[მერაბ ბრეგაძე]
„როიტერმა“ კრემლთან დაახლოებულ ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმადაც პუტინი კრემლში დაბრუნებას აპირებს და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისთვის ემზადება. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამგვარი ეჭვი მის პროტეჟე მედვედევსაც აქვს.
პუტინს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2000-2008 წლებში ეკავა და რადგან რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ სამი ვადით პრეზიდენტობას კრძალავს, პუტინმა მართვის სადავეები მედვედევს გადასცა.
თუმცა, 2012 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მას გზა ხსნილი აქვს. ამაზე ღიად საუბრისგან 58 წლის პუტინმა და 45 წლის მედვედევმა უარი არაერთხელ განაცხადეს.
წყაროების ინფორმაციით, პუტინი შეშფოთებულია, რომ მისი პროტეჟე პოლიტიკოსების, მსხვილი ბიზნესმენებისა და მოსახლეობის მხარდაჭერით არ სარგებლობს და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური რეფორმების სტაბილურად გატარებას.
„პუტინს ხალხის გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე მედვედევს. მას სურს დაბრუნება, ძალიან სურს“, - აცხადებს წყარო.
პუტინის კრემლში დაბრუნების საკითზე რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში აზრი ორად იყოფა. „როიტერის“ ინფორმაციაზე გამოხმაურებებს „ეხო მასკვი“ აქვეყნებს. „ედინაია რასიას“ დეპუტატი სტანისლავ გავარუხინი ამბობს, რომ თუ ორიდან ერთი უნდა აირჩიონ, პუტინს ემხრობა:
„გაიხსენეთ რუსეთი 1999 წელს და, მაგალითად, 2007 წელს. პუტინმა ძალიან ბევრი გააკეთა“.
რუსეთის სათათბიროს კიდევ ერთი დეპუტატი ბორის ნემცოვი ფიქრობს, რომ პუტინის კრემლში დაბრუნება ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი სცენარია:
„ეს არის ნგრევის, კორუფციის, კაპიტალის გადინების, უამრავი ადამიანის გაღატაკების და მისი გარემოცვის გამდიდრების გზა. ქვეყნის პატრიოტები უნდა გავერთიანდეთ, რომ ეს არ დავუშვათ. რაც შეეხება მედვედევს, მას დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლით. მას არც ერთი დამოუკიდებელი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პუტინის გაპრეზიდენტების სურვილი სამწუხარო ახალი ამბავია. როგორც ჩანს, ის არავის ენდობა. ქვეყნის ლუკაშევიზაცია მოხდება. ეს დიდი საფრთხეა“.
სათათბიროს დეპუტატი და პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი პუტინის და მედვედევის გუნდის მხარესაა:
„ჩვენ ვაღიარებთ ამ პოლიტიკურ გუნდს. „როიტერში“ გამოქვეყნებული წერილის მიზანი ჩვენი ორ გუნდად გაყოფაა. მართალია, ორივეს არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, მაგრამ მათ არჩვენებზე ერთიანი გუნდით წასვლა შეუძლიათ. ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი არ არის. ედინაია რასია დიდი გუნდია. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს სასულთნოა, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ ორი ადამიანი იღებს.
„პუტინის დაბრუნება კატასტროფა იქნება“, - ასეთი სათაურით სტატიას რუსული გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.
რუსეთში 2012 წლისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების თემასა და მედვედევსა და პუტინს შორის არჩევანის საკითხს ვრცლად მიმოიხილავენ მედვედევის მხარდამჭერი „რუსეთის თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი იგორ იურგენსი და ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი ევგენი გონტმახერი.
სტატიის ავტორთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არსებული პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულობისგან შორსაა, რაც არსებული პოლიტიკური რეჟიმის კონსტრუქტორებისთვისაც ცხადია, გაუმართლებელია ვითარება, როცა საზოგადოება უნდა დაელოდოს დროს, როცა ტანდემის წევრები დასხდებიან და გადაწყვეტენ, მათ შორის რომელი იყრის კენჭს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მათი შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია ვითარება, როცა პრეზიდენტობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი ვლადიმერ პუტინი უკვე აკეთებს საჯარო განცხადებებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ქმნის მის მხარდამჭერ სახალხო ფრონტს და საზოგადოებას ყოვლად დაუსაბუთებელ სოცილაურ დაპირებებს აძლევს და კვლავ ქვეყანაში სტაბილურობის აუცილებლობის თემით აპელირებს.
