2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. საქართველოს მოსახლეობამ დაპირებული კეთილდღეობა ვერ მიიღო, სამაგიეროდ ქართულმა ოცნებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნებზე მოსახლეობისგან მკაცრი გაფრთხილება მისცა. ელექტორატის უარი აღიარა როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე პრემიერ მინისტრმაც. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები მოვისმინეთ პარლამენტის წევრებისგანაც. „ქართულ ოცნებაში“ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არაა. ზოგიერთი მათგანი შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კვირიკაშვილის მთავრობას აბრალებს, ზოგიერთი კი პირდაპირ ამბობს, რომ მმართველ გუნდში კვალიფიკაციის ნაკლებობაა. მოკლედ, ყველა განტევების ვაცს ეძებს, რომ საკუთარი უპასუხისმგებლობა აჰკიდოს.
„კომერსანტი“ სისტემატურად, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, უსვამდა შეკითხვას მმართველი პარტიის კანონმდებლებს - რატომ გაიზარდა სიღარიბე საქართველოში და რატომ ვერ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები — კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება. დღევანდელი რესპოდენტების პასუხები (სავარაუდოდ ესემეს მესიჯების გავლენაა, რომელსაც მმართველი პარტიის პიარგუნდი ავრცელებს დეპუტატებში) ერთგვარად განსხვავებულია — პარლამენტარებმა აშკარად გაიგეს, რომ ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა და მოსახლეობას არ მოსწონს მათი საქმიანობა.
ჩვენი რესპონდენტი ამჯერად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ლევან ბეჟანიძეა.
— თქვენი აზრით, რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ დაპირებული კეთილდღეობა?
— არჩევნებზე , ხელისუფლებამ მიიღო მესიჯი მოსახლეობისგან და ძალისხმევას არ დაიშურებს მთავრობა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. თუმცა, ძველ პერიოდს რომ შევადაროთ, კეთილდღეობა მიღწეულია. რაც მთავარია დღეს ადამიანის უფლებები დაცულია, ბიზნესი დაცულია და ქვეყანაში სიმშვიდეა. სასურველია ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს, ამისკენ ნაბიჯები გადადგმულია,
— როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 69 პროცენტი ღარიბია, თქვენ თვლით, რომ კეთილდღეობა მიღწეულია?
— უცბად არ მიიღწევა ყველაფერი, მე გითხარით, რომ სასურველი იყო უფრო სწრაფად განვითარებულიყო ეკონომიკა, რასაკვირველია ამაზეა დამოკიდებული კეთილდღეობა. ქართული ოცნების ერთ-ერთი მინუსი იყო ის, რომ პიარი არ იყო იმ დონეზე რა დონეზეც საჭიროა, რათა გამოჩენილიყო ის სიკეთე, რასაც ქართულმა ოცნებამ მიაღწია.
თქვენ თუ ხვდებოდით მოსახლეობას, პირადად არ გეუბნებოდნენ რა პრობლემები აწუხებდათ მათ?
— რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, მათ ძირითადად სოციალური პრობლემები ჰქონდათ. პრობლემები ასევე შეეხებოდა ჯანდაცვის საკითხებს, საზღვარგარეთ მკურნალობას. რასაც ითხოვდნენ, ვარკვევდით და ვაძლევდით მიმართულებებს. რაც ჩემზე იყო დამოკიდებული მაქსიმალურად ვეხმარებოდი.
— ამ მიმართულებით რომელ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმუშავეთ?
— ბევრი საკითხზე ვიმუშავე. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო სოციალური მუშაკის ინსტიტუტი, რომელიც ადრე არ იყო რეგლამენტირებული. სოციალური მუშკი მუშაობას ახორციელებდა საკანონმდებლო აქტების დონზე ან უშუალოდ დაქვემდებარებული იყო დაწესებულების შინაგანა წესზე, დღესდღეობით კი მისი მუშაობა კანონმდებლობით რეგულირდება.
კიდევ ერთი დეპუტატი ვისთანაც ჩვენ დაკავშირება შევძელით ცოტნე ზურაბიანია. ( უმეტეს შემთხვევაში ქართული ოცნების დეპუტატები ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ)
არც ზურაბიანია გამონაკლისი და ისიც ზუსტად იმას იმეორებს რაც უკვე სხვა დეპუტატებისგან ბევრჯერ მოვისმინეთ. ზურაბიანს იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება და მთავრობის ცვლილება შედეგს გამოიღებს და დარჩენილ ორ წელიწადში ქართული ოცნება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორცილებას შეძლებს:
“ის, რომ ბევრი რეფორმა და კონკრეტული სფეროების განვითარება მაღალი შედეგებით დროში გაიწელა ამას ვაღიარებთ, ჩვენ აღვიქვამთ რეალობას. არჩევნების გამოძახილიც სწორედ ეს იყო, გზავნილი მოსახლეობიდან მიღებულია და მაქსიმალურად შევეცდებით მოსახლეობის ინტერესი და ჩვენი მთავარი დაპირება კეთილდღეობა, ეკონომიკური წინსვლა შევასრულოთ. ამისთვის დიდი დრო გვაქვს. ახალი მთავრობის პირობებში ამას შევძლებთ. ის ინიციატივები, რომელიც პრემიერ მინისტრისგან მოდის მარწმუნებს იმაში რომ ამ ორი წლის განმავლობაში შევძლებთ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინოთ კონკრეტულ სფეროებში. პარტიის დამფუძნებლის სიტყვებიც მინდა შეგახსენოთ - ივანიშვილი ამბობს, იმიტომ დავბრუნდი პარტიაში, რომ მოხდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კონკრეტულად აისახება ოჯახების კეთილდღეობას. ვიზიარებთ ყველა პასუხისმგებლობას და ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც თავიდან გვქონდა შემუშავებული ეფექტურად განვახორციელოთ.“,- აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.
ზურაბიანი განმარტავს, რომ მოსახლეობის არჩევანი ადამიანების იმედგაცრუებამ განაპირობა. მისი თქმით, საზოგადოება ქართული ოცნებისგან მეტს მოელოდა. კომერსანტის კითხვაზე რა გააკეთა ერთმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პარლამენტარის პასუხი შემდეგია:
„ვარ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი: ვმუშაობდი ხმაურის შესახებ კანონზე, საგადასახადო კუთხით მიღებულ ცვლილებებზე საკონსტიტუციო განხილვებში ვიყავი ჩართული. ასევე ვმუშაობდი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. ვხვდებოდი მოსახლეობას, მათ ძირითადად სოციალური პრობლემები აწუხებთ. დარწმუნებული ვარ, რომ სოციალური დახმარებების არასამართლიანი გადანაწილება ხდება ამ კუთხით სისტემა არის გასაუმჯობესებელი“,-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.