"ოცნების" ამომრჩეველი თუ ისევ სახლში დარჩება, ვაშაძის გამარჯვება გარანტირებულია"
"ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის ნერვების ომი დაიწყო და ასე გაგრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ ერთ თვეში.
როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, დღეს ფსიქოლოგიური უპირატესობა გრიგოლ ვაშაძის მხარესაა, ასეა არითმეტიკული დათვლით ხმების რაოდენობაც, ამიტომ ახლა მთავარია, რა სტრატეგიას აირჩევს ხელისუფლება, მხოლოდ დაშინების, "მიშა მოდის" ძახილით შემოიფარგლება, თუ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ მასზე განაწყენებული ელექტორატი დაიბრუნოს და მიიყვანოს საარჩევნო ყუთებთან "ნაციონალების" საწინააღმდეგოდ ხმის მისაცემად.
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის შანსები თანაბარია, თუმცა ცოტა უპირატესობა აქვს ვაშაძეს.
"ევროპული საქართველოს" ამომრჩევლები წავლენ ვაშაძის მხარეს, ასევე "რესპუბლიკელების" მხარდამჭერებიც, თუმცა ისინი ცოტანი არიან, ალბათ - "გირჩის" ნაწილიც. არ ვიცით, რას იზამს შალვა ნათელაშვილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ის "ნაციონალების" მხარეს დაიჭერს ამ ბრძოლაში.
"რასაკვირველია, ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი ერთი-ერთზე ვაშაძის აქტივში არ ითვლება, მაგრამ ეს არის ხმების დიდი რესურსი, რაც ვაშაძეს მომგებიან სიტუაციაში აყენებს. თავად ვაშაძეს აქვს დაახლოებით 40% და დაახლოებით 10-12% ფარგლებში აქვს დამატებით მობილიზაციის შესაძლებლობა და თუ ასე მოხდება, ის გაიმარჯვებს. ამას უნდა დავამატოთ ფსიქოლოგიური უპირატესობა.
"ეს შედეგი მოულოდნელი იყო ყველასათვის და ეს შოკი მის აქტივში იწერება", - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
მისი თქმით, ცოტა უფრო ძნელია სალომე ზურაბიშვილის რესურსის დათვლა. "ოცნების" ძირითადი აქტივი არის ის ამომრჩეველი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონდა და ამის გამო ან არ წავიდა არჩევნებზე, ან ხმა სხვა კანდიდატს მისცა, გარდა ვაშაძისა. ეს რამდენია, ამის თქმა რთულია.
"მეორე ტურში ის ადამიანები, ვინც ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათიის გამო მას არ დაუჭირეს მხარი, მაგრამ მათი შეურიგებლობა "ნაცმოძრაობასთან" უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათია, პარტიული პრინციპით იმოქმედებენ და არა - ზურაბიშვილის მიმართ ანტიპათიით. ეს არის "ოცნების" რესურსი".
"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გაზრდას მეორე ტურში არ ველი. მედროვეები ისეთივე რიხით არ წავლენ, როგორც შესაძლოა, პირველ ტურში წავიდნენ, რადგან მათ იგრძნეს, რომ განსხვავებულმა სიომაც დაუბერა. ამიტომ, ადმინისტრაციული რესურსი "ოცნებას" დამატებით ხმებს ვერ მოუტანს.
"საბოლოო ჯამში, შანსები ისევ დაახლოებით თანაბარია, გარკვეული უპირატესობით - ვაშაძისათვის", - აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, შანსებზე საუბარი მძიმე და რთულია იმიტომ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი რა სტრატეგიას აირჩევს. თუმცა ის მაინც თვლის, რომ "ოცნებას" უფრო რთულად აქვს საქმე.
"ევროპული საქართველოს" 10%-დან დიდი ნაწილი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს და ეს საკმაოდ დიდი რესურსია. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მათ საკმაოდ მძიმედ და რთულად აქვთ საქმე, ამიტომ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ თეორიულ რესურსზე და ეს რესურსი რამდენად შეიძლება მოქმედებაში მოიყვანონ.
"ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ "ოცნებამ" საკმაოდ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი დაკარგა. აქედან ნაწილი, როგორც ჩანს, გადავიდა "ნაციონალების" მხარეს, ნაწილი კი საერთოდ დარჩა სახლში და არჩევნებზე არ მივიდა. ანუ, არ დაექვემდებარა არც "ოცნების" შანტაჟს, რომ ვაშაძის გამარჯვებით "ნაციონალები" დაბრუნდებიან და არც ივანიშვილის მოწოდებას, კიდევ ერთხელ დაგვიჭირეთ მხარი და მერე ჩვენ ვიცით თქვენი პატივისცემაო.