მათივე მტკიცებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოდერნიზაციაზე ორიენტირებული მედვედევის მცდელობებს საბოტაჟს უცხადებენ და კონტრნაბიჯებს უპირისპირებენ ის ადამიანები, რომლებსაც რუსეთის მოდერნიზაცია არ სურთ.
სტატიის ავტორები სვამენ კითხვას – რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი მედვედევი საზოგადოებისათვის გაუგებარი და უხილავი მიზეზების გამო, უარს იტყვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
მათივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ცნობილი „მეტჩელის საქმე“ წვრილმანად გამოჩნდება, ვინაიდან რუსეთის საფონდო ბაზრები მკვეთრად დაეცემა, გაგრძელდება ქვეყნიდან კაპიტალის გადინება, საზოგადოებაში გაღრმავდება უსამართლობის გრძნობა, ეს შესაძლოა, ტრანსფორმირდეს ექსტრემისტულ მოქმედებებში. ხელისუფლებას მოუწევს ხარჯებისა და საპენსიო უზრუნველყოფის ფონდის შემცირება, რასაც შედეგად მასშტაბურ ხასიათის საპროტესტო პროცესები მოჰყვება. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება იძულებული იქნება შეინარჩუნოს არსებული სტატუს-კვო და „სტაბილურობის პოლიტიკის“ შესანარჩუნებლად ბელორუსის მსგავსად, გაამკაცროს პოლიტიკური რეჟიმი.
იგორ იურგენსისა და ევგენი გონტმახერის მტკიცებით, ახლანდელი პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალი არ არის მარტო მისი პირადი საქმე და მარტო ტანდემის შიდა პრობლემა. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მედვედევის ხელშია გასაღები, რომლითაც რუსეთი არა კალენდარულად, არამედ რეალურად უნდა შევიდეს 21-ე საუკუნეში, აუცილებელია, სწორედ იგი გახდეს რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი:
„ჩვენ მოვითხოვთ მედვედევმა აიღოს თავის თავზე ქვეყნის მომავალზე პოლიტიკური პასუხიმგებლობა, არა დეკემბერში, არამედ ახლა გაეცეს კითხვას პასუხი - ვინ იყრის ტანდემიდან კენჭს“.
სტატიის ავტორების აზრით, რუსეთის პოლიტიკური სისტემა იმგვარია, რომ პრეზიდენტობის რეალური მესამე კანდიდატის გამოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა რეალურად ქვეყანა ასეთი არჩევანი წინაშე დგას – ან პერსონიფიცირებული სტაბილურობა, რაც უძრაობის სინონიმია, ან კონკურენტული გარემოს შექმნისკენ სწრაფვა, რაც ქვეყანაში პროგრესს უზრნველყოფს:
„მედვედევმა უნდა გადალახოს თავისი პირადი რუბიკონი და პირდაპირ მიმართოს საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რათა შემდგომ ხელისუფლება და საზოგადოება ერთობლივად შეუდგეს ქვეყანს იმ ჭაობიდან ამოყვანას, რომელშიც ყველანი აღმოვჩდით“.
მათივე განმარტებით, იმისთვის რომ მოწოდებები უპასუხოდ არ დარჩეს, აუცილებელი შეიქმნას ხელისუფლებასა და საზოგადოება შორის პარტნიორობის მექანიზმები. პრესის რეალური თავისუფლების პირობებში აუცილებელია მედვედევის საზოგადოებასთან დიალოგი და ისეთ თემებზე საჯარო მსჯელობა, როგორიცაა ქვეყანაში კარდინალურად ლიბერალური კანონმდებლობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა.
„ჩვენ გვწამს რუსეთის წარმატებული მომავლის“, – ამ მოწოდებით ამთავრებენ თავის სტატიას მედვედევის თანაგუნდელები იური იურგენსი და ევგენი გონტმახერი.