პრიმაბალერინა ირმა ნიორაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
,,უღრმესი მადლობა ძვირფასო მეგობრებო კომენტარებისთვის, სადაც მოღალატედ მომიხსენიებთ. არ მეგონა თუ ჩემს სამშობლოში სიტყვის თავისუფლება და ჩემი დამოუკიდებელი აზრი ასე გაგაღიზიანებდათ არჩევნებთან დაკავშირებით. დიდხანს ვფიქრობდი რა ფორმით გამეცა თქვენთვის პასუხი.
2004 წელს მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მაშინ ჩემი ხმა ნაციონალურ მოძრაობას მივეცი და პრეზიდენტ მიშა სააკაშვილის ინაუგურაციის კონცერტშიც მივიღე მონაწილეობა, ჩვენ ცნობილ კოლეგებთან ერთად. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ, რადგან გაბრწყინებული იმედის თვალებით ვუყურებდი ჩემი ქვეყნის მომავალს, სანკტ-პეტერბურგში, ჩემს ბინაში სპექტაკლისთვის ვემზადებოდი როდესაც თავზე ომონის სპეცრაზმი და მილიცია ერთად დამადგა, მე და ჩემი ოჯახის წევრები იატაკზე დაგვაწვინეს და ჩემს ტირილით გაოგნებულ კითხვაზე თუ რატომ ჩადიოდნენ ამას? მათ ასე მიპასუხეს "ეს თქვენს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰკითხეთო." თურმე პრეზიდენტის განკარგულებით ჩემს სახლში, ჩემი ქმრის ძმის ცოლის დედის ძმას ეძებდნენ, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩემი ნათესავი. დღემდე ვერ ვპოულობ პასუხს იმაზე თუ რა შუაში ვიყავი მე?
შემდეგ, მე და ჩემი მომღერალი და ჩარეცხილების შავ სიაში ჩაგვწერეს და მადლობა უფალს რომ არ დაგვაპატიმრეს, თუმცა ორივე დაგვბლოკეს და განსაკუთრებით გადაეკიდნენ ჩემი მეუღლის ბიზნეს და ღვინის ქარხანა დაუყადაღეს. ჩვენ ვიცოდით ვინ აწვეთებდა ყურში ბატონ პრეზიდენტს საშინელებებს ჩვენს ოჯახზე, მაგრამ მაშინ ხომ სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა?
2008 წლის საშინელი ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი ჯერ ინგლისში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავედით. ვერ აღგიწერთ თუ როგორი რთულია, ხელცარიელი გაიქცე სახლიდან და საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლის უფლების გარეშე, საზღვარგარეთ გადაიხვეწო და ნულიდან დაიწყო ყველაფერი.
ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ კომენტარებს, სადაც ქალბატონი ნინო ანანიაშვილის მიმართ შურში მდებენ ბრალს და ერთმანეთს უპირისპირებენ ჩვენს სახელებს. რატომ გგონიათ რომ მე და ნინოს ერთმანეთის გვშურს? ის ჩემთვის იყო და დარჩება ბალეტის ხელოვნების მეგავარსკვლავად და მისი არც პირველი გედობა და მით უმეტეს არც პირველი ლედობა შემშურდებოდა და იცით რატომ? პირველი იმიტო რომ, კარგად ვიცი რის ფასად ჯდება ჩვენი პროფესია, მეორე კი, არც ჩემით და არც ნინოთი დაწყებულა ჩემი ქვეყნის ისტორია და მადლობა უფალს, რომ არც ჩვენით დამთავრდება საქართველო.
რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე არ გამიკეთებია არც იმაზე განცხადება რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე მინდა ვნახო ჩემი ქვეყანა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები მარიხუანის ლეგალიზაციის, და თუ ჩემს მიერ არჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი ნებისმიერი სახით ავნებს ჩემს სამშობლოს, მაშინ გამოვალ და ვაღიარებ რომ მწარედ შევცდი, ისევე როგორც შევცდი 2004 წელს.
თუმცა იმაში კი მყარად ვარ დარწმუნებული, რომ მოღალატე მე კი არა, არამედ იმ პოლიტიკით მოაზროვნე ადამიანები არიან რომლებმაც 2008 წელს რუსეთს 60 კილომეტრში შავი ტანკები დააყენებინა ჩვენ თბილისთან", - წერს ნიორაძე.