"თუმცა დღეს არსებული ვითარება შეიცვალა და თეორიული შანსი "ნაციონალების" დაბრუნებაზე შანტაჟის გარეშე გახდა რეალური. თუ "ოცნების" ამომრჩეველი ისევ სახლში დარჩება, ვაშაძის გამარჯვება გარანტირებულია. ეს არის "ოცნების" რესურსი", - მიიჩნევს ძაბირაძე და დასძენს, რომ "ოცნებამ" გასამარჯვებლად დაახლოებით 200 000 ამომრჩეველი უნდა მიიყვანოს დამატებით, რითაც უნდა გაანეიტრალოს "ევროპული საქართველოდან" და სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილიდან ვაშაძესთან წასული ხმები.
მისი თქმით, თუ ამომრჩევლის აქტივობა არ გაიზარდა, "ოცნებას" რესურსი არ აქვს: "იმისათვის, რომ "ოცნებამ" ელექტორატი სახლებიდან საარჩევნო ყუთებამდე მიიყვანოს, მარტო "მიშა მოდის" ძახილი არ იქნება საკმარისი, კიდევ მთელი რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ ერთ თვეში.
"რაც მთავარია, ზურაბიშვილს "შპარგალკები" უნდა ჩაუწყოს ჯიბეში, რომ სიტყვა კიდევ არ გაექცეს, თუ მის გამოსვლებს სიტყვის გაქცევას დავარქმევთ".
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ვაშაძის ამომრჩევლის გაზრდის რესურსი ნაკლებია, ვიდრე "ოცნებისა", რადგან "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მობილიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და პლუს ამომრჩევლის იდეურად დარაზმულობის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი ამომრჩევლის 100% იყო არჩევნებზე.
"იქიდან, ვინც საარჩევნო უბნებზე ამოვიდა, დიდი იყო "ოცნებაზე განაწყენებული იმ ამომრჩევლის წილი, ვინ 2012 წლიდან 2017 წლამდე ერთხელ მაინც მისცა "ოცნებას" ხმა. სახლში დარჩენის მიზეზი იყო ზურაბიშვილის ოდიოზური ფიგურა, "ოცნებაზე" იმედგაცრუება და კიდევ ბევრი სხვა.
"ამიტომ, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლის მიყვანის რესურსი ხელისუფლებას აქვს", - აღნიშნავს ლაგაზიძე.
მისი აზრით, ამავდროულად, "ოცნებას" გაცილებით მეტი ბომბის განეიტრალება მიუწევს.
"მთავარი იქნება ნერვების ომი, ასევე, ფსიქოლოგიური ზეწოლა გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან "ოცნების" ამომრჩეველზე, "ოცნების" პარტაქტივის დარწმუნება, რომ ვაშაძე იგებს და ამით "ოცნების" აქტივის დემორალიზება მოახდინონ.
"შეიძლება დაახლოებით გაითამაშონ იგივე სცენარი, რაც 2003 წელს არჩევნებამდე. მაშინ "ნაცმოძრაობა" აქტიურად მუშაობდა კულუარულად შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ ხელისუფლებაში ისინი მოდიოდნენ და მორალურად ჩამოშალეს შევარდნაძის ხელისუფლება.
"ახლაც ფსიქოლოგიური ომის თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება მეორე ტურამდე დარჩენილი ეს ერთი თვე", - მიიჩნევს ლაგაზიძე.
მისი თქმით, თუ დემორალიზაცია დაიწყო, გამორიცხული არ არის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა არა ზურაბიშვილს, არამედ ვაშაძეს მისცენ ხმა და ამის გაკონტროლება "ოცნებას" ყველაზე მეტად გაუჭირდება.
ამბობს, რომ ასევე არასანდო დასაყრდენი არიან მაჟორიტარები, რომლებსაც არჩევნების დროს ძალიან დიდი როლი აქვთ თავის ოლქებში და თუ მათაც იყნოსეს, რომ "ნაციონალები" მოდიან, შეეცდებიან, თავი არ გამოიდონ "ოცნებისათვის".
"ყველაფერს გადაწყვეტს ფსიქოლოგიური ომი და "ნაციონალებიც" ამ მიმართულებით წავლენ. არავის ეგონოს, რომ მეორე ტურს მარტო "მიშა მოდის" შიშით მოიგებენ. ამის გარდა უნდა იყოს რამე ხელშესახები ქმედება.
"მაგალითად, რამდენიმე ოდიოზური მოსამართლის წინააღმდეგ სს-ის დევნის დაწყება, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც "ოცნების" სახეზე სამარცხვინო ლაქები არიან. რამდენიმე რადიკალური ნაბიჯი აუცილებელია, სხვაგვარად ხალხი დარწმუნდება, რომ "ოცნებამ" ამოწურა რესურსი და ძლიერის მხარეს გადადგამს ნაბიჯს", - დასძენს ლაგაზიძე.