რა კავშირი აქვს „ლავას ოღლის“ დაკავებას ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიასთნ

რა კავშირი აქვს „ლავას ოღლის“ დაკავებას ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიასთნ

იმის მიუხედავად, რომ მინდია გორაის ქართველი ადვოკატები ვერ თუ არ ადასტურებენ, თურქული მედია მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ქართველი კანონიერი ქურდი დაკავებულია. გაზეთ Yeni Akit-ის ცნობით, საპოლიციო რეიდის დროს, სამართალდამცავებმა საეჭვო მანქანა გააჩერეს, რომელშიც არარეგისტრირებული იარაღი, ტყვიები და მინდია გორაძე იპოვეს. ახლა ირკვევა, რომ გორაძის დაკავებაზე მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქ კოლეგებს ცოტა ხნის წინ გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 30 იანვარს, მოლდავეთიდან დეპორტირებული გორაძე ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს და მას ბრალი "კანონიერ ქურდობაში" წაუყენეს, თუმცა ბრალის დამტკიცება ვერ მოხერხდა და საბოლოო ჯამში, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვის გამო, გორაძეს ერთწლიანი სასჯელი აკმარეს. 2017 წლის ოქტომბერში გორაძე გაათავისუფლეს და მან საქართველო პრაქტიკულად მაშინვე დატოვა, თუმცა მოგვიანებით მასზე ახალი საქმე აღიძრა და ქუთაისის სასამართლომ 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. სხვათა შორის, გორაძის საეჭვო გათავისუფლებაზე ოპოზიციამ ხმაური ატეხა, მაგრამ მითქმა-მოთქმა მალევე მიწყნარდა და "ლავას ოღლი" პრაქტიკულად ყველამ დაივიწყა. არადა, რეალურად, არაერთი მტკიცებულება არსებობდა იმისა, რომ გორაძე ნამდვილად კანონიერი ქურდი იყო, თუმცა სამართალდამცავებმა ამის დამტკიცება ვერ მოახერხეს.

„მაშინაც და ახლაც მთავარი თემა არჩევნები იყო. გორაძეს მთელი აჭარა ხელში ეჭირა და როგორც კი ხელისუფლებას გაუჭირდა, მაშინვე გარიგებაზე წავიდა. გისოსებს მიღმა მყოფი გორაძე გარიგებას დათანხმდა და 2016 წლის 8 ოქტომრბის არჩევნები მმართველმა გუნდმა აჭარაში სერიოზული უპირატესობით მოიგო. ამ ამბიდან ერთ კვირაში გორაძე გაათავისუფლეს და ის საქართველოდან წავიდა. ახლა, წინასაარჩევნოდ მას დახმარება კვლავ სთხოვეს, მაგრამ თურქეთში, ნადირ სალიფოვის, იგივე "გულუს" გარემოცვაში უსაფრთხოდ მყოფმა გორაძემ თავის შეწუხება აღარ მოინდომა. შსს-მ პირველი გაფრთხილება მაშინ მისცა, როცა აჭარაში სპეცოპერაცია ჩაატარა და "ლავას ოღლის" გარემოცვის ერთბაშად ცხრა წევრი დააკავა. როგორც ჩანს, არც ამან გაჭრა. შედეგად, ძალოვნებმა თურქ კოლეგებს მიმართეს და იმის გათვალისწინებით, რომ სალიფოვის პოზიციები თურქეთში შესუსტდა, გორაძე დააპატიმრეს" - გვეუბნება შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

სხვათა შორის, გორაძის დაკავებამდე, თურქმა სამართალდამცავებმა სალიფოვიც დააპატიმრეს. როგორც ამბობენ, ეს უკვე რუსეთის მხარის მოთხოვნით მოხდა, რადგან "გულუ" ბოლო პერიოდში დაუკრეფავში გადავიდა და იმ ბიზნესების ტერორი დაიწყო, რომელსაც უშუალოდ ხელისუფლება აკონტროლებდა. ანუ, ის დაუკავშირდა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინთან მეგობრობენ და ფულის გადახდა მათ მოთხოვა. შედეგად, ბიზნესმენებმა რუსეთის პირველ პირთან იჩივლეს, მან კი თურქ კოლეგას "გულუს" დაოკება სთხოვა.

