სააკაშვილის ინტერვიუები, სადაც მას ძალიან ლმობიერი და შემრიგებლური ინტონაცია ჰქონდა.
ასევე, გამოჩნდნენ მოლაპარაკე თავები „ნაციონალების" მხრიდანაც და ნეიტრალური ზონიდანაც, რომლებიც ხაზს უსვამენ იმას, თუ რატომ უნდა გვეშინოდეს სააკაშვილის ჩამოსვლის. მოქალაქე სააკაშვილი შესაძლოა იყოს ჩამოყვანილი და ამით არაფერი არ მოხდება.
გარკვეული ნაბიჯების შერბილების მცდელობა არის და ეს ცვლილება სულ ორ დღეში მოხდა. ამ პერიოდში კი „ქართული ოცნება" კრებებს აწყობს. ცვლილება მათ რიტორიკაში ან საქციელში, ჯერჯერობით არ ჩანს. ისევ დროშია შეყოვნებული „ოცნების" მოქმედებები.
ისეთი ცვლილება რაც შედეგს მოუტანს, საკმარისია „ქართულმა ოცნებამ" ნაბიჯები გადადგას სამართლიანობის აღდგენისკენ და აჩვენოს მოსახლეობას ის, რომ მას ამ ნაბიჯების გადადგმის ძალა აქვს, გარკვეული თვლასაზრისით ეს უძლურებისა და უუნარობის იმიჯი მოეხსნება.
ამავე პროცესში, გაიხსენოს მისი ძველი თანამებრძოლები და „ნაციონალური მოძრაობის" ფიგურები უკან წაწიოს, ასეთი ნაბიჯებიც მხარდამჭერებს გაამრავლებს. ნაბიჯების გადადგმის დროც და შანსიც არის, ოღონდ ნაბიჯები ჯერ უნდა გადაიდგას და არ იყოს მხოლოდ დაპირება.
„რ": თქვენი პირადი მოსაზრება როგორია, რა მოხდება მეორე ტურში?
რ.ს: სასწორის პინა სალომე ზურაბიშვილისკენ გადაიხრება. ვეთანხმები ვახტანგ ძაბირაძეს, ამის ერთ-ერთი საფუძველია ის, რომ ელექტორატის გაზრდისა რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აქვს და „ქართული ოცნებას" სახლში დარჩენილი ადამიანების გააქტიურების ხარჯზე, გამარჯვების შანსი აქვს.
სახლში დარჩენილი ამომრჩევლი „ქართული ოცნების" ხათრით არ გააქტიურდება. მათ თავიანთი მოტივები აქვთ, - არ სურთ „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება. თუკი ძაბირაძის წინასწარმეტყველება ახდა და „ქართული ოცნების" კანდიდატმა მიიღო უფრო მეტი ხმა და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნაკლები, - ეს მთელი საზოგადოების დამსახურება უფრო იქნება, ვიდრე პარტიისა.