გორაძე 23 ოქტომბერს დააკავეს, 20 ოქტომბერს კი - სალიფოვი. არადა, მანამდე სალიფოვი 10 ოქტომბერსაც დააპატიმრეს, თუმცა 18 ოქტომბერს გაათავისუფლეს. ვერ გეტყვით, რა შეიცვალა და რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ გათავისუფლებიდან ორ დღეში, მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა და "გულუ" ისევ პატიმრობაში აიყვანეს. ამჯერად ის გორაძეთან ერთად, ანკარაში, სადეპორტაციო ნაწილშია გადაყვანილი და დეპორტაციის მოლოდინშია~,-გვითხრა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა.

როგორც თურქული მედია წერს, სალიფოვის დეპორტაცია რუსეთში მოხდება, ხოლო გორაძეს საქართველოში გამოაგმზავრებენ. ასეთ შემთხვევაში, აზერბაიჯანელ კანონიერ ქურდს რუსეთში ხანგრძლივი სასამართლო პროცესი ელის, აი აჭარელი კრიმინალი კი უკვე გასამართლებულია, 12 წელი მისჯილი აქვს და შესაბამისად, მას პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანენ.

რადგან კანონიერ ქურდებზე ვსაუბრობთ, ბარემ გეტყვით, რომ 22 ოქტომბერს მოსკოვში, ერთ-ერთ ფიტნეს ცენტრში რუსეთის მოქალაქე, ვინმე ალექსანდრ ჟერზდევი დააკავეს. გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ჟერზდევი კანონიერი ქურდი, მამუკა აპაკია, იგივე"მამუკა სოხუმსკი" გახლდათ. მას აუხსნეს, რომ რუსეთში ყოფნის უფლება არ ჰქონდა, ყალბი საბუთების ქონა აპატიეს, თუმცა ფიტნესკლუბიდან აეროპორტში წაიყვანეს და უკრაინაში გაუშვეს. როგორც ამბობენ, აპაკიას ექვსი წელია აკრძალული აქვს რუსეთში ცხოვრება, თუმცა ის სწორედ რომ რუსეთში მოღვაწეობდა, ოღონდ შეცვლილი გვარით. შესაბამისად, ვარუდობენ, რომ ცოტა ხნის შემდეგ, ის სხვა გვარით ისევ რუსეთს დაუბრუნდება. სხვათა შორის, "მამუკა სოხუმსკი" ერთ-ერთი გამონაკლისია იმ იშვიათთაგან, რომლებიც ქურდები ისე გახდნენ, რომ ციხეში ერთხელაც არ მსხდარან.

რაც შეეხებათ გორაძესა და სალიფოვს, მათი ბედი წესით ამ კვირაში უნდა გაირკვეს და თუ ექსტრადირება მოხდება, ეს ქურდულ სამყაროი სერიოზულ არეულობას გამოიწვევს. შაქრო კალაშოვისა და ლაშა შუშანაშვილის დაპატიმრების ფონზე, კრიმინალური სამყაროს უპირობო ლიდერად სწორედ სალიფოვი სახელდებოდა, მაგრამ თუ მას ხანგრძლივად გამოკეტავენ, პირველობისთვის ბრძოლა ისევ დაიწყება და როგორც სალიფოვის შემთხვევაშI, არაერთ სისხლიან გარჩევას მოიტანს. აქვე ვიტყვით, რომ ძალიან მალე ცხრაწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხეს ტარიელ ონიანი დატოვებს და რა ძნელი მისახვედრია, რომ ნომერ პირველი კანონიერი ქურდის სტატუსისთვის პრეტენზია მასაც ექნება.